თბილისის ზოოპარკში ექვსი თვის ლომის ბოკვერის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დათო თაქთაქიშვილმა განუცხადა, ექვსი თვის ბოკვერ კატოს თანდაყოლილი სიმსივნე აღმოაჩნდა თავში, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
"ბოკვერს მხედველობის პრობლემაც ჰქონდა და მას ურთულესი ოპერაცია ცნობილმა ოფთალმოლოგმა მიშა ომიაძემ გაუკეთა. თუმცა, ჩვენ ზოოპარკში დაბადებული ბოკვერის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა", - განაცხადა დათო თაქთაქიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახლახანს ტერარიუმის ვოლიერში დედალმა პითონმა 15 კვერცხი დადო და თუ კვერცხები განაყოფიერებული აღმოჩნდება, თბილისის ზოოპარკში სამი თვის შემდეგ გველის წიწილები გამოიჩეკებიან.