დავით კირვალიძე: "ეს სტატია ყველა ფერმერმა ყურადღებით წაიკითხოს"

დავით კირვალიძე: "ეს სტატია ყველა ფერმერმა ყურადღებით წაიკითხოს"

რამდენიმე დღეა, ყავარჯნით დადის, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე უქმე დღეს, 8 მარტს სამსახურში დამხვდა (და თაიგულით ქალთა დღეც მომილოცა). სანამ სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკს შევუდგებოდით, მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და იმ კოლეგებზეც ვკითხე, რომლებიც მთავრობის ბოლო სხდომაზე დაზიანებებით გამოცხადდნენ:

- 6 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ. ახლაც კვირაში ორჯერ საათ-ნახევარი ვვარჯიშობ და კუნთი დავიზიანე. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, რეინტეგრაციის მინისტრ კოტე სურგულაძეს მკლავი აქვს ამოვარდნილი და უკვე მეორე კვირაა, მკლავშეხვეული დადის, დევნილთა მინისტრ დავით დარახველიძეს თვალზე თრომბი აქვს, კახი კალაძე კი სნოუბორდიდან გადმოვარდა.

- იმედია, ყველანი გამოჯანმრთელდებით. როგორც ვიცი, 14 თებერვალს საგაზაფხულო ხვნა დაიწყო. როგორ მიდის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები?

- თოვლმა და ხშირმა წვიმამ რამდენიმე დღით შეგვაფერხა, მაგრამ ხვნა უკვე განახლდა. პარალელურად დასავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ვარიგებთ.

ეს ბარათები ორი სახისაა, ნომინალური და კომბინირებული. ჯერ კომბინირებულს ვარიგებთ, რომელსაც მიიღებს 610 ათასი კაცი, რომელიც 0,25 და 1,25 ჰა მიწას ფლობს. ამ ბარათით გლეხებს შეუძლიათ ნიადაგის დამუშავების - ხვნისა და გაფხვიერების (დადისკვის) სერვისი მიიღონ. ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით სასოფლო-სამეურნეო ბარათი 510 ლარის ეკვივალენტი გამოდის. 1 ჰა-ზე ასევე მიიღებენ 300 ლარის ეკვივალენტ ნომინალურ ბარათს ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით მოვაჭრე დარეგისტრირებულ მაღაზიაში. ვისაც აქვს 0,25 ჰა-ზე ნაკლები მიწა, სადაც ტექნიკა ვერ შედის, 100 ლარის ეკვივალენტი უნიფიცირებული ბარათები დაურიგდებათ ნედლეულის შესაძენად.

მარტო საგაზაფხულო ხვნის პროგრამა 200 მლნ ლარამდე დაჯდება და 640 ათას კაცს მოიცავს. ამ პროგრამას პრემიერის ინიციატივით შექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს, სადაც თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდისგან შემოვიდა, ნაწილი კი - ფონდ "ქართუსგან". ამ ყველაფერს სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების სააგენტო უდგას სათავეში.

- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, საქველმოქმედო ფონდში რომელმა კომპანიებმა გადარიცხეს თანხები?

- მიმდინარე კვირას ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ხელს მოაწერენ ის ბანკები და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ვინც ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და მათი ვინაობაც გამოცხადდება.

- როდესაც გამოაცხადეთ, რომ თქვენი პარტნიორები 0%-იან სესხს გაძლევდნენ, ეს ბევრმა არ დაიჯერა.

- ეს არის სუბსიდირების გარეშე აგებული სქემა, რომელიც განვადების პრინციპს ეფუძნება. ამ სქემით გაიცემა მცირე ზომის სესხები, 5 ათას ლარამდე. ეს არის 6-თვიანი სასაქონლო უპროცენტო განვადება მათთვის, ვისაც 5 ათას ლარამდე თანხა უნდა საკუთარი წარმოებისთვის ნედლეულის (ინვენტარის, სათესლე მასალის, მცენარეთა დაცვის საშუალებების) შესაძენად. ვინც ამ სესხს გააფორმებს, ფულს არ აიღებს, ისინი პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში აარჩევენ შესასყიდ პაკეტს და 6 თვის თავზე დააბრუნებენ მის ეკვივალენტურ თანხას. მაღაზიაში მიკროსაფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელი იქნება და იქვე გაუფორმებენ მსურველს უპროცენტო სასაქონლო განვადებას.

გლეხებსა და ფერმერებს ასევე შევთავაზებთ 5-დან 100 ათას ლარამდე საოპერაციო სესხს ნედლეულის შესასყიდად. ვისაც მეცხოველეობის ფერმა აქვს, შეუძლია ორწლიანი სესხი აიღოს და შეიძინოს მაკე საქონელი, მეკვერცხული ქათამი ან ღორები. ასეთი სესხის აღების დროს მიწა ბანკში იდება, მაგრამ თუ ბანკი ითხოვს, ხდება მეორადი გარანტია და ფონდი ახდენს 1/3-ის უზრუნველყოფას. ეს სესხი არ უნდა იყოს 17%-ზე მეტი, მაგრამ ფონდს ეს პროცენტი 8%-მდე ჩამოჰყავს.

- გარდა ხელმისაწვდომი სესხებისა, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მინიმუმ 60 გადამამუშავებელი საწარმო აშენდებოდა.

- მაგალითად, ადრე საქართველოში 2 სასაკლაოს ჰქონდა მუშაობის უფლება, ახლა 45-ზე მეტი მუშაობს და კიდევ მეტი გვჭირდება. გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად მსურველს შეუძლია სესხად აიღოს 1 მლნ ლარამდე (უფრო მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროექტებს საინვესტიციო ფონდი განახორციელებს). ეს არის გრძელვადიანი, 5-7-წლიანი მაქსიმუმ 15%-იანი სესხი. თუ 15%-იანი სესხი დამტკიცდა, ფონდი შედის თანადაფინანსებაში და ეს პროცენტი 3%-მდე ჩამოჰყავს. ამით მსურველი იღებს იაფ, გრძელვადიან რესურსს, მაგრამ სესხი გაიცემა მხოლოდ ბიზნესორიენტირებულ და მდგრად პროექტებზე. ისე არ იქნება, მაგარი იდეა მაქვს და ფული მომეციო. ამ პროექტებმა სოფლის მეურნეობის გრძელვადიან განვითარებას უნდა დაუდოს საფუძველი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა