დათო მაღრაძე - "ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება"

დათო მაღრაძე - "ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება"

"ხელოვანის შემოქმედებით გრაფიკს და გეოგრაფიულ მიმართულებებს ხელისუფლება არ უნდა ადგენდეს. რუსეთსა და ევროპაში ქართული კულტურის წარმოჩენა არ უნდა გვესმოდეს ისე, რომ ვიღაც უნდა "გადავრიოთ", რომ სიმღერას თან უნდა მივაყოლოთ ცხელი ხაჭაპური, გოჭი და შიგადაშიგ ჩვენი დევგმირული ისტორია წარმოვაჩინოთ. ვინმეს უნახავს, რომ იტალიელ ტენორს პიცაც შემოეთავაზებინოს ან იაპონურ თეატრს სუშიზე მიეწვია ვინმე? ახლახან საქართველოს რუსული თეატრი სტუმრობდა, მაგრამ ალექსანდრ კალიაგინს ბორშჩსა და არაყზე არავინ დაუპატიჟებია", - მითხრა პოეტმა დათო მაღრაძემ. მასთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთთან პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობის აღდგენაზე ვისაუბრე:

- ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას როგორ შეაფასებთ?

- არანაირი სურვილი არა მაქვს, სააკაშვილზე ვილაპარაკო და იმაზე მეტი ყურადღება მივაქციო, ვიდრე იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლების სათავეში იყო, მისი პირადი პრობლემები, რაც მისი ოჯახის გარეთ არ უნდა გამოსულიყო, მთელი საქართველოს პრობლემად იქცა, მაგრამ ახლა სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლების სათავეში.

ეს თემა უკვე დამთავრებულია და აღარ განიხილება, მაგრამ არსებობს საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო და ბატონი ბიძინა, როგორც ბრძენკაცს შეეფერება, ითვალისწინებს რჩევებს და პოლიტიკურ კონიუნქტურას. სააკაშვილთან საუბრებს სასიკეთო შედეგი რომ არ მოჰყვება, ეს კარგად იცის ივანიშვილმა, მაგრამ მას ქვეყნის მართვაზე, მოსახლეობის ბედ-იღბალზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ჩემსავით ემოციურად არ იმოქმედებს. მე ვენდობი ამ ადამიანს. ის სააკაშვილს შეხვდება თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, ვიცი, ჩვენი ხალხის და სამშობლოს ინტერესს დაიცავს. ხელისუფლებაში ყოფნა უსუსური ხალხისთვის არის ბედნიერება. ძალაუფლებით პატივმოყვარე ადამიანები ტკბებიან. ივანიშვილი კი სააკაშვილისგან განსხვავებით პატივმოყვარე კი არა, თავმოყვარეა. ასეთი კაცისთვის ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ პასუხისმგებლობა და ტვირთია.

ბატონ ბიძინას უნდა, რომ სააკაშვილს სახე შეუნარჩუნოს და ვფიქრობ, ამჯერად შეუძლებელს შეეჭიდა. სააკაშვილს სახე არა აქვს და როგორ შეუნარჩუნებს? თუმცა ზოგჯერ ივანიშვილი შეუძლებელს აღწევს ხოლმე და იქნებ ესეც მოახერხოს. მაგალითად, ჯერ შეუქმნას სახე და მერე შეუნარჩუნოს. როდესაც ხელისუფლებაში იყო, სააკაშვილს სისხლიანი არლეკინი ვუწოდე. ახლა მისმა დიზაინერებმა იზრუნონ მის ჩაცმულობაზე, მიხრა-მოხრასა და მანქანის ფერზე. ჩემს თვალსაწიერსა და ფიქრებში ეს ადამიანი უკვე აღარ არის, რადგან არჩევნებით გავისტუმრე. სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ცდილობენ გვეგონოს, რომ ისევ არიან. როგორც ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეები, კარგად ფლობდნენ პიარტექნოლოგიებს. ბოროტებას ისე ფუთავდნენ, რომ ხალხს ბედნიერების განცდა ჰქონოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს წასული ხელისუფლების ნარჩენები მართავენ. თავისუფალ ჟურნალისტებს ავიწროებს ბორდი, რომელსაც აგრესიული უმცირესობა მართავს. ახლა ყველა პატიოსანი ქართველის ადგილი სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი ჟურნალისტების გვერდით არის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"