დათვური სამსახური ანუ რა "გაუჩალიჩეს" მარგველაშვილს

დათვური სამსახური ანუ რა "გაუჩალიჩეს" მარგველაშვილს

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გულწრფელად გვეცოდება. კერძოდ, მას ავტორიზაციის საბჭომ სკანდალი და პრობლემა "გაუჩალიჩა", "ნაციონალებს" კი საცხრამეტაპრილოდ საჩუქარი მიართვა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭო აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს განიხილავდა, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ადვილად პროგნოზირებადი იყო. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილი ბრძანდება.

გაუთვითცნობიერებული მკითხველისთვის ავხსნით. ეს კახი ყურაშვილი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისი კომენტარების ნახვა, მოსმენა ან წაკითხვა არჩევნებამდე ხშირად შეგეძლოთ - ყურაშვილი ყოველთვის "აპრავებდა" კომისიის იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა გამოსაძიებლად რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო კომისია შეიქმნა. მარტო სიტყვით არა - სწორედ იურიდიული დეპარტამენტი აძლევდა ვითომდა კანონიერ სახეს ზემოდან დაკვეთილ გადაწყვეტილებებს.

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მარეგულირებელი კომისიის შემადგენლობის გარდა. დამეთანხმებით, რომ ძნელი საქმეა ათი ათას ლარზე მეტი ხელფასის დაკარგვა. ჰოდა, კომისიის წევრებმა მიიღეს ლოგიკური გადაწყვეტილება - ემსახურონ ახალ პატრონს. შესაბამისად, დღეს უკვე კომისია იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც ისინი მიიჩნევენ, ახალი ხელისუფლების ფავორიტი მედიასაშუალებების სასარგებლოდ. ყურაშვილი ამ გადაწყვეტილებებსაც "აპრავებს", რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა.

შესაბამისად, სავარაუდოდ, ამ ტაქტიკით მოქმედებს ყურაშვილი ავტორიზაციის საბჭოში. სხვათა შორის, ზოგადად, როდესაც პატრონისთვის სიამოვნების მინიჭებას მიჩვეული ხარ, გიყალიბდება თვისება - გამოიჩინო ინიციატივა, რათა მაგალითად, ახალმა პატრონმა ყურადღება მოგაქციოს და თავზე ხელი გადაგისვას. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ინიციატივა არ ჯდება ახალი პატრონის ინტერესში.

ავტორიზაციის საბჭომ, ყურაშვილის თამადობით, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი ინიციატივა გამოიჩინა. ალბათ, იცოდნენ, ახალი ხელისუფლებისა და კახა ბედუქიძის "ტკბილი" დამოკიდებულების ამბავი და გადაწყვიტეს, რომ მისი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებით ახალ მმართველებს ასიამოვნებდნენ.

პირიქით მოხდა და ეს კლასიკური დათვური სამსახურია. როგორც ჩანს, მარგველაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო ავტორიზაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს იმითაც დასტურდება, რომ მინისტრს შესაბამისი დოკუმენტის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. კერძოდ, დილით ამტკიცებდა, უნივერსიტეტს ავტორიზაცია კი არ გაუუქმდა, შეუჩერდაო. შემდეგ ეტყობა, სხდომის ოქმს გაეცნო და განაცხადა - დიახ, გაუუქმდა, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს და აგრარულს ხვალვე შეუძლია ავტორიზაციის აღდგენაო. თუმცა რატომღაც მარგველაშვილი ავტორიზაციის საბჭოს ამბრაზურასავით გადაეფარა - ეგენი პროფესიონალები არიან და სამსახურიდან რომ დამეთხოვა, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების პრეცედენტს შევქმნიდიო.

მოკლედ, ამ დათვურმა სამსახურმა ის გამოიწვია, რომ ახალმა ხელისუფლებამ სტუდენტთა პროტესტი მიიღო, კახა ბენდუქიძემ კი დაჩაგრულის მანტია მოირგო და სტუდენტების დამცველი გახდა (სხვათა შორის, თქვენი მონა-მორჩილი წერდა, როგორ ჩაიგდო ბენდუქიძემ ხელში კაპიკებად ყოფილი სასოფლო ინსტიტუტის ას მილიონ ლარად შეფასებული ქონება).

თუმცა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო - ნათქვამია ახალ მთავრობაზე. თუ საკადრო საკითხით სერიოზულად არ დაინტერესდნენ და დროულად არ მოიშორეს პატრონგამოცვლილი ძველი ხელისუფლების ნარჩენები, რომლებიც "ხაზეინის" გულის მოსაგებად ყველაფერზე არიან წამსვლელები, ეს მხოლოდ ჟურნალია და კინო წინ ელოდებათ.

გიორგი კვიტაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"