საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტების გარდა, აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აგრარული უნივერსიტეტი კარგ უმაღლეს განათლებას იძლევა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არ უნდა მომხდარიყო მისთვის ავტორიზაციის გაუქმება.
განათლების სამინისტროს პერიმეტრს საპატრულო პოლიცია იცავს. რამდენიმე წუთის წინ პოლიციელებმა რკინის ბარიერებიც მიიტანეს, რომლებსაც სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ.
აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.