"კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა"

"კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა"

გასულ კვირას, პოლიტპატიმარ ივა ჩიღვინაძის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ კაზინო "აჭარის" მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. კაზინოს დაყადაღებული ქონების მოხმარების უფლება აქვს, უბრალოდ, არ შეუძლია გაასხვისოს. ივა ჩიღვინაძის განცხადებით, მან კაზინოში მილიონი დოლარი ჩადო და მისი ერთ-ერთი მოწილე გახდა, მაგრამ 2009 წელს, როდესაც ბიზნესიდან პოლიტიკაში ჩაერთო, კერძოდ კი, გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა, "აჭარის" ყოფილმა მეპატრონემ თემურ უგულავამ კონტრაქტი შეუწყვიტა. ჩადებული ფული კი გაურკვეველ ანგარიშზე ჩარიცხა და ეს თანხა ჩიღვინაძეს დღემდე არ მიუღია. ივა ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის ღამეს დააკავეს და ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ჩიღვინაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის უზრუნველსაყოფად კი, ყველასთვის მოულოდნელად, კაზინოს მოძრავი ქონება დააყადაღეს. კაზინოს მოძრავი ქონების დაყადაღების შემდეგ მისმა ყოფილმა მფლობელმა თემურ უგულავამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ივა ჩიღვინაძესთან რამე ვალდებულებას ­უარყოფს. კომენტარისთვის დავუკავშირდით თემურ უგულავას, მაგრამ მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, განაცხადა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება, რადგან კაზინო გააქირავა და გვირჩია, ამჟამინდელი მფლობელისთვის, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ დავით იაკობაშვილისთვის მიგვემართა. ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელსაც საფრანგეთში დავუკავშირდით, აპირებს, "აჭარის" მოძრავი ქონების დაყადაღება სასამართლოში გაასაჩივროს.

დავით იაკობაშვილი:

- საერთოდ არ ვიცნობ ივა ჩიღვინაძეს, თემურ უგულავასაც არასდროს შევხვედრივარ. როდესაც კაზინო "აჭარა" ვიყიდე, ვიცოდი, რომ არანაირი ვალი არ ჰქონდა. კონტრაქტში გარკვევით წერია, რომ მე არ ვიღებ იმ ვალდებულებას, რომელიც კაზინოს წარსულში ჰქონდა აღებული. კაზინო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იქ 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია.

- ამბობენ, რომ კაზინო "აჭარა" თქვენ დავით კეზერაშვილის რჩევით შეიძინეთ და კაზინოს უკან სწორედ კეზერაშვილი დგას...

- დავით კეზერაშვილს ვიცნობ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კაზინო "აჭარასთან" მას შეხება არ აქვს. არც მისგან მიყიდია და არც მისი რჩევით. კეზერაშვილისგან სხვა აქტივები შევიძინე და არა - კაზინო "აჭარა".

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"