ალბათ, მხოლოდ მე არ ვფიქრობ, რომ ისტორიულ პრობლემაზე წერა გენეტიკურ ცნობიერებაზე ზეწოლას იწვევს. თუმცა სწორედ ასეთ ზეწოლას უძლებს მუდმივად ჩვენის ქვეყნის იმ ტერიტორიების მოსახლეობა, სადაც ისტორიული პრობლემები მუდმივად განახლებადია. სწორედ ამიტომაც არის საჭირო გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარება არა მხოლოდ ასეთი რეგიონების, არამედ თავად ამ რეგიონების მოსახლეობის მიმართაც, - ეს ჩემი პირადი აზრია და ვიცი, რომ ამით ახალს არაფერს ვამბობ, თუმც ახალი, რუსული პასპორტის თემით სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დაშინებამ, ამის გამეორება კიდევ ერთხელ მაიძულა.
საქმე ეხება ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის ავტორი, მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში წააწყდა რუსული პასპორტების დედანს, რომლებიც მომავალში სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას უნდა დაურიგდეს. მართალია ინფორმაციის წყარომ უცნობად დარჩენა ირჩია, მაგრამ პრობლემა მტკივნეულად ნაცნობია, - წლების წინ სწორედ ასე დაიწყო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიორიაზე რუსული პასპორტების დარიგება, რასაც ლოგიკურად მოჰყვა რუსეთის განცხადებები, რომ ის თავის მოქალაქეების ინტერესებს ნებისმიერ ტერიორიაზე დაიცავდა. შედეგად მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, რომელთა დაბრუნების ძალაც, საუბედუროდ, დიდხანს არ აღმოგვაჩნდება.
ყოველშემთხვევაში, - უახლოეს მომავალში. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვცადეთ, საიდანაც ეს ამბავი თავად მოსახლეობამ შეგვატყობინა. მათვე შეგვატყობინეს სოფელ "განძანის" ტრაფარეტის შესახებ, რომელზეც სოფლის სახელწოდების ქართულ და ინგლისურ ვარიანტებში საგანგებოდ არის ამოფხეკილი ბოლო ასო-ნიშნები.
რაიმე სიახლეს რასაკვირველია, არც ეს "ისტორიული შედევრი" შეიცავს, - სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის გარკვეული კატეგორია იმდენად არის დახელოვნებული ასეთ "შემოქმედებაში", რომ ქართული კვალის განადგურებას საუკუნოვან ტაძრებზეც ცდილობენ, - პირდაპირ თუ ვიტყვით, იბრძვიან ქართული კვალის წაშლისთვის. ჩვენ კი იმისთვის კი რომ ეს ბრძოლაც წაგებით არ დავამთავროთ, ერთადერთი შანსი გვაქვს დარჩენილი, - ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ და თანაც, დაუღალავად!