პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო კობა დავითაშვილი და სასამართლოთი კმაყოფილი სერგო რატიანი

პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო კობა დავითაშვილი და სასამართლოთი კმაყოფილი სერგო რატიანი

კობა დავითაშვილი და სერგო რატიანი ერთმანეთს კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან. "ნაციონალი" სერგო რატიანის აზრით, დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ვენეციის კომისიის დასკვნაა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, კობა დავითაშვილი კი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მოსაგვარებელი ახლა წამლის ხარისხზე კონტროლის დაწესებაა.

- რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ დაყენებული საკითხი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია?

კობა დავითაშვილი:

- წამლის ხარისხზე კონტროლის მოხსნის შედეგად ფარმაცევტული ბაზარი ფალსიფიცირებული პროდუქციითა და ე.წ. სიმილანტებით გაივსო. ფალსიფიცირებული პროდუქცია, კიდევ ჯანდაბას, ეს ჩვეულებრივი წამლებია, უბრალოდ, მოპარული სასაქონლო ნიშანი აქვთ, მაგრამ ე.წ. სიმილანტები ტექნოლოგიების დარღვევით კეთდება და ადამიანს წამლავს. ე.ი. მავანი ცდილობს ხალხს მიზანმიმართულად შეურყიოს ჯანმრთელობა. ეს ბენდუქიძის მიერ განხორციელებული გენოციდია - სწორედ მისი ინიციატივით მოიხსნა წამლის კონტროლი. ეს კაცი უტიფრად ამბობდა, წამლის ხარისხს ბაზარი დაარეგულირებსო. თურმე კაცი წამალს ერთ აფთიაქში რომ იყიდის და არ მოეწონება, მეორეში უნდა იყიდოს. კი, მაგრამ ეს კაცი გზაში რომ მოკვდეს?! როგორც ჩანს, ბენდუქიძეს ეს ფეხებზე ჰკიდია.

- ახალმა ხელისუფლებამ თუ დაგეგმა რამე, წამლის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროსგან გადამჭრელი ზომების მიღებას ველი.

- ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველებს დახმარება რატომ მოუხსნა?

- დახმარება მოეხსნათ მათ, ვისაც არ ეკუთვნოდათ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მის მიმართ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, გაასაჩივროს. პირადად მე, მზად ვარ, თითოეულ მათგანს მოვუსმინო და დავეხმარო. საზოგადოდ, ამ საქმეს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. სხვათა შორის, არ მომწონს, რომ სოციალური მუშაკების რანგში კვლავ "ნაციონალების" აქტივისტები არიან. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეგნებულად ამძაფრებენ სიტუაციას და გასაჭირში მყოფ ადამიანებს უსამართლოდ უხსნიან დახმარებას. აქ საბოტაჟის ნიშნებსაც ვხედავ.

სერგო რატიანი:

- ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომლებიც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დღემდე საკამათოდ რჩება და ჩვენს ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს. კომისია მმართველ გუნდს ცალსახად ეუბნება, რომ ხელისუფლების ცვლასთან ერთად არ უნდა შეიცვალოს სასამართლოს უზენაესი საბჭო. ეს მართლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს მუშაობის საშუალება მიეცეთ.

- ე.ი. კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს არ დატოვებს...

- არა. იმიტომ, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. ეს ძალზე დიდი მონაპოვარია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ მის შენარჩუნებას. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან წავალთ.

- თქვენი აზრით, უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში საჯარო მოხელეთა ამნისტია?

კობა დავითაშვილი:

- საჯარო მოხელეთა ამნისტია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღიარებენ და მოინანიებენ ჩადენილ დანაშაულს.

- მათი მხრიდან ბოდიშის მოხდა რა ფორმით წარმოგიდგენიათ?

- ფინანსური ამნისტიის დროს, უკანონო შემოსავლის მქონე პირს შეუძლია ყველაფერი აღიაროს და ის მიიღებს ამნისტიას, ვიდრე მისი შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდება. ეს დანერგილი პრაქტიკაა და ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. დავთქვათ გარკვეული დრო და ადამიანებს მივცეთ საშუალება, იმ დროს განაცხადონ ჩადენილი დანაშაულის შესახებ; ამის შემდეგ ვაპატიოთ, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ავუკრძალოთ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა.

სერგო რატიანი:

- ამნისტია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამნისტია - ეს არის "ქართული ოცნების" მიერ მოგონილი, სრულიად აბსურდული ტერმინი. ამნისტია არ სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას აშენებდნენ, მით უფრო - პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტისგან. მათგან ჩვენ ამნისტიას კი არა, პოლიტიკური დევნის შეჩერებას მოვითხოვთ. ამნისტია "ქართული ოცნების" ინტერესებში უფრო შედის - მათ ახლავე უნდათ, რომ მომავალში ჩასადენი დანაშაულები გამოისყიდონ.

- როგორ გგონიათ, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო?

კობა დავითაშვილი:

- მე ამის განცდა არ მაქვს. ყველაფერი ერთ ადგილზე იტკეპნება. სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დაიწყება მანამ, სანამ სასამართლო რეფორმა არ გატარდება და სასამართლოს სააკაშვილის "ჯიბის მოსამართლეები" დატოვებენ. წესით, ჩვენ ქვეყნის მართვა სასამართლო რეფორმით უნდა დაგვეწყო. ვენეციის კომისიას არ უნდა დავლოდებოდით და თავის დროზე უნდა მიგვეღო საერთო სასამართლოების კანონი. ბოლომდე უნდა "მივწოლოდით" და გაგვეტანა პროექტი, რომლის მიხედვით, თანამდებობის პირებისთვის ნაფიცი მსაჯულობა უფლება კი არ არის, არამედ - ვალდებულებაა. დამნაშავე ჩინოვნიკებს ხალხი უნდა ასამართლებდეს და არა - მათივე თანამზრახველები.

სერგო რატიანი:

- სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს დევნას. დღეს ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, შერჩევით სამართალს. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ იყო და გამოძიება არ უნდა ჩატარდეს. პრობლემები ნამდვილად იყო და გამოძიებამაც უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცივილიზებულ სახელმწიფოში გამოძიება პოლიტიკურ პროცესებს ხელს არ უშლიდეს და პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად არ იყოს გამოყენებული.

- პროკურატურის მუშაობას როგორ აფასებთ?

კობა დავითაშვილი:

- პროკურატურის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მარტო ამ უწყების ბრალი არ არის. რა უნდა ქნას პროკურატურამ, როდესაც სასამართლოში სააკაშვილის "ჯიბის მოსამართლეები" სხედან და თავიანთ "პაძელნიკებს" უპრობლემოდ უშვებენ გარეთ?! ჩემი აზრით, კრიმინალი მოსამართლეების მიმართ ლოიალობის გამოჩენა არ შეიძლება. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ ისე, როგორც რეჟიმის თანამონაწილეებმა. ისინი წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეჟიმის სადამსჯელო პოლიტიკას ატარებდნენ.

სერგო რატიანი:

- ჩემი აზრით, დღეს პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება...

- მაშინ, რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის რომელიმე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება?

- სწორედ იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენა არა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროკურატურამ გიგი უგულავას დაკავება უმიზეზოდ მოითხოვა. ამის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა. კი, ბატონო, იმუშაოს და გამოიძიოს პროკურატურამ, რამდენიც უნდა, ამას არავინ უშლის. უგულავას დაკავება ამისთვის საჭირო არ იყო. ამ ადამიანს ბრალი დამტკიცებული არ ჰქონდა და რატომ უნდა დაეკავებინათ?

- შეესაბამება თუ არა, თეა წულუკიანის დიპლომი მის თანამდებობას?

კობა დავითაშვილი:

- კი, აბსოლუტურად. "ნაციონალებმაც" იციან წულუკიანის დიპლომების ფასი, მაგრამ მაინც "ფაფხურობენ" რაღაცას. მე თუ მკითხვათ, მას შემდეგ, რაც წულუკიანმა თავისი დიპლომები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში წარმოადგინა, "ნაციონალები" ძალიან შერცხვნენ.

სერგო რატიანი:

- არავინ უარყოფს, რომ თეა წულუკიანს კარგი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ მისი დიპლომი შეუსაბამოა მის თანამდებობასთან. ის დიპლომები, რაც პირდაპირი ეთერით გვაჩვენა, მაღალი დონის ნამდვილად არის, მაგრამ კანონით დადგენილი წესით, ამ დიპლომების მფლობელს ბრალის წარდგენის უფლება არა აქვს.

- ნოემბრის შემდეგ, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის გარიგების მცდელობა თუ ყოფილა?

კობა დავითაშვილი:

- თუ გახსოვთ, ერთხელ ვთქვი, რომ თუ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის გარიგება შედგებოდა, ხალხს ყველაფერს ვეტყოდი. ვნახეთ, რომ გარიგება არ შედგა და კმაყოფილი ვარ.

- ე.ი. მცდელობა იყო...

- არ ვიცი, მე მერე პოსტფაქტუმ მოვისმინე, თუ რა მოლაპარაკება მიმდინარეობდა იმისთვის, რომ ყველასთვის ყველაფერი გვეპატიებინა. ძალიან მიხარია, რომ "ნაციონალებმა" ამაზე თავად თქვეს უარი. უფრო მეტი მოინდომეს და რასაც სთავაზობდნენ, ისიც ვეღარ მიიღეს.

- ბატონო კობა, ძალიან გაბრაზებული ჩანხართ...

- რატომ არ უნდა ვიყო გაბრაზებული? ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ, დღესაც თავიანთ პოსტებზე სხედან და მორალს გვიკითხავენ.

სერგო რატიანი:

- გარიგების შესახებ ვერაფერს გეტყვით; მე ის ვიცი, რომ ჩვენ არანაირ გარიგებაზე არ ვართ წამსვლელები.

- მაპატიეთ, მაგრამ თქვენ შორის, პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტი უნდა შეგახსენოთ.

კობა დავითაშვილი:

- რატომ ითხოვთ პატიებას? მე ეს ამბავი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მიმაჩნია, გავაკეთე ის, რასაც ვფიქრობდი და რისი გაკეთებაც მინდოდა. იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, პოლიტიკურ ბრძოლაში "ნაციონალების" ჩაშვების ინსტიტუტს რომ იყენებს. სერგო რატიანს პირველმა დავარტყი და პირველმა შევაგინე. იმასაც გეტყვით, რომ მაშინ ჩემ წინ სააკაშვილი რომ მჯდარიყო, კიდევ უფრო აქტიური ვიქნებოდი.

- მაინც რას იზამდით, სცემდით?

- შესაძლოა, არც მაგას დავჯერებულიყავი.

- ამ ინციდენტის გამო უსუფაშვილმა და ხიდაშელმა რომ გაგაკრიტიკეს, არ გეწყინათ?

- წყენა რა სალაპარაკოა?! მე ვთქვი, რომ თუ მათთვის სერგო რატიანისა და კობა დავითაშვილის განვლილი გზა ერთია, მაშინ ჩვენ ერთად არაფერი გვესაქმება-მეთქი. მათ არჩევანი გააკეთეს.

სერგო რატიანი:

- მე ამ თემასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება და ამით ამოვწურე საუბარი.

- "ნაციონალებმა" საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი ჩააყენეს საქმის კურსში იმის გამო, რომ თქვენ და ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენეს, რატომ არავინ გააპროტესტა თავის დროზე კობა დავითაშვილის ცემის ფაქტი?

- მე ვფიქრობ, რომ კობა დავითაშვილის ცემის ფაქტიც უნდა გამოიძიონ. მათ ხელშია პროკურატურა და არავინ უშლით ხელს.

- დაბოლოს, რას უნდა ველოდოთ 19 აპრილს?

კობა დავითაშვილი:

- "ნაციონალები" ქუჩაში გამოიყვანენ იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში ჰყავდათ დასაქმებულნი და მათთან ერთად სჩადიოდნენ დანაშაულს. კარგია, შეიკრიბონ, რაც მეტი ეჭვმიტანილი შეიკრიბება ერთად, აღრიცხვა გაგვიადვილდება.

სერგო რატიანი:

- 19 აპრილს ჩავატარებთ ჩვეულებრივ საპროტესტო აქციას. განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ. აქციაზე მხოლოდ "ნაციონალების" აქტივისტები კი არა, ყველა ის ადამიანი მოვა, ვისთვისაც სამშობლო და დემოკრატიული ღირებულებები მნიშვნელოვანია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა