საქართველოში ათასობით ჰექტარი დაუმუშავებელი იაფი მიწა "მაგიურად" მოქმედებს უცხოელებზე, რადგან მიწა მსოფლიოში ძალიან ძვირი ღირს. სამწუხაროდ, მიწის შეძენა საქართველოში საკმაოდ ადვილია მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში უნდა ცხოვრობდე, მიწათმოქმედის სტატუსი და შესაბამისი განათლება უნდა გქონდეს, მიწა რომ შეიძინო. ფაქტია, რომ ქართულ მიწებს უცხოელები ეუფლებიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "გარდიანიც" წერდა. ამ გაზეთიდან ბევრმა შეიტყო პენჯაბელი (შტატი ინდოეთში) ფერმერის, ტაჯინდარ სინგჰის ისტორია, რომელიც კავკასიაში მიწის სიიაფემ ჩამოიყვანა. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ თამილა გურაშვილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მიწის დამუშავება ძალიან უჭირს, ამიტომ ბევრი მათგანი იძულებული შეიქნა, მამაპაპური ნაკვეთები ჩალის ფასად გაეყიდა:
- დღეისათვის ჩვენს რაიონში 50 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა, აქედან 5 ათასი ჰექტარი ისეთია, რომელსაც ვერ დაამუშავებ. ესე იგი, სულ 45 ათასი ჰექტარი გვრჩება. ყველაზე ნაყოფიერი მიწა შირაქის ველზეა, დანარჩენი კი ტარიბანას, ალაზნის ველებზე და სხვა ადგილებში. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, დედოფლისწყაროს რაიონში უცხოელებს შესყიდული აქვთ დაახლოებით 1500 ჰექტარი მიწა, მაგრამ ეს შარშანდელი მდგომარეობით - ეს პროცესი არ შეწყვეტილა და, სავარაუდოდ, დღესდღეობით კიდევ უფრო მეტი მიწა იქნება გაყიდული. მაგალითად, სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა დღემდე უშედეგოდ დავობს 150 ჰექტარი სახნავი მიწისა და და 150 ჰექტარი საძოვრის დაბრუნებისთვის. იქაურმა გლეხებმა - სულიკო ცინცაძემ, ვაჟა ხუნდაძემ, ილო მამულაძემ და სხვებმა მეც შემომჩივლეს, რომ გაზაფხული მოვიდა და იმის გამო, რომ არა აქვთ სახნავ-სათესი მიწა, ვერაფერს აკეთებენ.
- კონკრეტულად რა პრობლემა აქვთ სამთაწყაროელებს?
- საქმე ის არის, რომ იქ მიწა იტალიელებს აქვთ შესყიდული და ახლა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, რადგან ზეთისხილის პლანტაციების გაშენება სურთ. ეს ადგილი ეკონომიკის სამინისტრომ გაუყიდა სამთაწყაროელებს და ახლა, ბუნებრივია, გლეხებს არა აქვთ უფლება, იმ მიწით ისარგებლონ, ეს კი მათ გაღიზიანებას იწვევს. სამთაწყარო ოდითგანვე განთქმული იყო მიწათმოქმედებით, მოჰყავდათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და მთელ რაიონს ამარაგებდნენ. ახლა კი სურსათს თვითონაც ყიდულობენ, რადგან წლების განმავლობაში მიწის დასამუშავებლად თანხა არ ჰყოფნიდათ. არც მიკვირს, რომ დაბალი შემოსავლისა და მაღალი გადასახადების გამო ამ ხალხს ტრადიციულ საქმიანობაზე გული აუცრუვდა. უცნაურია ისიც, რომ მიწა აღარ ეკუთვნით, მაგრამ გადასახადები 300-400-500 ლარის ოდენობით მაინც მისდით. ეს ძველი გადასახადებია თუ ახალი, ისიც არ იციან. თავის დროზე ეს ხალხი მთიანი აჭარიდან ჩამოსახლდა, ახლა ამბობენ, ჩვენ მიწის გამო ვცხოვრობდით აქ, ახლა კი არც მიწები გვაქვს და აღარც სამუშაო, რაღა გვინდაო. იყვნენ ახალ გამგებელ ირაკლი შიოლაშვილთანაც. გამგეობაში უთხრეს, განცხადება დაწერეთ და სასამართლოში შეიტანეთო, თუმცა არ სჯერათ, რომ ამ გზით რაიმეს მიაღწევენ. ეს მიწები "ნაციონალებმა" გაუყიდეს სამთაწყაროელებს და მათ კუბლაშვილის სასამართლოს რწმენა უკვე დაკარგული აქვთ. ჯერ კიდევ "ნაციონალების" დროს რაიონში გვყავდა ე.წ. მიწათმოქმედი გია აბულაშვილი, რომელიც უცხოურ ფირმებთან შუამავლობდა, დედოფლისწყაროში ეძებდა გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც უსახსრობის გამო მიწას ვერ ამუშავებდნენ, არც ტექნიკა ჰქონდათ, არც საწვავი. ასეთ მდგომარეობაში კი ბევრი იყო. ის ამ მიწებს უცხოელებზე ყიდდა. ასე მოხვდა ორიოდე წლის წინ 450 ჰექტარი მიწა ინდოელების ხელში, შირაქის ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე ნაყოფიერი მიწებია. ინდოელებმა ეს მიწები გზის პირებზე იყიდეს, სადაც დენიც არის და კომუნიკაციის საშუალებაც, მერე იქ კომპაქტურად რომ ჩასახლდნენ.
- თქვენ შეხვედრიხართ ამ ინდოელებს?
- როგორ არა. ამ ორიოდე თვის წინ დედოფლისწყაროში ათიოდე ჩალმიანი და კაბიანი ინდოელი შევნიშნე და გამოველაპარაკე. ერთ-ერთმა მითხრა, დედოფლისწყაროში ვცხოვრობთ და აქ მიწებს ვყიდულობთო. როგორც ჩანს, ეს ახალი ნაკადია, რადგან იმ ინდოელებს, რომლებმაც მიწა ორიოდე წლის წინ იყიდეს, თბილისში შპს აქვთ გახსნილი, ხალხს ქირაობენ და მერე ის დაქირავებული ხალხი ამუშავებს მიწას. სიღნაღში, მაგალითად, ძალიან ბევრი ინდოელი ცხოვრობს და ათასი კაცი კიდევ უნდა ჩამოასახლონო, ამბობენ ადგილობრივი ფერმერები. წლების განმავლობაში მიწების ნაწილს ეკონომიკის სამინისტრო ყიდდა, ნაწილს - კერძო პირები. ამიტომ ასეულობით ჰექტარი საუკეთესო მიწა უცხოელების ხელში გადავიდა.
ჩვენს რაიონში 5-6 ადამიანს აქვს შესყიდული მიწების დიდი ნაწილი, დანარჩენი მოსახლეობა კი უსახსროდ არის. მოკლედ, მიწა ხელში აქვთ ჩაგდებული "ნაციონალების" ბობოლებს და უცხოელებს.
- ინდოელების გარდა, კიდევ რა ეროვნების ხალხმა შეიძინა მიწა?
- ებრაელებსაც აქვთ მიწები ნაყიდი შირაქის ტერიტორიაზე და ტარიბანას ველზე. მათ ფირმა აქვთ გახსნილი, თავიანთი ტექნიკა ჩამოიტანეს და მიწას იმით ამუშავებენ, ხალხი კი დაქირავებული ჰყავთ, ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას ამუშავებენ, რომელსაც სხვა გზა არ აქვს. კახეთში მიწების გაყიდვა გრძელდება, რასაც თვითმხილველებიც ადასტურებენ. ქართველი კაცი იმ მიწაზე ფიჩხსაც ვერ მოტეხავს, თუ შეუშვებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ დღიურ მუშად ამუშაონ. ძალზე შემაშფოთებელია ისიც, რომ ინდოელები მარტო მიწებს კი არ ყიდულობენ, თავიანთ რელიგიასაც ავრცელებენ, ფეხით დადიან სოფლებში, მთელ რაიონში და ლიტერატურას არიგებენ. ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ თავიანთი მიწისა და რწმენისათვის და ის, რაც ჩემს მშობლიურ რაიონში ხდება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ნებისმიერი ქართველის გულში.
ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)