მარინა ბერიძე - "დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე"

მარინა ბერიძე - "დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე"

ამ ქალბატონის სიძლიერეში საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა. ამბობს, რომ ბევრჯერ ავიდა ცხოვრების კიბეზე და ისევ ჩამოვიდა. ახლა მძიმე პერიოდი აქვს. რამდენიმე თვის წინ "რუსთავი 2"-დან წამოვიდა, იმ ტელევიზიიდან, სადაც წლები გაატარა. ამას მოჰყვა არეულობა კულტურის სამინისტროში, მაგრამ მარინა ბერიძე ძველ თანამდებობას ისევ ინარჩუნებს. ამბობს, რომ ბევრს უნდა, იქ აღარ მუშაობდეს და არც ამაში ხედავს პრობლემას, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს და მალე საზოგადოებას ახალ ამპლუაში შეახსენებს თავს.

-  ქალბატონო მარინა, პირადად თქვენ რამდენად ძლიერ ქალად მიგაჩნიათ თავი?

-  მე მაინც მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი არ არსებობს. ქალი ქალად იბადება, თავისი სისუსტეებით, მაგრამ ცხოვრების გზაზე ისე აგეწყობა, რომ ან ხარ ქალი, რომელსაც განებივრებენ, გეფოფინებიან, ხელის გულზე გატარებენ, ან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება თავად გიწევს. ცხოვრება გიჩვენებს, თუ გინდა, ძლიერი ქალი იყო, პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს. გადაწყვეტილების მიღების თავი და ტვინი უნდა გქონდეს. არ უნდა გეშინოდეს. აქედან გამომდინარე, ძლიერ ქალად ცხოვრება გაყალიბებს. დამერწმუნეთ, ქალმა რამდენიც უნდა გიმტკიცოთ, რომ ამით ძალიან ბედნიერია, ტყუილია. ქალი - ქალია და რაც უნდა მაგარი ჩანდეს, ყველას სჭირდება თავზე ხელის გადასმა და იმის თქმა, შე საწყალო, რამდენს შრომობო... არსებობს კატეგორია, რომელიც ამას მალავს, მაგალითად მე. რა ვქნა, მიყვარს ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც კი თავაწეული სიარული.

-  შეგიძლიათ, ცხოვრებაში დამოუკიდებლად მიღებული პირველი გადაწყვეტილება გაიხსენოთ?

-  35 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მამა, რომელიც ძალიან მანებივრებდა და ყველა პრობლემას მიხსნიდა. კარგად ვსწავლობდი, მერე უკვე კონსერვატორიაში ვმუშაობდი. ეს იყო პირველი ყველაზე მძიმე ტრავმა ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რომ ჩემ გარშემო ვინც დავრჩით, არავინ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ყველაზე საშინელება ის იყო, მამა რომ კვდებოდა, ბოლო სიტყვები თქვა, მარინას რა ეშველებაო. ათი წლით უფროსი და მყავს, რომელიც მაშინ უკვე ფეხზე მყარად იდგა, მე მაინც ქრიალა და განებივრებული ვიყავი, მაგრამ მამის სიტყვების გამო სრული მობილიზაცია მოვახდინე და იმ დღიდან თავად დავიწყე გადაწყვეტილებების მიღება.

-  ეს იყო ბრძოლის დასაწყისი?

-  დიახ, რადგან ხელმოცარულები დავრჩით. მამა დიდი ქარხნის დირექტორი იყო. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში ინფლაცია მოხდა, არეულობა, კუპონიზაცია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ ავედი კიბეზე და ბევრჯერ ჩამოვედი.

-  თუმცა ისე ჩამოდიოდით, რომ საზოგადოების თვალში მაინც გამარჯვებული რჩებოდით...

-  ვცდილობდი, ასეთი შთაბეჭდილება დამეტოვებინა, არ მიყვარს საწყალი ადამიანის როლში ყოფნა. თუ შრომა გიყვარს და სნობი არ ხარ, ყოველთვის დადგები ფეხზე. მამას გარდაცვალების შემდეგ თვრამეტი კერძო მოსწავლე მყავდა, თან კონსერვატორიაში ვმუშაობდი და პარალელურად ავლაბარში მუსიკალურ სტუდიაში ვმუშაობდი. სახლში დავდიოდი მოსწავლეებთან, მეტროთიც დავდიოდი, როცა 35 წლამდე ყველგან მამას სამსახურის მანქანა მემსახურებოდა, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შემიქმნია.

სოლოლაკში ვცხოვრობდი და ავლაბარში სიარულისას ერთხელ საოცარი რამ გადამხდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა კარგი ტანსაცმელი. ერთ ადრიან დილას მეტროში ჩავედი და მეორე მხარეს ვიღაც ბიჭები ამოდიოდნენ. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ძალიან კარგად მეცვა და უცებ ერთი ამბობს, ბიჭო, ამას ახლა უნდა ეძინოს და ნეტავ სად მიდის ამ დილაადრიანო (იღიმება).

-  თქვენზე ამბობენ, რომ ადვილად შეგიძლიათ ადამიანის საკუთარ სიმართლეში დარწმუნება და თქვენს მხარეს გადაყვანა.

-  შემიძლია, იმიტომ, რომ იმ წუთას მართალი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ სიმართლეს ყველას პირში ვეუბნები, რაც უნდა მწარე იყოს. ვერაფრით ვერ ვიგებ, ეს რატომ სწყინთ ადამიანებს.

-  ხშირად არ უყვართ ადამიანებს სიმართლისთვის თვალის გასწორება...

-  ბევრი ტყუილი ურჩევნიათ? თუ ცუდი საქციელი ჩაიდინა, უნდა უთხრა. ცოტა გაბუქებულია ამ გადასახედიდან, რომ ძალიან ბევრი მტერი მყავს. მე ამას ვერ ვგრძნობ, ვერც ქუჩაში. დღეს ერთ რამეს მივხვდი - მტერი თუ მყავს, ის შეუმდგარი ადამიანია, რომელსაც ის აწუხებს, რომ ცხოვრების განმავლობაში ხუთჯერ თუ ექვსჯერ ჩავედი და ავედი კიბეზე. აქედან გამომდინარე, როგორც გინდა დაარქვით, ძლიერი გამოვდივარ.

-  თქვენი მტრები ყოველთვის ქალბატონები იყვნენ?

-  კაცი ნაკლებად, კაცი მაინც კაცია. იდიოტ, შტერ მტერს ჭკვიანი და გონებაგახსნილი მირჩევნია, რადგან მასთან ბრძოლა საინტერესოა. დღეს ყველაზე საშიში ამ ქვეყნისთვის შტერი ადამიანების ბრძოლაა, ისინი ყველაფერს სულელურად აკეთებენ.

-  თქვენზე ძლიერი მტერი თუ გყოლიათ?

-  (ფიქრობს) არ ვიცი, მე უხილავი მტრები მყავს. ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ თვალებში ჩახედვით ჩემთვის მტრობა არავის გამოუცხადებია. მე გამომიცხადებია... ყველაზე მხდალი ადამიანების თვისება ზურგს უკან ბრძოლაა.

-  რატომღაც მგონია, რომ მათ ინტერვიუებს, რომლებშიც თქვენზე ლაპარაკობენ, არ განიცდიდით...

-  როგორ არა, არ შეიძლება, არ განიცადო. ბევრი ტრავმა მივიღე. ახლა ბოღმიანი მტრობაა ქალაქში მოდაში. მტრობა კარგი რამეა, მაგრამ ამას ინტელექტი უნდა დაჰყვებოდეს. მე ჩემი თეორია მაქვს, ყველაზე ცუდი რამეც შეიძლება მტრობის გარეშე გაარკვიო და ურთიერთობის რაღაც ფორმა დაიტოვო.

-  გარეგნულად თქვენი განცდები არ გვინახავს, არც თავის მართლების პოზიციაში ჩამდგარხართ...

-  არასოდეს... მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ქრონიკულად თავზე ხელს უსვამს ვიღაცას. ადამიანი თუ მართალი არ არის, ეს უნდა ვთქვა. როდესაც ჟიურიში ვზივარ, უნდა ვთქვა ის, რაც მესმის. არ მიყვარს ჭორაობა, ტყუილი, ენის მიტან-მოტანა. არადა, დღეს ყველაფერი ჭორებზეა აგებული. ქრონიკულად ისმის, - მე მბლოკავდა მარინა. რას ნიშნავს, ვინ უნდა დამბლოკოს, ან როგორ... წავალ, სადარბაზოს დავალაგებ და ჩემს ოჯახს გამოვკვებავ. ტელევიზორში რომ არ გამოვჩნდე, ტრაგედიაა?.. ტრაგედია ადამიანების, ურთიერთობების დაკარგვაა. ხომ არ შეიძლება ბოლო ოცი წელი ამ რეჟიმში ვიცხოვროთ?! მოდი და ნუ გახდები ძლიერი ადამიანი. ყველა ნორმალური ქალი ყველაფერს აკეთებს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის. არანორმალური კი ფიქრობს, ვიღაცას მოჰპაროს, წაგლიჯოს და უშრომლად იშოვოს. რომ ვერ შედგა, სხვას დააბრალოს. დღესაც კი, მე, რომელიც მოდური აღარ ვარ, საკუთარ თავში ვიქექები, ყოველ ღამე ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა და არავის არ ვაბრალებ. ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება. არავის ვმოძღვრავ, უბრალოდ, პატარა აღარ ვარ და ძალიან ბევრჯერ ავედი და ჩავედი კიბეზე.

-  საქართველოში ლობისტების ინსტიტუტი დიდი ხანია მოქმედებს, თქვენ არასოდეს გყოლიათ "პატრონი"?

-  ჩემი მინუსი ის არის, რომ მე ვპატრონობ ყველას. არასოდეს მყოლია ლობისტი, მაგრამ ახლა საკუთარ თავში ვიქექები და ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ სულ მინდა ვიღაცას ვუპატრონო. შეიძლება ოჯახის წევრებს უპატრონო, მაგრამ თანამშრომელს თანამშრომელი უნდა დაარქვა, მეზობელს - მეზობელი. მე ამას ცოტა გავცდი და მინდა გითხრათ, რომ დიდი ვერაფერი მივიღე, მაგრამ იმისთვის არ მიკეთებია, რომ რამე მიმეღო.

-  შეგიძლიათ ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენოთ თქვენს ცხოვრებაში?

-  ოთხივე ხელისუფლების გამოცვლის დრო. ეს ჩემი ცხოვრების პარადოქსია. ოთხჯერ გამოიცვალა ხელისუფლება და ოთხივეჯერ მომიხდა კიბეზე ასვლა და ჩასვლა.

-  ამას "რუსთავი 2"-დან თქვენი წასვლაც დაემთხვა...

-  დიახ, ძალიან ბევრი რამ. რატომღაც ყველას მოუნდა, რომ კულტურის სამინისტროში მე ვყოფილიყავი მონსტრის როლში, თითქოს საქართველოს კულტურა დავანგრიე.

-  თუმცა თქვენ ინარჩუნებთ სამსახურს...

-  ეს ბევრს არ სიამოვნებს. არც ეს იქნება ტრაგედია, თუ ვიღაცას ძალიან უნდა ეს ადგილი. აბსოლუტურად ჩამომაშორეს ყველა მუსიკალურ პროექტს, ეს არ გაუკეთებია სახელმწიფოს, ხელისუფლებას, ეს გააკეთეს იმ პატარა ადამიანებმა, რომლებიც მიტმასნილები არიან. არასოდეს არავისიანი არ ვყოფილვარ. მე ვარ ქართველი, დედით ჩოლოყაშვილი და მამით ბერიძე და ჩემი ქართველობა მაქვს. როგორც მათემატიკაა ჩემთვის ჩინური, ისეა პოლიტიკაც. ტელევიზიით ერთმანეთს დატაკებული ორი პოლიტიკოსი მინახავს და შემდეგ რესტორანში ერთად შემხვედრიან. ამიტომ ვგრძნობ, რომ ეს არის დიდი თამაში და არ არის ჩემი საქმე. თუ სადმე ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ.

-  თქვენი გუნდი "მაესტროზე" მუშაობას თქვენ გარეშე აგრძელებს. როგორც ქალბატონმა ლანა ქუთათელაძემ მითხრა ინტერვიუში, მარინამ აღარ მოინდომა ყველაფრის ნულიდან დაწყებაო...

-  ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ეს ჩემი ამბიციაა, მაგრამ უნდა მქონდეს, მე იქ მივდივარ, ვისაც ვჭირდები. ყველა სამსახური ასე მაქვს დაწყებული. როდესაც ვგრძნობ, რომ არ ვჭირდები, იქ არასოდეს წავალ. ეს მტკივნეული თემაა ჩემთვის და არასოდეს აღარ გავეკარები კონკურსის ტიპის პროექტებს.

-  როგორ დაძლიეთ ბოლო დროს მიყენებული ტკივილი, თუ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ მხოლოდ სახლში ყოფნა გინდოდათ?

-  როგორ არ მქონია. სერიოზული დეპრესია მქონდა, უბრალოდ, არავის უგრძნია. ცხოვრებაში პირველად მქონდა ახლობელი ადამიანების იმედი, მაგრამ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მარტომ უნდა ამოვქაჩო. ძალიან რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ კიდევ ერთხელ ავალ კიბეზე.

-  "საქართველოს ვარსკვლავის" ახალი ჟიურის შეფასება მინდა გთხოვოთ - მიშა მშვილდაძე, ზაზა შენგელია და ნინი ბადურაშვილი.

-  როგორ შევაფასო, ჯერ ვნახავ (იღიმება)...

-  საზოგადოების ნაწილი მათ დასახელებას არაერთგვაროვნად შეხვდა...

-  წვალობენ... აშკარად წვალობენ.

-  დასასრულ გკითხავთ, ეთანხმებით გამოთქმას, რომ მამაკაცებს არ უყვართ ძლიერი ქალები და მათთან ერთად ვერ ცხოვრობენ?

-  დიახ, ვერ ცხოვრობენ. ძალიან დიდი უნდა იყო, რომ ეს შეირგო, ვერ ირგებენ... ერთი რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და სრულიად სხვა ამპლუაში, მაგრამ მაინც ვიტყვი ჩემს სიტყვას.

-  წლები არ გაშინებთ?

-  არა, თან ახლა წლები მოდური გახდა (იცინის). მე იმ დროს გავუძელი, როდესაც ჩემი ასაკის არავინ იყო და არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ ვიღაც მმფარველობდა. მამის სიკვდილის შემდეგ არავინ მმფარველობდა. ვაზელინი მოიკითხოს სხვამ, ეგ ჩემთან ახლოს არ არის. ჩემი ცხოვრების განმავლობაში რაც პროექტი გამიკეთებია, ვეძებ იმას, რაც არ არის, მერე ამაზე ფიქრს ვიწყებ. მუსიკა ძალიან ბევრია და ის, რაც მე მინდა, ჯერ არ ჩანს...

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"