ასმათ ტყაბლაძე: "აუცილებელი ხომ არაა გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს"

ასმათ ტყაბლაძე: "აუცილებელი ხომ არაა გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს"

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე "ჩემი ცოლის დაქალებში" მკაცრი დედამთილის როლის მორგების შემდეგ ბევრს მკაცრი ჰქონია, მაგრამ ასეთი სულაც არაა. ბევრს ბევრი რამე მიუტევა ცხოვრებაში. მხოლოდ ერთ ადამიანს, გურანდა გაბუნიას ვერ პატიობს იმას, რომ მარჯანიშვილის თეატრიდან გამოაშვებინა მის მეუღლეს.

პაპის და ბებიის საოცარი სიყვარულის ისტორია

-  მინდა, პირველ რიგში, დედაზე მიამბოთ, რომელიც, როგორც ინტერვიუმდე მითხარით, ცოტა ხნის წინ ასი წლის გახდა.

-  დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ჩემი პედაგოგი დაა. დედაც პროფესიით პედაგოგი იყო. იმ პერიოდში ერთ ინსტიტუტს დაამთავრებდი და ყველგან შეგეძლო მუშაობა. დედა ბუღალტრადაც არის ნამუშევარი და ბანკშიც იმუშავა რაღაც პერიოდი. დედა 1913 წელს ორჯონიკიძეში დაიბადა. ბაბუა ორჯონიკიძეში ცხოვრობდა. დუშეთის მხარეს მცხოვრები ხალხი უფრო ორჯონიკიძისკენ პოულობდნენ სამსახურს. ბაბუამ იქ დაამთავრა სკოლა და სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი. ჰქონდა თავისი საკუთარი რესტორანი და სამკერვალო. ბებია-ბაბუის შეუღლების ისტორია ძალიან საინტერესოა. ბებიამ ბაბუა პირველად ქორწილში ნახა, როგორ ცეკვავდა. ძალიან სიმპათიური ბაბუ მყავდა. ბებიას უთქვამს, თუ ეს ბიჭი მითხოვს, გავთხოვდები, თუ არადა - არაო. მთხოვნელები ჰყავდა, მაგრამ ბაბუას ელოდებოდა. ბაბუს თეფშზე ფეხის წვერებზე უცეკვია და ბებია ამიტომ გაგიჟდა. ბაბუას დედა კი საქართველოში ეძებდა სარძლოს. უთხრეს, ივანე ბეჟიტაშვილს კარგი გოგო ჰყავს გასათხოვარიო. მივიდა, ნახა და მოეწონა. ბებიას რომ უთხრეს, ორჯონიკიძეში უნდა წახვიდე საცხოვრებლადო, უარი თქვა, არ იცოდა, ვისზე იყო საუბარი. მერე უთქვამთ, ქორწილში თეფშზე რომ იცეკვა, იმისი დედააო და თურმე გაგიჟდა სიხარულით. ორშაბათს მნახეს, სამშაბათს ნიშანი მომიტანეს, ოთხშაბათს ჯვარი დავიწერე და ხუთშაბათს ფრენით გავყევი ცოლად ვლადიკავკაზშიო, ჰყვებოდა ხოლმე. ორი წელი უყვარდა ბებიას ქორწილში ერთხელ ნანახი კაცი და ის თავისი ფეხით მოვიდა მასთან...

უბედნიერესი ოჯახი ჰქონდათ. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დიდხანს ბედნიერად ცხოვროდნენ. მერე რაღაც არეულობა მოხდა ქართველებსა და ოსებს შორის. პაპამ და ბებიამ დატოვეს სახლი და საქართველოში წამოვიდნენ საცხოვრებლად. დუშეთში დასახლდნენ. დედამ მე და ჩემს დას რუსულიც კი გვასწავლა. მე ქართულ სკოლაში შემიყვანა, ჩემი და - რუსულში. მე ვუთხარი, არ მინდა არანაირი რუსული სკოლა-მეთქი. პატარა ბავშვი თავიდანვე საოცარი პატრიოტი ვიყავი. მომდევნო ფოტოზე ზუსტად ის პერიოდია, როცა სკოლაში შევდიოდი. ფოტო მეზობლის ბავშვებთან მაქვს გადაღებული. დედას მერე რუსული დაავიწყდა, მაგრამ ხუთი წლის წინ 95 წლის რომ გახდა, ისევ დაიწყო ამ ენაზე ლაპარაკი. რომ ვეკითხები, დედა, რუსულად რატომ გველაპარაკები-მეთქი, ამბობს, ყოველთვის რუსულად ვლაპარაკობდიო. ის პერიოდი, როცა რუსული აღარ ახსოვდა, დავიწყებული აქვს.

-  ქართული არ ახსოვს?

-  ქართულად გადასარევად ლაპარაკობს, მაგრამ რუსულად გვესაუბრება. მართალია, ასი წლისაა, მაგრამ ყველ­ას გვცნობს, შვილებს, შვი­ლიშვილებს და ძალიან ახლო ნათესავებს, რომლებიც ხშირად მოდიან ჩვენთან. ყველას ლოცავს. კეთილი და დადებითი პიროვნება იყო სულ და ახლაც ასეა. მამას მეორე ცოლი ჰყავდა. ამ ქორწინებიდან ძმა და ორი და მყავს, რომლებთანაც გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. მამასთან არ გვქონდა ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც მის მეორე ქორწინებიდან შეძენილ დედმამიშვილებთან.

-  სად დაიბადეთ?

-  დუშეთში. სკოლა თხუთმეტი წლის ასაკში დავამთავრე. პარალელურად ვსწავლობდი დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველ მუსიკალურ სკოლაში. მისი დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ყოველთვის გამორჩეული ბავშვი ვიყავი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. პირველად სცენაზე მეოთხე კლასში გამოვედი. ფოტო, თუ არ ვცდები, დაახლოებით იმ პერიოდშია გადაღებული. როდესაც სპექტაკლისთვის ბავშვები შეარჩიეს, მე არ ამირჩიეს, რადგან პატარა ვიყავი. სკოლაში არავისთვის მიჩვენებია, რომ გული დამწყდა. სახლში რომ მივედი, ბევრი ვიტირე. საახალწლო საღამოზე ძალიან მინდოდა ცეკვა. მერე დედამ სთხოვა მასწავლებელს, უკანა რიგში დააყენე და თუ არ ივარგებს, გამოუშვიო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგად მე ვცეკვავდი და მერე სოლო მომცეს. მაშინ დაიწყო ჩემი მსახიობობა. აღმოჩნდა, რომ ლექსებსაც კარგად ვკითხულობდი. მხატვრული კითხვის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამგზავნეს, სადაც პირველი ადგილი ავიღე. საჩუქრად მივიღე ოქროს საათი. მომდევნო სურათი სწორედ მაშინ გადამიღეს, რომელიც გაზეთშიც დაიბეჭდა.

-  ოქროს საათი დღე­მდე გაქვთ შენახული?

-  რა თქმა უნდა. საათი ჩემს შვილს გადავეცი. საათთან ერთად გადმომეცა დიპლომი, რომელშიც წერია, რომ მოსწავლეთა შორის საუკეთესო მხატვრული კითხვის ოსტატი ვარ. ომი რომ დამთავრდა, მეხუთე კლასში ვიყავი. სპექტაკლი იდგმებოდა ომზე და ჰიტლერის როლის შემსრულებელი ბიჭი სჭირდებოდათ. ვერავინ ნახეს, რომელიც სცენაზე გამოვიდოდა და თამამად ამოიღებდა ხმას. თან რატომღაც ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერს ქერა თმა და ცისფერი თვალები უნდა ჰქონოდა. მე მწვანე თვალები მაქვს და რადგან დიდი მკერდი არ მქონდა და თმას მოკლედ ვატარებდი, ერთმა თქვა, მოდი, ამას ჩავაცვათ ჰიტლერის ფორმაო. მეხუთეკლასელი ბიჭიც და გოგოც ერთ ხმაზე ლაპარაკობენო. ბიჭის ფორმა ჩამაცვეს და ვერავინ მიხვდა, რომ გოგო ვთამაშობდი ჰიტლერს. ძალიან ნაზი ხმა არც არასდროს მქონია. დარბაზი დაიხოცა სიცილით, მე რომ გამოვედი სცენაზე გერმანელის ფორმით. სცენარის მიხედვით, გოგონასთვის უნდა გამერტყა. განვაცხადე, ვერავის გავარტყამ-მეთქი. ფეხი დავუბაკუნე და გოგოს ისე ვუბრძანე რაღაცის გაკეთება. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი. დუშეთში მარჯანიშვილის თეატრი ხშირად ჩამოდიოდა. მათი ყველა სპექტაკლი ვნახე. ვერიკო ანჯაფარიძე მყავს ნანახი სცენაზე სპექტაკლში "ხეები ზეზეურად კვდებიან". მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. იმდენად კარგად თამაშობდნენ, რომ პატარა ბავშვს დამამახსოვრდა. ბავშვობაში ავირჩიე მსახიობობა და ბრწყინვალედ ჩავაბარე გამოცდები, ყველაფერში ხუთი მივიღე.

-  შემდეგ ფოტოზე ჯგუფელებთან ერთად ხართ?

-  ჩვენ შესანიშნავი პედაგოგი ალექსანდრე მიქელაძე გვყავდა. რომელიც ამ ფოტოზეც არის. გვერდით ძალიან ლამაზი გოგონა უზის, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მეორე მხარეს მე ვზივარ. ჩემ გვერდით ნანული სარაჯიშვილია. ჩვენი ჯგუფელი იყო გია ფერაძე, რომელიც ამ ფოტოზეა. რამდენიმე ჩვენმა ჯგუფელმა თავი დაანება მსახიობობას, მაგრამ ბევრი დავრჩით სხვადასხვა თეატრში. თეატრალური წითელ დიპლომზე დავამთავრე და მერე მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა.

როგორ დაუმეგობრდა სესილია თაყაიშვილს

-  მომდევნო ფოტო კი სესიალია თაყაიშვილთან გაქვთ გადაღებული.

-  ერთი პერიოდი ბარნოვზე სესილია თაყაიშვილის მეზობლად ვცხოვრობდი. 1969 წელს სესილია თეატრიდან წავიდა. მეზობლები რომ გავხდით, გავიცანი და საოცრად დავმეგობრდით. მე სესილიასთვის თეატრის ამბები მიმქონდა. თითქოს ხიდი ვიყავი მასა და თეატრს შორის. მე როგორც შვილი, ისე მიმიღო. დღესაც მის შვილიშვილებთან დიდი მეგობრობა მაქვს. მათთან ისე მივდივარ, როგორც ნათესავებთან. სესილია ჩემთან, დუშეთშიც მოდიოდა დასასვენებლად.

-  თეატრში შესრულებული როლებიდან რომელს გამოარჩევდით?

-  ყოველთვის სა­ხასიათო როლებს ვთა­მაშობდი. მარჯა­ნიშვილის თეატრში პირველად გურამ ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანში", ვითამაშე, სადაც თენგიზ არჩვა­ძე და მე ვიყავით პა­რტნიორები. დამწყები მს­უ­­ბუქი ქალიშვილის როლი მქონდა, მაგდა ბრ­ეგვაძე მერქვა (იცინის). ძალიან ბევრი საინტერესო როლი მაქვს ნათამაშები. სხვებივით ვერ ვპატრონობდი ჩემს თავს, რომ ჩემზე სტატიები დაეწერათ.

-  შემდეგ ფოტოზე გვიამბეთ.

-  მომდევნო ფოტო არის ფილმიდან "ნატვრის ხე". ეს ის მომენტია, შეთე რომ გამეარშიყება და მე ვეუბნები, მეხი კი დაგაყარე-მეთქი. ეს ჩემი პირველი ფილმი იყო. თენგიზ აბულაძემ მითხრა, ძალიან მაგრად ით­ამაშე, ნახე, შენზე რა ამბავი ატყდებაო. მაგრამ არ ატყდა და რა ვქნა. ერთხელ ალმა-ატაში მიმიწვიეს გადაღებაზე, სადაც ძალიან კარგი როლი მქონდა. ბრავდუგოვთან, ძალიან ნიჭიერ მსახიობთან ერთად ვთამაშობდი, მისი ცოლი ვიყავი. ერთ სცენაში ბრავდუგოვზე ვიეჭვიანე და უნდა გამერტყა, მაგრამ ეს მსახიობი ძალიან მიყვარდა და დავინდე. ბრავდუგოვმა მითხრა, ახლა ისეთ რამეებს გეტყვი, გაგაბრაზებ, ჩქარა მაგრად დამარტყიო. სურათი მაშინ გადაგვიღეს, როცა მეუბნება, გამარტყიო.

რატომ არ აქვს ქმრის ფოტოები

-  მომდევნო ფოტოზე რა ხდება?

-  იური მეჩითოვი ჩვენი თეატრის ფოტოგრაფი იყო. ყველა მსახიობის ფოტო გადაიღო, რომელიც ახლა უკვე ჩამოხსნილია თეატრიდან. ჩემი ფოტო ძალიან მოსწონებია და ჩაიხუტა სურათის გადაღების დროს. მერე მითხრა, ეს სურათი რომ გამოვაჩინო, ხომ არ გეწყინებაო. ვუთხარი, პი­რიქით, გამიხარდება-მეთქი. სურათი დიდი სიამოვნებით მაქვს შენახული.

-  თქვენს ალბომში ძალიან ბევრი ფოტოა სოფიკო ჭიაურელთან ერთად გადაღებული.

-  ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო სოფიკო. ეს ფოტო სპექტაკლ "მადამ სანჟენზეა" გადაღებული. სპექტაკლში მადამი სოფიკო იყო და მე მის მოსამსახურეს ვთამაშობდი.

-  როგორც ვიცი, ქალიშვილი გყავთ.

-  მყავს ერთი შვილი, თამარ ტყაბლაძე, საოცრად კარგი სიძე და კარგი შვილიშვილი ბარბარე. მომდევნო ფოტოებზე სწორედ ისინი არიან.

-  ალბომში, სამწუხაროდ, არ გაქვთ მეუღლის ფოტო, და შვილიც ტყაბლაძე ყოფილა.

-  არ მოიძებნება ჩემს ალბომში ჩემი ყოფილი მეუღლის ფოტო და შვილიც ჩემს გვარზე მყავს, იმიტომ რომ მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ ჩემი შვილისთვის, ვიდრე მამამისი. ხდება ცხოვრებაში ასეც, რომ შვილისთვის დედა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამა. მე არ გამჭირვებია ჩემი ქალიშვილის გაზრდა. კარგი შვილი მყავს. თავისი დედიკო უყვარს და ძალიან განათლებულია. ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი შვილისთვის კარგი განათლება მიმეცა. არ მინდოდა, მსახიობი რომ ყოფილიყო და არც თავად მოისურვა. მინდოდა, ტელეჟურნალისტი ყოფილიყო. კარგი გარეგნობა აქვს და ნაკითხი გოგონაა. კარგად იცის გერმანული, ინგლისური, რუსული და იტალიური.

-  მეუღლესთან დაშორების მერე უსიყვარულოდ ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

-  როგორ გეკადრებათ, უსიყვარულოდ არ მიცხოვრია. ჩემ გარშემო ბევრი მამაკაცი იყო, ვისაც ძალიან მოვწონდი.

-  თქვენ არც ერთი არ შეგიყვარდათ?

-  როგორ არ მიყვარდა. თეატრშიც იყვნენ ისეთები, ვინც მიყვარდა და თეატრის გარეთაც. სანამ თამარის მამას შევხვდებოდი, ერთი ბიჭი ძალიან მიყვარდა, რომელიც ავარიაში დაიღუპა და მერე ძალიან დიდი ხანი არავინ მყვარებია. ის 1972 წელს გარდაიცვალა. თამარი 1988 წელს დაიბადა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ თეატრში ბევრს მოვწონდი, მაგრამ სულ ცოლიან კაცებს ვუყვარდებოდი და არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმესთვის ოჯახი დამენგრია. ასეთი საქციელი ჩემთვის გამორიცხული იყო. დედა და მამა დაშორებულები იყვნენ და ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა. არადა, რატომღაც სულ ცოლშვილიან კაცებს მოვწონდი. არასდროს არ წამირთმევია ვინმესთვის არც ქმარი, არც საგანი და არც ნივთი.

-  ნანობთ რამეს?

-  არა. ისეთი კარგი შვილი და შვილიშვილი მყავს, რომ არაფერს არ ვნანობ. აუცილებელი ხომ არაა 17-დან 97 წლამდე გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს. სანანებელი ცხოვრებაში არაფერი არაა. ის პერიოდი, როცა შეყვარებული ვიყავი, ხომ კარგად ვგრძნობდი თავს.

- მარჯანიშვილის თეატრიდან თქვენ წამოსვლაზე გვიამბეთ.

-  მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ოთარ მეღვინეთუხუცესი დაინიშნა და მსახიობების გაშვება მოინდომა თეატრიდან. ამის გამო მასთან კონფლიქტი მქონდა და მეც იმ მსახიობებს მიმაყოლა. იმ პერიოდში ძალიან კარგ მთავარ როლებს ვთამაშობდი. თეატრიდან წამოსვლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო.

-  მეგონა, გურანდა გაბუნიაზე ინტერვიუს დასაწყისში ხუმრობით თქვით, რომ ძალიან ნაწყენი ხართ.

-  არა, მთელი გულით ვთქვი. თეატრიდან გამოშვება ჩემთვის უფრო დიდი ტკივილი იყო, ვიდრე რომელიმე სიყვარულის დაკარგვა. იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული თეატრია. თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარჯანიშვილის თეატრიდან გამომიშვეს და დღემდე ვამბობ, ჩვენთან, თეატრში-მეთქი. თუმცა ბოლო ორი წელია, როლები მაქვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარ როლს ვითამაშებ თუ ეპიზოდურს. მთავარია, მაყურებელმა დამიმახსოვროს. მაგრამ თეატრი მაინც დიდი ტრავმაა. ოთარ მეღვინეთუხუცესს, ისევე როგორც მის ცოლს, ვერასდროს ვაპატიებ იმ ცოდვას, რაც მან ჩემი და სხვა მსახიობების წინაშე ჩაიდინა. მე მათ სიტყვითაც კი ვერ ვაპატიებ. როგორც ჩანს, ასეთი ხასიათი მაქვს. ღმერთმა აპატიოს. არც ჩემი როლები უთამაშია გურანდას. ყველაფერი ეს იმიტომ მოხდა, რომ გურანდა დედოფალი გამხდარიყო. ვერასდროს ვერ გახდება გურანდა დედოფალი. ადამიანებზე მათი მანერები ლაპარაკობენ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"