მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ონიშჩენკოს ჩინოვნიკების წინაშე დაფორთხავდე"

მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ონიშჩენკოს ჩინოვნიკების წინაშე დაფორთხავდე"

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას სთავაზობს, ევროპას ერთი საერთო კონცეფციით ესაუბრონ. მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის მისამართით მინისტრთა კაბინეტის მემორანდუმს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. სააკაშვილმა მთავრობას ერთიანი მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, არ შეიძლება ევროპარლამენტარებს ასეთი წერილებით ესაუბრო.

"მთელი წერილი გაჯერებულია ასეთი ტყუილებით. სამწუხაროდ, ტყუილი ჩვენი კომუნიკაციის, სამთავრობო კომუნიკაციის სტილად გადაიქცა. არ შეიძლება ასეთი წერილებით საუბარი ევროპის მთავარ პარტიებთან. არ შეიძლება ის, რომ ელაქუცო კარასინს და საშინელი რამ უწოდო ევროპარლამენტის ლიდერებს. არ შეიძლება, რომ მერკელის, სარკოზის, ბაროზოს პარტიებს უხეშად ლანძღავდე და ამავე დროს დაფორთხავდე ონიშჩენკოს მიერ გამოგზავნილი რუსი ჩინოვნიკების წინაშე. მე მინდა საქართველოს მთავრობას შევთავაზო, რომ ასე კი არ ვსაუბრობდეთ ეპისტოლარულ ჟანრში და წერილის პასუხის პასუხი ვწეროთ, როგორც ძველ დროში იყო ხოლმე, დავჯდეთ ერთად და შევიმუშაოთ სერიოზული კონცეფცია, ერთი ხმით ველაპარაკოთ ევროპას. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ერთ ფასეულობაზე დგომას, რომელსაც ეფუძნება ევროპული არჩევანი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტარებისთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი წერილიდან ზოგიერთი დებულების ციტირება მოახდინა. კერძოდ, წერილში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტისთვის პარლამენტს სიტყვით გამოსვლა არ აუკრძალავს და გამოსვლის თარიღი შეთანხმებული არც ყოფილა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი გამოსვლის თარიღი ცნობილი იყო და შეთანხმებული, პროცედურაც შეთანხმებული იყო და მთავრობა ამით ღიად იტყუება.

სააკაშვილის თქმით, წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს სჩვევია დაგვიანებით გამოცხადება ან საერთოდ არ გამოცხადება წინასწარ შეთანხმებულ გამოსვლებზე, რაც მიუთითებს, რომ იგი პარლამენტს საკმარისად პასუხს არ სცემს. პრეზიდენტის განმარტებით, მას ბოლო 9 წლის განმავლობაში ათობით ათას შეხვედრა ჰქონია და "როგორც წესი, უპატივცემულობა და გამოუცხადებლობა არ სჩვევია".

მიხეილ სააკაშვილმა წაიკითხა კიდევ ერთი ციტატა, რომ პრეზიდენტისთვის სასახლეში გამოკეტვა არავის უბრძანებია და რომ თუ რაიმე დადგმული და მოწყობილი იყო, იგი "ნაცმოძრაობამ" დაგეგმა. "ერთი თვის წინ თქვენ ნახეთ სამთავრობო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი უნდა დარჩეს სასახლეში და იქ მივაწვდით საკვებსა და წყალს. თქვენ ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლები, რომ პრეზიდენტის ყველა გამოსვლა სასახლიდან არის პროვოკაცია და ჯობია იგი დარჩენილიყო სასახლეში. მე ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ მთელი წერილი გაჯერებულია ასეთი ტყუილებით", - დასძინა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა