ფადისა და იას გზები გაიყარა

ფადისა და იას გზები გაიყარა

ბიზნესმენ ფადი ასლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ქართველი საზოგადოება მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია. მართალია, პირველ ქორწინებასა და ლიბანურ ოჯახზე საჯაროდ ძალზე იშვიათად საუბრობს, მაგრამ თავისი შვილებისა და ია ფარულავასთან დაშორების შესახებ პირველად, "გზის" მკითხველს მოუთხრობს.

- ბატონო ფადი, გვიამბეთ, თქვენი შვილების შესახებ, ამჟამად სად ცხოვრობენ ისინი და რას საქმიანობენ?

- მე 3 შვილი მყავს - ერთი ვაჟი და 2 ქალიშვილი. ოსკარი 22 წლისაა, ოდრი - 21, კიმი კი - 17-ის. სამივე ლიბანში ცხოვრობს. წელს ოსკარი სამოქალაქო საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებს და ფინანსურ სფეროში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლას ლონდონში გააგრძელებს. ოდრის ერთი სასწავლო წელი დარჩა და უნივერსიტეტს ინტერიერის დიზაინერის სპეციალობით დაასრულებს, კიმი კი სკოლის ბოლო კლასს ამთავრებს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან? ხშირად ჩამოდიან სტუმრად საქართველოში?

- დიახ. ჩემს შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ. ისინი ყველა საიდუმლოს მანდობენ და მეც ყველაფერს ვუყვები ჩემ შესახებ. ადამიანები ყოველთვის გაოცებული რჩებიან, როცა იგებენ, თუ რამდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან და როგორი საოცარი მეგობრობა გვაკავშირებს.

- მოსწონთ საქართველო? მათაც ხომ არ უფიქრიათ აქ დარჩენაზე?

- საქართველო სამივეს ძალიან უყვარს და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, ყოველთვის ჩამოდიან, თუნდაც 3-4 დღით მაინც. აღსანიშნავია, რომ ისინიც ჩემსავით, საქართველოს მოქალაქეებად იქცნენ, რითიც ძალიან ამაყობენ! უნდა უსმინოთ, როგორ ტრაბახობენ თავიანთ მეგობრებთან იმ ფაქტით, რომ ქართველები არიან!

- როგორც ადრე ინტერვიუში აღნიშნეთ, მშობლები საკმაოდ მკაცრად გზრდიდნენ. თქვენ როგორ აღზარდეთ შვილები? ასეთივე მკაცრი მამა ხართ თუ უფრო ლმობიერი?

- მართალი ბრძანდებით, ჩემი მშობლები მკაცრები იყვნენ. მე განსხვავებული მეთოდებით აღვზარდე ჩემი შვილები და სხვანაირი ცოდნა მივეცი, რომელიც დიალოგსა და მსჯელობას ეფუძნება და მეტად დამაჯერებელია, ვიდრე წესები და ინსტრუქციები. ამ მეთოდმა გაამართლა! მე მჯერა დიალოგის, პრობლემებზე გახსნილი საუბრის: შვილები დაგიჯერებენ არა იმიტომ, რომ ეშინიათ შენი, არამედ იმიტომ, რომ ენდობი და მართალი ხარ მათთან.

- როგორ ფიქრობთ - თქვენი შვილებიდან რომელი უფრო გგავთ ხასიათით, თვისებებით?

- ვფიქრობ, სამივეს აქვს ჩემი რაღაც თვისება, მაგრამ რომელიმე რომ ზუსტად მგავდეს - ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ვფიქრობ, რომ ხასიათით, ოდრი მაინც ძალიან მგავს.

- რომელიმე ბიზნესმენობას ხომ არ აპირებს? თქვენთან ერთად ამ დიდ საქმეში ჩაებმებიან?

- დიახ, სამივე გეგმავს ბიზნესში მუშაობას, როგორც კი სწავლას დაამთავრებენ. ოსკარი და ოდრი ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ჩემს ბიზნესთან და ისინი ყველაფერში ერკვევიან, ზოგიერთ კომპანიაში მეწილენიც კი არიან და ზოგჯერ ისეთ კითხვებს სვამენ, რომელიც აუდიტორმა არ უნდა დასვას, მაგრამ მე ეს მომწონს. როცა ვინმე ძალიან ღრმად იჭრება დეტალებში, ეს ნიშნავს, რომ პიროვნება წარმატებული იქნება, იმიტომ, რომ "ეშმაკი" ყოველთვის დეტალებში იმალება.

- თქვენი ბიზნესი საქართველოში საკმაოდ წარმატებულია. ჰოლდინგში ბევრი ქართველი გყავთ დასაქმებული?

- დაახლოებით 130 ქართველი მუშაკი გვყავს ჩაბმული სხვადასხვა სახის აქტივობაში და ბევრი მათგანი მთელი ამ 13 წლის მანძილზე ჩვენთან ერთადაა, ერთი დიდი ოჯახი ვართ.

- რამდენად შრომისმოყვარე და ერთგული თანამშრომლები არიან ქართველები?

- ისინი ძალისხმევას არ იშურებენ საქმისათვის, ძალიან თავდადებულები არიან და ზოგჯერ, როცა გვიან ღამით ოფისთან მანქანით გამივლია, სინათლე ჯერ კიდევ ანთებული დამინახავს, კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას. ეს დასაფასებელია.

- ქალბატონ იასთან თქვენს ურთიერთობაზე რას გვეტყვით? გავიგე, ერთმანეთს დაშორებიხართ. ეს სიმართლეა?

- დიახ. ჩვენ დაახლოებით 3 თვის წინ გავიყარეთ და ეს ორივეს გადაწყვეტილებით მოხდა. თუმცა კარგ მეგობრებად დავრჩით და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.

- თუ საიდუმლო არ არის, რა იყო თქვენი გაყრის მიზეზი?

- აღსანიშნავია, რომ ჩვენ 5 წლის მანძილზე პარტნიორები ვიყავით და დაცილება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ იამ ცხოვრება უნდა გააგრძელოს. მე შვილები მყავს, მას თავისი ოჯახი უნდა ჰქონდეს, კარიერასა და მომავალზეა ორიენტირებული... ია ძალიან კარგი პიროვნებაა და ყველა შესაძლო წარმატებას იმსახურებს. ჩემი მხრიდან, ყოველთვის ვეცდები, დავეხმარო და სასარგებლო რჩევებიც მივცე.

- ახლა რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი გეგმები ისევ და ისევ საქართველოში ბიზნესის გაფართოებას უკავშირდება. ამჟამად 2 ახალ დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელსაც უახლოეს თვეებში დავასრულებთ. რაც შეეხება გულს - ამ მხრივ, ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. მჯერა ბედისწერის!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"