თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო

თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო

ალვანში არ ყოფილხართ? მაშინ, გუდის ყველის ჩათვლით, ძალიანაც ბევრი დაგიკარგავთ! მას ერთადერთს რაღაცნაირად ჩვენი მთისა და მიწის შერეული გემო დაჰკრავს! თუშური ცხვარიც მხოლოდ ქართულია, თავისი პატრონი ხალხივით, კაციშვილმა რომ ვერ გადააჯიშა. ეგეც დროდადრო პატრონივით შეცოტავდებოდა და მერე ისევ მრავლდებოდა.

რეზო ორბეთიშვილი ალვანელია. ალვანში ერთად ვიარეთ - ის რომ ერთ ნაბიჯს გადადგამდა, მე ორით ძლივს ვეწეოდი და ვეხვეწებოდი, - მარტო ვივლი, რასაც მინდა, იმას ვნახავ და რაზეც მინდა, იმაზე დავწერ-მეთქი. მერე ვინ გიშლის, მაგრამ სტუმარს მარტო ვერ გაგიშვებ, თუშებს სირცხვილს ვერ ვაჭმევო! ბოლოს დამიყოლია - "თუში ხარ, მიტომ კარგი ხარ-მეთქი"? კარგები რომ არ ვყოფილიყავით, კახეთის მეფე ლევანი XVI საუკუნეში საზაფხულო საძოვრებად ალვანის ველს ხომ არ გვაჩუქებდაო! მერე, თქვენც ადექით და დედაბუდიანად აქეთ ჩამოსახლდით-მეთქი? ეეო, - ხელს იქნევს, - საქართველოს როდის ედგა კარგი დღე, სამაგიეროდ, მეფე ერეკლე სულ ჩვენი გაჭედილი ხმლებითა და ჩვენთან ერთად იბრძოდაო.

თავს ვუქნევ და ცოტა სევდა მერევა. მაგრამ ის: - კარგი რა, ეგ ხომ ეგრე დაგვიწერა ქართველებს განგებამ, - ვაი თქვენი ბრალი, თუ არ იომებთ და მონები გახდებითო. კისერზე უღელს სიკვდილი არა სჯობია?.. აბა, წამოდი, რა უნდა განახოო და გზის პირას ხავსმოკიდებულ წარწერებიან ქვას მიჩვენებს.

- საფლავის ქვას ჰგავს, გზის პირზე გყავთ ვინმე დაკრძალული?!

- ამას ალვანელები თავისუფლების ქვას ვეძახით. ერთი ვაჟკაცი გვყავდა, ალექსა ჭყოპიშვილი, დიდი ცხვარ-ძროხის პატრონი და ალვანის მოამაგე. ბოლშევიკებმა - ეგ ცხვარ-ძროხა ახლა კოლექტივისააო, გაუღეს ფარეხ-ბოსლები და წაასხეს. ალექსა შინ არ ყოფილა. გზაზე კი თავის საფერხე ცხენზე გადამჯდარი კოლმეურნეობის თავმჯდომარე დაუნახავს და იქვე გასკდომია გული. სოფელმაც იმ ადგილას დადგა ქვა, სადაც ალექსა დავარდა. ანუ იმის ნიშნად, რომ სოფლის თვალში ბეჩავად დარჩომას სიკვდილი სჯობიაო. აი, ეგა ვართ თუშები! ეგ ბიჭებიც ეგეთები დაგვეზრდებიან, ეგე, სკამზე რომ სხედან, - მეუბნება რეზო და მზის გულზე ჩამომსხდარ ბიჭებს მიჩვენებს. მერე კი,: - წამო გაიოზა პაპას ვესტუმროთო და ვირიანი ეზოსკენ მივყავარ.

რას არ წავყვები! ვირია, მაგრამ რა ვირი, კისერი ყვავილებით აქვს მორთული, გვერდზეც რაღაცა წითელი ჰკიდია. იქვე "ტაჩკა" დგას. ზედ ბიჭები კრამიტს აწყობენ, პაპა კი ვირს დასტრიალებს.

- კარგი გამარჯობა, გაიოზა პაპა! - დასძახის ჩემი თანამგზავრი.

- გაგიმარჯოს... კაცო, რეზო არა ხარ შენა?!

- მე ვარ, მე!.. საით გაგიწევია მაგ შენი კაპლოთი?! კაცო, ეგ ყვავილები კიდევ ჰო, მაგრამა "ატრაჟატელი" დღისით რაღა საჭიროა, ბარემ დაღამებისას გაგეკეთებინა!

- ეკეთოს, რა, გვარსა მთხოვს თუ სახელს? - გაიოზა პაპა კაპლოს კისერზე უსვამს ხელს, - ეს "ატრაჟატელი" რო არა მქონდეს, რა ვიცი, ღამით ვინ გადარეული დამეჯახება, ღამე შუქს ირეკლავს და შინ მშვიდობით ვბრუნდებით.

- აბა, თქვენი კაპლო ყოფილა, თუ ყოფილა, თუ ღამითაც მუშაობს?

- რატო დილამდისაც არა! ეგა ჩემი ოჯახის მთავარი გამწევია. მარჩენალი კიდევ ცხვარია ათადან და ბაბადან. მაგას თუში ვერ შეელევა, ჭურჭელი სად იყო შექმნილი, თუშმა რო ხის კასრი გამოთალა და შიგ ცხვარი მოწველა, - მეც მაგ ხის კასრში ვწველიდი ჯეილობაში, უკანა ფეხებიდან მივუდგამდი. შვილიშვილებსაც ეგრე ვასწავლე წველა, - აბა, უჩვენე, შვილო, როგორა! - გაიოზა პაპამ შვილიშვილს ხელის უქნევს. ისიც ხის კასრს ფეხებთან იგდებს...

ცოტა ხანში გზაზე ფარაც გამოჩნდება. - ჩვენს ცხვარს რომ მატყლი აქვს, მსოფლიოში მაგნაირი არც ერთ ცხვარს არ აქვს! - დაბეჯითებით მიხსნის ჩემი თანამგზავრი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"