80 წლის ზუგდიდელი მეწარმე - "არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!"

80 წლის ზუგდიდელი მეწარმე - "არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!"

როლანდ ახალაია ყველას აყაჩაღებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მათ შორის ვიყავი მეც, - ამბობს 80 წელს მიტანებული ზუგდიდელი მეწარმე ნაპოლეონ გაბისონია, რომელიც 5 წელი და 11 თვე იხდიდა სასჯელს, როგორც თვითონ ამბობს, შეთითხნილი ბრალდებით. ახალაიასთან სამართლებრივ ბრძოლას შეეწირა გაბისონიას ადვოკატი ჯონი ზარანდიაც, რომელმაც 4 წელი გაატარა ციხეში. ზუგდიდის ცენტრში მდებარე, ერთ დროს მძლავრი საწარმო "ზუგდიდსოფლტექნიკა", რომელიც ამ დავიდარაბის მიზეზი შეიქნა, დღეს გაძარცულია და მისგან ცარიელი კედლებიღაა დარჩენილი...

მებრძოლი ჭკადუა, ადვოკატი: - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, 72 წლის ნაპოლეონ გაბისონიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10 000 ლარი შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სს საქმეთა პალატაში და ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, მას საბოლოოდ, სასჯელის ზომად 15,6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 ათასი ლარის გადახდა განესაზღვრა. გაბისონიას ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სხვისი ქონების მითვისებასა და გადასახადის გადამალვაში დასდეს.

ნაპოლეონ გაბისონიამ 1996 წელს მურთაზ ფაცაციასა და სხვა აქციონერებთან ერთად ზუგდიდში შეისყიდა სააქციო საზოგადოება "სოფლტექნიკა" (თანხა აღებული ჰქონდა კრედიტისა და სესხის სახით), რომელიც, უმძლავრესი საწარმო იყო დასავლეთ საქართველოში. ის ძირითადად აწარმოებდა სანერგე, სატყეო და სხვა მეურნეობებიდან ხეტყის შესყიდვას, მის დამუშავებასა და რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზარზე. საწარმოს წარმატებული საქმიანობა თვალში არ მოსდიოდა ხელისუფლების წარმომადგენელ როლანდ ახალაიას და მისი ხელში ჩაგდება განიზრახა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ზუგდიდის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების ხელშეწყობით მოახერხა. ფაცაციასა და გაბისონიას მიმართ საქმე არაობიექტურად და კანონდარღვევებით მიმდინარეობდა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ისინი თავიდან უნდა მოეშორებინათ. ამის ერთ-ერთი საშუალება მისი დაპატიმრება იყო, რაც შესრულდა კიდეც შეთითხნილი ბრალდებებით - თითქოსდა, საწარმოში იქმნებოდა ყალბი შემოსავალ-გასავლის ფაქტურები. პროკურატურამ გადაიბირა მთავარი ბუღალტერი თემურ ხაზალია, რომელმაც გადამალა დოკუმენტები, შეადგინეს ექსპერტიზის ყალბი დასკვნები, შემოწმების ყალბი აქტები, არ ჩაატარეს ინვენტარიზაცია, ხელოვნურად გაზარდეს მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები და ა.შ. ხაზალია ჯერ დააკავეს, შემდეგ მასთან გააფორმეს საპროცესო გარიგება, შეუფარდეს 2 წელი და 5 000 ლარი ჯარიმა, არადა, მის მიმართ წაყენებული ბრალდება 22 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. გაბისონიასა და ფაცაციას დაპატიმრებისთანავე დააყადაღეს სააქციო საზოგადოების ქონება. ქონების მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაციის შედეგად, პირველ რიგში, უნდა გასტუმრებულიყო საბანკო დავალიანებები, სესხები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოების კუთვნილი ქონება - ტექნიკური საშუალებები, ინვენტარი, მზა სამშენებლო მასალა და დანადგარები - დაიტაცეს და გაყიდეს.

ყველაფერი როლანდ ახალაიას და მისი ნათესავების ხელდასხმით მოხდა. საწარმოს ქონება კი დაახლოებით, მილიონ დოლარი იყო. გაბისონიას საქმეს შეეწირა მისივე ადვოკატი ჯონი ზარანდიაც, რომელმაც ამხილა როლანდ ახალაია. ზარანდია გაბისონიას დაკავებიდან 3 წლის შემდეგ დააპატიმრეს, 210-ე მუხლით გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. ახალაიამ ღიად ვეღარ მოახერხა საწარმოს დასაკუთრება, რადგან ეს ამბავი გახმაურდა, ამიტომაც მან და მისმა ნათესავებმა ააოხრეს იქაურობა.

ნაპოლეონ გაბისონია ამასობაში მიმართავდა სხვადასხვა ინსტანციას, თუმცა ამ ხნის კაცს შეწყალება არასდროს მოუთხოვია. იგი პატიმრობიდან 2013 წლის 1 მარტს პირობით გაათავისუფლეს.

ნაპოლეონ გაბისონია: - თითქმის 6 წელი გავატარე უკანონო პატიმრობაში. ბოლო 4 წელი რუსთავის #17 დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს. ჩემი ასაკისა ციხეში არავინ იყო, ყველა პატივს მცემდა, თუმცა აუტანელი პირობები და ჯოჯოხეთი ვნახე. 28 კაცი ვიყავით 40 კვმ ფართობის საკანში. სრულიად უდანაშაულო ვარ. სამართალი რომ ყოფილიყო, მე პატიმრობა კი არა, გმირობა მეკუთვნოდა. იმ ურთულეს პერიოდში, როდესაც ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია იყო, როდესაც არც ერთი საწარმო არ მუშაობდა, მოვიყვანე ინვესტორები, ავამუშავე ხეტყის გადამმუშავებელი ქარხანა, დავასაქმე 160 კაცი, 1997 წლიდან საათივით მქონდა ბიზნესი აწყობილი... ჩემი დაკავების დღიდან კი საწარმოს აღარ უმუშავია, ყველაფერი განადგურებულია. ასეთი ვანდალობა ფაშისტებს არ ჩაუდენიათ. ეს ყველაფერი როლანდ ახალაიას ხელმძღვანელობით ხდებოდა. მე მისი პირადი პატიმარი ვიყავი.

- ახლა რა მდგომარეობაშია საწარმო და თუ არსებობს მისი ფეხზე დაყენების შანსი?

- ყველაფერი გაჩანაგებულია. ახალაიას ნათესავებმა და მეგობარმა ყველაფერი გაყიდეს. ვაპირებ საჩივრის შეტანას როლანდ ახალაიას წინააღმდეგ. საწარმოს გირაოდ სახლი ჩავდე, ახალაიამ კი საწარმოში ბანკი არ შეუშვა, გირაოში ჩადებული საქონელი რომ გაეყიდათ. ორი წელია, ბანკმა სახლი ჩამოართვა ჩემს ოჯახს. საწარმოს მთლიანი ზარალი, სულ მცირე, 800 000 დოლარია. მოვითხოვ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!

მურთაზ ფაცაცია, "ზუგდიდსოფლტექნიკის" დირექტორი: - სამი წელი მოვიხადე. მივიღე ინსულტი და 2010 წლის დასაწყისში, როგორც კი გამოვედი ციხიდან, ინფარქტი დამემართა. იქ რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად მოვკვდებოდი. ნერვიულობის გამო უკიდურესად შემერყა ჯანმრთელობა და დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. იმხანად, როცა სააქციო საზოგადოება "ზუგდიდსოფლტექნიკა" ჩამოვაყალიბეთ, დიდი რაოდენობით ნედლეული გადიოდა საქართველოდან. ჩვენ მოვიზიდეთ თურქეთიდან ინვესტიციები, ადგილზე დავიწყეთ მორების დამუშავება, შევიძინეთ უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარები... აი, ამის შემდეგ დაადგეს თვალი ორგანიზაციას, რადგან მას ზუგდიდის ცენტრში 4 ჰა მიწა ჰქონდა. ყოველწლიურად 200 - 300 ათასი ლარით ვავსებდით სახელმწიფო ბიუჯეტს. ახალაიას ხელწერა იყო ასეთი - მოშლიდა, გაანადგურებდა საწარმოს, ჩალის ფასი რომ დასდებოდა და შემდეგ ჩაეგდო ხელში, რასაც იგი მთელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ახორციელებდა. საწარმოსგან, სადაც 27 წელი ვიმუშავე, დღეს აღარაფერია დარჩენილი, სამი შენობა მთლად გაძარცულია, მიწაც კი გაასხვისეს. ჩვენი დაპატიმრების შემდეგ საწარმო დააყადაღეს და იქიდან კენჭის აღების უფლება არავის ჰქონდა, მაგრამ ახალაიას პროკურატურა კანონს და სამართალს დაგიდევდა? საწარმო ერთიანად გაძარცვეს, 80 აქციონერის ინტერესები და უფლებები ფეხქვეშ გათელეს. დავუშვათ, ჩვენ მართლა მიგვიძღოდა ბრალი, რა დააშავა 80-მა აქციონერმა და ორგანიზაციამ? რადგან საკონტროლო პაკეტის მფლობელები ჩვენ ვიყავით, მოგვიშორეს და ხელ-ფეხიც გაეხსნათ. როცა აქციონერებს ვუსაყვედურე, სად იყავით, რატომ გააჩანაგებინეთ ორგანიზაცია-მეთქი, მითხრეს, რამდენჯერაც ხმა ამოვიღეთ, ახალაია ოჯახის წევრების განადგურებით გვემუქრებოდაო. სამეგრელოში ახალაიას შიშით ვინ გაბედავდა რამეს? მე და ნაპოლეონი 60%-ის მესაკუთრენი ვართ, დანარჩენი 40-ის კი - 80 აქციონერი. რატომ, რისი გულისთვის გაგვანადგურეს და გამოგვამწყვდიეს საპატიმროში? ახალაიას თავისი ნათესავებისთვის უთქვამს, ისინი ციხიდან ცოცხლები ვერ გამოვლენ, თქვენ რაც გინდათ, ის ქენითო. როლანდ ახალაიამ და მისმა დამქაშებმა ჩვენი განადგურებისთვის პასუხი უნდა აგონ!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ