დავით ზურაბიშვილი - თუ "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ

დავით ზურაბიშვილი - თუ "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი კოაბიტაციის მისეულ გაგებას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

"ამ ბოლო დროს იმდენჯერ აგინეს, ათრიეს და სულ ტალახში ამოსვარეს სიტყვა კოაბიტაცია, რომ საჭიროდ ჩავთვალე ორიოდე სიტყვა მეთქვა.

რა იყო სააკაშვილის ხელისუფლების უმთავრესი ნაკლი? ის, რომ მათ ეს ქვეყანა მხოლოდ თავისთვის უნდოდათ. ვინც არ იყო ნაცმოძრაობის მომხრე, ის ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ არც განიხილებოდა - ისინი იყვნენ ქვეყნის მტრები, რუსეთუმეები, რეტროგრადები, ყოფილი გაიშნიკები და კორუმპირებული მებაჟეები, მოკლედ არასწორი მენტალობის მქონე ხალხი, რომლებიც უნდა ჩაერეცხათ, გაექროთ, გაენადგურებინათ, როგორც კლასი. მათ მიმართ ყველაფერი ნებადართული იყო, უბრალოდ ასეთები (ანუ ნაცმოძრაობას ვინც მხარს არ უჭერდა) ძალიან ბევრნი აღმოჩნდნენ და ყველას ვერ გაწვდნენ.

არჩევნების შემდეგ მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ნაციონალისთვის თითქოსდა ცხადზე უცხადესი უნდა გამხდარიყო ამგვარი ქედმაღლური დამოკიდებულების მანკიერება, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი! პირიქით, უკვე ოპოზიციის როლში ნაცმოძრაობა ჯიუტად აწვება პირველ ჩვენებას, რომ ამ წყეულ ქვეყანაში მათ გარდა ყველა უვიცი, გაუთლელი, ჩამორჩენილი და იდიოტია.

მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი სხვაა: ნაცმოძრაობა იქით იყოს და თუ ჩვენ გვინდა თვისობრივად სხვაგვარი სახელმწიფოს აშენება, თუ ჩვენ რეალურად გვინდა დემოკრატია, ადამიანის ღირსების პატივისცემა და თავისუფლება, მაშინ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სახელმწიფო არის ყველასთვის! რომ ამ სახელმწიფოში ასევე უნდა იცხოვრონ წინა ხელისუფლების მომხრეებმაც - აი სწორედ მათ, ვინც თვლის, რომ ნაცმოძრაობის გარეთ ყველა უვიცი, გაუთლელი, ჩამორჩენილი და იდიოტია, თითო-ოროლა ფულზე გაყიდული რენეგატის გარდა - უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს ქვეყანა, სადაც მათი ღირსება და მათი უფლებებიც ისევე იქნება დაცული, როგორც ყველა დანარჩენის.

იმდენი სამართლიანი პრეტენზიაა დაგროვილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, იმდენი გამწარებული ადამიანია, რომ არაა ეს მთლად ადვილი, მაგრამ თუ ჩვენ მკვეთრად არ გავმიჯნეთ კონკრეტული დამნაშავეები და ყველა მიშისტი ამ კატეგორიაში გავიყვანეთ, მაშინ აუცილებლად მოვა დრო, როცა მიშისტების შემდეგ დამნაშავე ჯგუფი აღმოჩნდება ვიღაც სხვა, მერე კიდევ ვიღაც სხვა და ა.შ. დაუსრულებლად. ეს კინო კი უკვე ნანახი გვაქვს, თან არაერთხელ.

მოკლედ, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, ეს უნდა იყოს ქვეყანა ყველასთვის და არა მხოლოდ "სწორი მენტალობის" მქონე მოქალაქეებისთვის, ხოლო თუ მაინცა და მაინც რევანში და "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ. სააკაშვილის ხელისუფლებამაც სწორედ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით დაიწყო შევარდნაძის ჩინოვნიკების დაპატიმრება. მერე რაც მოხდა, იმას ნუღა გამახსენებთ...

ასე მესმის მე ეს ყბადაღებული კოაბიტაცია და არ ვცდები მგონი... რა ვიცი, რა ვიცი...", - წერს დავით ზურაბიშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა