სახალხო დამცველი ბაჩანა ახალაიას უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვს

სახალხო დამცველი ბაჩანა ახალაიას უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვს

სახალხო დამცველი ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასა და ციხის გახმაურებულ საქმეში ბრალდებული პირებისთვის უსაფრთხოების გაძლიერებას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს , სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ბრალდებულ ბაჩანა ახალიასა და ციხის გახმაურებულ საქმეში ბრალდებული პირებისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრებისგან მაქსიმალური იზოლაციის გზით, იმგვარი საპატიმრო პირობების შექმნა, რაც ერთი მხრივ გამორიცხავს სხვა პატიმრების მიერ ზემოხსნებული ბრალდებულებისთვის ნებისმიერი სახის შეურაცხყოფის მიყენების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის მათ უსაფრთხოებას.

10 მარტს, სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, ბრალდებული ბაჩანა ახალაია და ციხის გახმაურებულ საქმეში ბრალდებული პირები გადაიყვანეს გლდანის #8-ე დაწესებულებაში.

"2013 წლის 18 მარტს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, ლევან ფურცხვანიძე, გურამ ცომაია, გაგა მკურნალიძე და დავით ხუჭუა. შეხვედრისას ბრალდებულებმა განმარტეს, რომ 11 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ მათ მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მათი განცხადებით, აღნიშნული გამოიხატებოდა შემდეგში: ადმინისტრაციულ კორპუსში გადაყვანის დროს, პატიმრები ჩერდებოდნენ პირველი კორპუსის წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, ადგილი ჰქონდა მუქარას. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ისინი განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხოდ და ითხოვენ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც დაცული იქნებიან არაადამიანური მოპყრობისგან და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. სახალხო დამცველი მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს, რათა დაცული იყოს ბრალდებულების ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, ლევან ფურცხვანიძეს, გურამ ცომაიას, გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას და ბაჩანა ახალაიას უსაფრთხოება", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა 19 მარტს მოუწოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა დაცული იყოს მსჯავრდებულების უსაფრთხოება და რაიმე სახის ზიანი არ მიადგეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ