საქართველოს პრემეირ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს არსებული პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი და შესაკეთებელია სოფლის გზა, არ არის ნორმალური სკოლა.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად, თამარისში იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომლის თქმითაც, ხვალვე ჩავლენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სოფელ თამარისში და დაიწყება ნორმალური სკოლის მშენებლობა.
თამარისში ყოფნისას პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძესთან ერთად, სოფელში მიმდინარე სასოფლო სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, არ მოსწონს ასეთი საჩვენებელი გამოსვლები, მაგრამ რაც სოფელ თამარისში ხდება, არ არის უპრეცედენტო - მთელ საქართველოში იხვნება მიწის ნაკვეთები და სუფთავდება სარწყავი არხები.
"ჩვენ ვიწყებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ვაკეთებთ იმაზე მეტსაც. ვიწყებთ იმით, რომ უნდა აღორძინდეს სოფლის მეურნეობა და გლეხს საშუალება ჰქონდეს, ღირსეულად იცხოვროს საკუთარ სოფელში. კარგად იცით, რომ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. გარწმუნებთ, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო აღორძინდება საქართველო. საქართველოში იწყება ჭეშმარიტად აღორძინების პროცესი, დავიწყებთ სოფლით, ეს გადავა ქალაქებში და გაგრძელდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სოფელ თამარისის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარნეულში ჩავიდა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ”ნოვრუზ ბაირამის” - გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ. პრემიერმა სიმბოლური კოცონი დაანთო, რომელიც დღესასწაულზე ყოველთვის ინთება. დღესვე პრემიერი მარნეულში შეკრებილ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუს ბაირამის დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა.