ანი მიროტაძე: "ამ კადრებმა თუ ვინმე დააზარალა, ეს აკაკი მინაშვილია"

ანი მიროტაძე: "ამ კადრებმა თუ ვინმე დააზარალა, ეს აკაკი მინაშვილია"

ე.წ. კოჰაბიტაციური რეჟიმის მიუხედავად, დაპირისპირება-ბრალდებების კასკადი საპარლამენტო ოპოზიციასა და უმცირესობას შორის არ წყდება. მაგალითისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის გამოსვლის დროს კადრში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის მიმიკა გამოჩნდა. პირის მოძრაობით თუ ვიმსჯელებთ, ოპოზიცონერმა დეპუტატმა კოლეგა ქალბატონს შეაგინა. თუმცა თავად მინაშვილი მომხდარ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. რა მოხდა რეალურად და მოითხოვს თუ არა საჯაროდ ბოდიშის მოხდას მინაშვილისგან შეურაცხყოფის ადრესატი? "ალიას" ანი მიროტაძე თავად ესაუბრა:

- მე მართლა არაფერი არ დამინახავს. ამის შესახებ მითხრეს. ალბათ, ნახეთ, რაც კარდებში გავიდა. როცა ვლაპარაკობ, აკაკი მინაშვილის ტუჩების მოძრაობა ჩანს. მიკროფონში არაფერი არ უთქვამს და არ ვიცი, როგორ დაფიქსირდა. ამიტომ მართლა ვერაფერს ვიტყვი. მინაშვილს, როგორც ვიცი, კომენტარი გაუვრცელებია, რომ არაფერი არ უთქვამს. საწყენია, თუ ასე იქცევა და ნერვებს ვერ თოკავს.

- მომხდარის შემდეგ პირადად თუ შეხვდით აკაკი მინაშვილს, ან თუ აპირებთ? თავად ხომ არ მოსულა ბოდიშის მოსახდელად?

- არა, არანაირი შეხვედრა არ მქონია. არც შეხვედრას ვაპირებ. თუ აკო მინაშვილმა არ იცის, პარლამენტში როგორ უნდა მოიქცეს, მე ხომ არ ვასწავლი? ბოდიშის მოსახდელად კი ჯერ არ მოსულა.

- როგორ ფიქრობთ, რას შეიძლებოდა, გაეღიზიანებინა მინაშვილი?

- ალბათ, იმ საკითხებს, რაზეც ჩემი გამოსვლის დროს ვსაუბრობდი. სხვა პირადი შეხებები ერთმანეთთან არ გვაქვს. ახლა, რასაც ესენი აკეთებენ, რომ ითხოვენ სარეიტინგო კენჭისყრის დაყენებას, რითაც ცდილობენ, თავი გადაირჩინონ, ძალიან არასერიოზულია. რა დათვლა უნდათ, არ იციან, თვითონ რამდენი არიან და ჩვენ რამდენი ვართ? ასევე, მათ კარგად იციან, რომ მათი ხმების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, რად უნდა ამას სარეიტინგო კენჭისყრა? ან რატომ ვაჭრობენ? ვის ევაჭრებიან? კონსტიტუციაში მახინჯი ჩანაწერი რომ უნდა გამოსწორდეს და პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობა გადააყენოს ისე, რომ არაფერი არ ჰკითხოს პარლამენტს, ხომ ძალიან მარტივი საკითხია.

- მოითხოვთ, რომ აკაკი მინაშვილმა ბოდიში საჯაროდ მოგიხადოთ?

- მოიხდის, თუ არა მინაშვილი ბოდიშს მართალი გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამ კადრებმა თუ ვინმე დააზარალა, ეს უფრო აკაკი მინაშვილია. მე საერთოდ არ დავზარალებულვარ.

მირანდა ნაბახტეველი

გაზეთი "ალია"

ასევე იხილეთ: აკაკი მინაშვილმა ანი მიროტაძეს შეაგინა?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა