გიორგი მარგველაშვილი: "გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!"

გიორგი მარგველაშვილი: "გაუგებარია, რატომ უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება?!"

განათლების სისტემაში მიმდინარე რთულ პროცესებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების ფონზე, გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აგრარული სფერო, სოფლის მეურნეობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია; ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო ბაზა. ამიტომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე სტუდენტებს უფასო სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. რაც შეეხება აგრარული უნივერსიტეტის საკითხს, ფაქტია, ამ უნივერსიტეტის წესდება ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და კარგია, რომ მათ ახლახან ამ ხარვეზების აღმოფხვრის გადაწყვეტილება მიიღეს, შესაბამისი დოკუმენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე შემოვიდა... მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" იცავს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მასში ნათქვამია, რომ სტუდენტს, გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს სტუდენტის სტატუსი, შემდეგ კი აღდგეს იმავე კურსზე, რომელზეც სწავლა შეაჩერა. აგრარულ უნივერსიტეტში კი, ამგვარ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე, სტუდენტს 12 თვის შემდეგ უწყდებოდა სტუდენტის სტატუსი და უმაღლესი სასწავლებლიდან რიცხავდნენ. ვფიქრობ, ეს არის ძალზე სერიოზული საკითხი და არა ის, როგორც ისინი ამბობენ, ფირნიში, რომელიც თურმე, არ მოგვეწონა, როგორ ეკიდა.

- თუ ჰქონდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვადა, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გამოთქმული შენიშვნები, რეკომენდაციები გამოესწორებინა?

- რა თქმა უნდა. მათთვის 28 იანვრიდან იყო ცნობილი, რომ ეს პუნქტები უნდა გამოსწორებულიყო. საზოგადოებამ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს ამ საკითხში: ბენდუქიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის უპირობო დარღვევას ითხოვდა და ითხოვს.

- მიუხედავად ამისა, სტუდენტების საპროტესტო აქციები გრძელდება. აგრარული უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტების ნაწილი ითხოვენ, გაუქმდეს 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, რადგან ავტორიზაციის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია...

- ვერ ვხედავ აუცილებლობას, გაუქმდეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რადგან წესდებაში იყო ხარვეზები, რომლებიც მათ მითითების თანახმად, აღმოფხვრეს, შეცდომები გამოსწორდა და ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა გავაუქმოთ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ავტორიზაციის აღსადგენად საჭირო ყველა პროცედურა კი, კანონის სრული დაცვით, მაქსიმალურად სწრაფად იქნება გავლილი. ასე რომ, ამ უსაფუძვლო ხმაურის მიღმა ბენდუქიძის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მცდელობას ვხედავ, მას სურს, თავი "ჩაგრულად" წარმოაჩინოს.

- აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ კახა ბენდუქიძემ 280-მილიონიანი ქონება 4 მილიონ დოლარად შეიძინა... გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ უნივერსიტეტის პრივატიზების დოკუმენტაცია გამოითხოვა...

- ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, საკითხი სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ.

- თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ასევე, საგანგებოდ მიმართეს პრემიერ-მინისტრს, თქვენს სამინისტროს, ამბობენ, რომ ბოლო წლებში უნივერსიტეტიდან არაერთი ლექტორი დაითხოვეს პოლიტიკური ნიშნით.

- როგორც ვიცი, პროფესორ-მასწავლებლებმა თავიანთი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზას მიმართეს; ეს უფრო სასამართლოს პრეროგატივაა.

- სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, გარდამავალი პერიოდის დაწესებას ითხოვენ... თქვენი აზრით, აქვთ დღეს უმაღლეს სასწავლებლებს რეალური ავტონომია?

- ამ მხრივ ბევრი რამ მართლაც გადასახედია, ამაზე მუშაობს რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომლის ხელმძღვანელია გია დვალი. კომისიამ გამოაქვეყნა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც განვაგრძობთ მუშაობას.

- ამ კონცეფციაში ლაპარაკია ტენუირებულ (მუდმივი პოზიციის, თანამდებობის მქონე) პროფესორებზე, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა კომიტეტმა უნდა შეარჩიოს. იქნება ეს კომიტეტი ობიექტური და მიუკერძოებელი?

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება, ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს, საზოგადოება - მაქსიმალურად ჩართული და ინფორმირებული.

- გამორიცხავთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის საკითხი 19 აპრილის მიტინგისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ-ერთ ცხელ თემად აქციოს?

- აბა, რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? რისთვის ააგორეს შავი პიარი, რომლითაც მარგველაშვილი ტირანად გამოიყვანეს, კახა ბენდუქიძე კი - უმანკო მსხვერპლად? რამდენი მტკნარი სიცრუე ითქვა, დაწყებული იქიდან, რომ აგრარული უნივერსიტეტი, თურმე, უკვე დაიხურა (მაშინ როცა უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება ძალაში 4 თვის შემდეგ შედის), დამთავრებული იმით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არასწორად დაკიდებული ფირნიში ყოფილა! მალე გამოჩნდება, ვის და რაში დასჭირდა ეს ინსინუაციები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მოქმედი პოლიტიკოსების მონაწილეობით.

- საზოგადოების ნაწილი ამ აჟიოტაჟის მიღმა საბოტაჟის მცდელობას არ გამორიცხავს, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზაციის საბჭოს ახლანდელ თავმჯდომარეს კახი ყურაშვილს წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, რომლის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს...

- ადამიანების დადანაშაულება ასე იოლად არ მჩვევია. ისე, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის წესდებაში აშკარა დარღვევები იყო და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა