როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას

როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას

როგორ ავარიდოთ თავი უხარისხო ფეხსაცმლის ან სამოსის შეძენას? - ამ საკითხზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა მოგვითხრობს:

- ჩვენს ორგანიზაციას ხშირად უკავშირდებიან ადამიანები, რომლებმაც უხარისხო პროდუქცია შეიძინეს და თავიანთი უფლებები ვერსად დაიცვეს. მაგალითად: 2013 წლის 10 იანვარს დაგვირეკა მომხმარებელმა, რომელმაც 2012 წლის 22 დეკემბერს "თბილისი მოლში" მდებარე მაღაზია "მასიმო დუტიში" შეიძინა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ის მხოლოდ ერთხელ, ახალი წლის ღამეს ჩაიცვა. მეორე დღეს კი ნახა, რომ მარცხენა ფეხსაცმელი ოდნავ გახეულიყო. 2 იანვარს მომხმარებელმა მაღაზიას მიაკითხა ფეხსაცმლის დასაბრუნებლად ან გამოსაცვლელად, მაგრამ იქ უთხრეს, რომ ფეხსაცმლის დაბრუნება გაყიდვიდან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეეძლო. ის ამ მაღაზიის კლიენტი იყო, მაგრამ ფეხსაცმლის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე მენეჯერებმაც უარი უთხრეს. მათი გულგრილობით აღშფოთებულმა მომხმარებელმა საჩივარი უშუალოდ "მასიმო დუტის" მისწერა "ფეისბუკში" და მალე პასუხიც მიიღო. ამა წლის 12 იანვარს მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ მაღაზიას და გაირკვა, რომ "მასიმო დუტი" სულაც არ გაურბოდა პასუხისმგებლობას: მაღაზიაში დაგვხვდა ფირმის წარმომადგენელი, რომელმაც მომხმარებლის მიერ "ფეისბუკში" დაწერილი საჩივრის შესახებ უკვე იცოდა. მან მოიბოდიშა ფეხსაცმლის არასათანადო ხარისხის გამო და მყიდველს აღუთქვა, რომ 14 იანვარს მის პრეტენზიას დააკმაყოფილებდნენ. 14 იანვარს, დღის ბოლოს, ფეხსაცმელი მაღაზიამ უკან ჩაიბარა, მომხმარებელს კი გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნეს. ამ შემთხვევაში შევძელით, რომ მისი სამართლიანი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ასე არ ხდება და შესაბამის მაგალითსაც მოგიყვებით: 2012 წლის 16 ივლისს ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა მომხმარებელი და დახმარება გვთხოვა. როგორც გაირკვა, მან 2012 წლის 29 ივნისს მაღაზია "ბატაში" 48 ლარად შეიძინა ბავშვის სასპორტო ფეხსაცმელი, ე.წ. ბოტასი, რომელიც ფასდაკლებით იყიდებოდა. მყიდველი დაინტერესდა, ეს ფასდაკლება დაბალ ხარისხზე ხომ არ მიუთითებდა, თუმცა დაარწმუნეს, რომ ფეხსაცმელი ნამდვილად კარგი ხარისხის იყო. გარდა ამისა, აუხსნეს, რომ წუნის შემთხვევაში ფეხსაცმლის გამოცვლას შეძლებდა.

მომხმარებელმა ფეხსაცმელი შვილს დაბადების დღეზე აჩუქა, დაახლოებით ათი დღის შემდეგ კი ნახა, რომ ფეხსაცმლის ძირი გახვრეტილი იყო. მან პრეტენზიით მიაკითხა მაღაზიას, თუმცა საკმაოდ მკვახე პასუხით გამოისტუმრეს - გაყიდულ საქონელს უკან არ ვიბრუნებთო. რამდენიმე დღის შემდეგ მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ აღნიშნულ მაღაზიას და პერსონალს განვუმარტეთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-491 მუხლების მიხედვით, მაღაზია ვალდებულია, ან გამოუცვალოს მომხმარებელს უხარისხო საქონელი, ან უკან დაიბრუნოს. მაღაზიის პერსონალმა კი გვითხრა, რომ მაღაზია გაყიდულ საქონელზე მხოლოდ 14-დღიან პასუხისმგებლობას იღებს, ამ შემთხვევაში კი მომხმარებელი მაღაზიაში მოვიდა მე-15 დღეს, ამიტომ მისი პრეტენზია აღარ განიხილებოდა. გვითხრეს, ამ ფეხსაცმლის გაცვეთა არა ქარხნული წუნის, არამედ ინტენსიური მოხმარების ბრალიაო(!). ამის შემდეგ გადავწყვიტეთ სადავო ფეხსაცმელი ექსპერტიზაზე წარგვედგინა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად წავედით სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, მაგრამ იქ საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი დანადგარი არ ჰქონდათ. პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, აქ უკვე ვერაფერი გავაწყვეთ, თუმცა მგონი, ექსპერტიზა სულაც არ სჭირდება იმას, რომ სასპორტო ფეხსაცმელი ორ კვირაში არ უნდა გაცვდეს.

- ქალბატონო ლია, რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდით ჩვენს მკითხველს? როგორ მოვიქცეთ, ანალოგიურ სიტუაციაშია რომ არ აღმოვჩნდეთ?

- ძალიან ძნელია რაიმეს რჩევა, რადგან, ფაქტობრივად, დაუცველნი ვართ. მართალია, დღეს მომხმარებელს აქვს საშუალება შევიდეს ინტერნეტში და ხარისხიანი თუ უხარისხო პროდუქცია გაარჩიოს, თუმცა დაზღვეულნი მაინც არა ვართ. ჯობია, წინასწარ დაელაპარაკოთ მაღაზიის პერსონალს და ყველაფერი კარგად გაარკვიოთ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფასდაკლების აქციისას: კარგად უნდა გამოჰკითხოთ, როგორი ხარისხისაა გაიაფებული პროდუქცია და თუ პრობლემა შეგექმნებათ, გამოცვალოთ. უნდა გაარკვიოთ, როგორია საგარანტიო ვადა, წუნიანი საქონლის დაბრუნების ან გამოცვლის პირობები. კარგი იქნება, თუ არ დაიზარებთ და მოითხოვთ მაღაზიის შესაბამის განაწესს და გულდასმით გაეცნობით. კიდევ ერთი რჩევა: პროდუქციის ნაკლის აღმოჩენისას ყოველთვის შეეცადეთ დაუკავშირდეთ არა მხოლოდ მაღაზიას, არამედ უშუალოდ მეწარმესაც! როგორც პირველ შემთხვევაში ნახეთ, მეწარმის ჩარევის გარეშე მომხმარებლის ინტერესებს ჩვენც ვერ დავიცავდით. თუ არის საშუალება, ჯობია, უშუალოდ მწარმოებელს მიმართოთ და საქმეც ბოლომდე მიიყვანოთ. პირველ ყოვლისა, ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვდი: იყავით უფრო აქტიურნი და მსგავსი რამ არავის შეარჩინოთ! ჩვენც მოგვმართეთ და როგორც შევძლებთ, მხარში ამოგიდგებით. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა აუცილებლად უნდა გავასაჯაროოთ!

- როცა პრესტიჟულ მაღაზიებში ასეთი რამ ხდება, ალბათ, საერთოდ შეუძლებელია მათი დაცვა, ვინც სიიაფის გამო პროდუქციას ბაზრობაზე ყიდულობს.

- აქ ერთი ნიუანსია: იაფად რომ ყიდულობ, მოელი კიდეც დაბალ ხარისხს. ვინც პრესტიჟულ მაღაზიაში მიდის, ის ორმაგად დაუცველია, რადგან 2-3-ჯერ უფრო მეტ თანხას იხდის და შეიძლება ორმაგად მოტყუებული დარჩეს. სხვათა შორის, მომხმარებელს, რომელმაც ბავშვისთვის სასპორტო ფეხსაცმელი შეიძინა, ადრეც ჰქონდა ნაყიდი ფეხსაცმელი, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხისა იყო. ის ფაქტი, რომ ერთ მაღაზიაში არის ძალიან კარგი ფეხსაცმელი და ძალიან ცუდიც, საერთოდ გაურკვეველ მდგომარეობას ქმნის. ცივილიზებულ ქვეყნებში არის მინიმალური ვადა და თუ ამ დროის განმავლობაში ფეხსაცმელი გაგიფუჭდებათ, შეგიძლიათ მიიტანოთ და უპრობლემოდ შეგიცვლიან. ჩვენთან კი იმასაც ვერ გაარკვევ, ქარხნული წუნი იყო ეს თუ არა. ლაბორატორია არ გვაქვს, საქონლის უცხოეთში გაგზავნა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც, მყიდველს ურჩევნია, გაჩუმდეს და ერთი ნივთი იზარალოს, ნორმალურ ქვეყნებში კი ექსპერტიზის ხარჯები მეწარმეს ეკისრება. როგორც გითხარით, მომხმარებლებმა ახლა განსაკუთრებით უნდა იაქტიურონ, რადგანაც წელს უნდა მიიღონ კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, თუ არ მოვინდომებთ, ჩვენს ინტერესს ვერავინ დაიცავს. ჩვენი სურვილია, კანონით განისაზღვროს, რომ ნებისმიერ პროდუქციას ჰქონდეს მინიმალური საგარანტიო ვადა. სამი თვე მაინც ხომ უნდა იყოს მინიმალური ვადა, თუ ექვსი თვე არ დადგინდება, როგორც ეს ევროპაშია? ევროპაში არსებობს ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც შეიძლება მიმართო, არის უფასო იურიდიული დახმარებები... მსგავსი მექანიზმები ჩვენთანაც თუ არ იქნება, ძალიან გაგვიჭირდება თავის დაცვა იმ უსიამოვნებებისაგან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"