ვის უვარდება კონცერტი და ვინ "ჭედავს" ფილარმონიას

ვის უვარდება კონცერტი და ვინ "ჭედავს" ფილარმონიას

წლებია, რაც კომპანია "ისტერნ პრომოუშენს" საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოჰყავს. ზოგჯერ კომპანია მთავრობის შეკვეთებსაც ასრულებდა... მოგეხსენებათ, "ისტერნ პრომოუშენი" ფილარმონიის დირექციის წევრიც გახლავთ. რემონტის შემდეგ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის დაქირავება გაძვირდა: შემსრულებელმა კონცერტის გასამართავად 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. ცხადია, ხშირად ეს ბილეთის ფასზეც აისახება, თუმცა ცარიელი დარბაზის მიზეზად "ისტერნ პრომოუშენის" მარკეტინგის დირექტორს - ბატონ კახა კანდელაკს არენდის გაძვირება არ მიაჩნია...

- "ისტერნ პრომოუშენის" წევრები "კომუნისტების" პერიოდიდან მოვდივართ: წყალბურთელები ვიყავით, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდით. მაშინ სპორტსმენებისა და მოცეკვავეების უმეტესობა უცხოეთში "იკრას" ყიდდა და ჯინსებს ყიდულობდა, მერე კი საქართველოში "ბარიგობდა". ჩვენ კი მთელ ფულს ჯაზკლუბებსა და მაგარ კონცერტებზე ვხარჯავდით. პატარა ბავშვი ვიყავი, როცა როდ სტიუარტის, ჯეიმს ბრაუნის კონცერტს დავესწარი. სახლში 4000 მუსიკალური დისკი მაქვს. მთელი ცხოვრება ვაგროვებ. უამრავი, სხვადასხვა სტილის კონცერტს დავსწრებივართ - დიდი გამოცდილება გვაქვს. ზუსტად ვიცით, ჩვენი ჩამოყვანილი შემსრულებლით მსმენელი უკმაყოფილო არ იქნება. გამიმართლა, რომ მამა ბავშვობიდან გემოვნებიან მუსიკას მასმენინებდა. ამ მხრივ, ჩემს შვილებსაც გაუმართლათ. მუსიკალური გემოვნება ტვინის საკვები გახლავთ.

- როცა ტანია მარია პირველად ჩამოიყვანეთ, მის კონცერტზე ძალიან ცოტა ხალხი იყო...

- დიახ, დარბაზში 25 კაცი იჯდა. მესიო პარკერზეც ახლა "გაგიჟდნენ". კრის ბოთი ბობი მაკფერინის კონცერტის "გასახურებლად" ჩამოვიყვანეთ. ნატო მეტონიძესთან დუეტიც შევასრულებინეთ, რომ ხალხი დაინტერესებულიყო და კონცერტზე მოსულიყვნენ... წლების განმავლობაში ხალხმა იმდენ მუსიკას მოუსმინა, რომ გვეამაყება და გვიხარია. მსმენელების ეს კატეგორია "ბაზრობის მუსიკას" ვეღარ მოუსმენს. დიდი "ოჯახი" ვართ, რომელიც ყოველ წელს ვითარდება და მრავლდება. მსოფლიო ვარსკვლავების ვიზიტი ქვეყნისთვის პრესტიჟი გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან სხვა დონის მოქალაქეები ცხოვრობენ. იმას არ ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში სხვა სტილის მუსიკა არ უნდა იყოს. უბრალოდ, მსმენელებს შედარების საშუალება უნდა ჰქონდეთ. სპონსორების დამსახურებაა, რომ ბილეთებს უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე ხშირად ადგილობრივი კონცერტების ბილეთები ჯდება. ამ ფასად ლონდონში, იმავე კონცერტზე გარდერობში პალტოსაც ვერ დატოვებ... ჩვენს კომპანიას მოგება ან რჩება, ან - არა, სპონსორის ინტერესი კი კარგი რეკლამა გახლავთ. ჯორჯ ბენსონის კონცერტის წარმოდგენის შემდეგ, ცხადია, ჩვენი სპონსორი სხვა ბანკებზე პრესტიჟული გახდა. სხვათა შორის, 8 წელი "გვიყურა" და ბოლოს, 5-წლიანი კონტრაქტი გაგვიფორმა. წინათ ხან ერთი ბანკი გვასპონსორებდა, ხან - მეორე... ახლა იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ სახის რეკლამა მათთვის მომგებიანი გახლავთ.

- სამთავრობო კონცერტებზე რას გვეტყვით, რომლებშიც, როგორც ამბობენ, უამრავი თანხა დაიხარჯა?

- 9 წელიწადში 7 ასეთი კონცერტი ჩავატარეთ. ტოტო კუტუნიო ისეთ ფასად ჩამოვიყვანეთ, რომ მაგ თანხით ქართველ მომღერალს ვერ იშოვით. თან, კონცერტს 150 ათასი კაცი დაესწრო, ყველა მღეროდა, ძალიან კარგი სიტუაცია იყო! 46 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, ყველას უნდოდა, რომ საქართველოში დიდი ვარსკვლავი ჩამოსულიყო და ამას მივაღწიეთ. პირადად ჩვენ, მგონი, მაგარი საქმეები გავაკეთეთ. წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე სტინგი ბათუმში იმღერებდა. ის არანორმალურად დაბალ ფასად მოვიწვიეთ, ქართული სიმფონიური ორკესტრი ჩავრთეთ. დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო კონცერტად აღიარებენ. ეს ქვეყნის პრესტიჟიც გახლავთ და ძალიან მაგარი საქველმოქმედო საქმეც გავაკეთეთ: პროექტი 3 მილიონი ევრო ღირდა, მაგრამ დაახლოებით მილიონი ლარი დაგვიჯდა. მოგეხსენებათ, სტინგის შემოქმედება კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და როკის ნაზავი გახლავთ. ამ სტილის კონცერტს 50 000-კაციან სტადიონზე ვერ ჩავატარებდით - უფრო ძვირი დაგვიჯდებოდა.

რადგან შემსრულებელი პატარა დარბაზში გამოდიოდა, მოსაწვევები უნდა დაგვერიგებინა. ამაზე სტინგის მხარემაც უარი თქვა: შეიძლება, ხალხს ეთქვა, მხოლოდ მთავრობის წევრების ახლობლები ესწრებოდნენო. ამიტომ მოვილაპარაკეთ, რომ ბილეთები ძვირად გაგვეყიდა და ვინმეს დავხმარებოდით. მათ ჯერ "წითელი ჯვრის" დახმარება უნდოდათ, მაგრამ ეს ჩვენს მხარეს არ სურდა, რადგან პროექტში კულტურის სამინისტროც ჩართული იყო - ბანგლადეშს ხომ არ დავეხმარებოდით?! ლტოლვილების დახმარება სტინგის მხარემ არ მოინდომა - ხალხს პოლიტიკური ელფერი რომ არ მიეცა და არ ეთქვა: სტინგი რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდაო. საბოლოოდ, "სკრინინგ ცენტრის" დახმარება გადავწყვიტეთ. ბილეთები 2 საათში 400 ლარად გაიყიდა. მთელი თანხა "სკრინინგ ცენტრში" გადაირიცხა და 82 ქალი სიკვდილს გადავარჩინეთ... შემდეგ ვიღაცები გამოცვივდებიან და რაღაცებს ამბობენ. მათ "არგუმენტებზე" გვეცინება. ასეთი პროექტები კავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვქონია. სხვათა შორის, რუსული და ქართული კონცერტები ბევრად ძვირი ჯდება, მაგრამ ისეთი დაბალი დონის "სახელები" არიან, რომ არ ჩანან. სამაგიეროდ, მაგალითად, რეი ჩარლზზე დღემდე ლაპარაკობენ... 100 მთავრობა რომ გამოვიცვალოთ, საქართველოში ნამყოფ ლეგენდარულ შემსრულებლებს მაინც გაიხსენებენ.

- სტინგის ჩამოყვანა თქვენი იდეა იყო?

- დიახ, მისი ჩამოყვანა კულტურის სამინისტროს თავად შევთავაზეთ, მაგრამ ზოგჯერ მთავრობაც გვიკვეთდა. ხულიო იგლესიასის კონცერტი სამთავრობო გახლდათ. ესპანეთის ელჩი გაგიჟებული იყო - ამ შემსრულებლის დათანხმება როგორ შეძელითო?! ცხოვრებაში პირველად, ბოჩელი ახალი წლის ღამეს სამშობლოში არ გახლდათ, რადგან ბათუმში კონცერტზე გამოდიოდა.

- შეთავაზებულ წინადადებაზე მსოფლიო ვარსკვლავების დათანხმებას როგორ ახერხებთ?

- მაგრები ვართ! მათ იციან, რომ მუსიკა მაგრად გვიყვარს და საქმეს მარტო ბიზნესის კუთხით არ ვაკეთებთ. მაგალითად, ჯეიმს ბრაუნი რომ ჩამოვიყვანეთ, სახლი დავკარგეთ (ბანკში მქონდა ჩადებული). ფულის "გაკეთება" რომ მინდოდეს, იმ შემსრულებლებს ჩამოვიყვანდი, რომლებსაც ხალხი კარგად იცნობდა, ჩვენ კი პირიქით - ვამბობდით: ჩვენი საქმე მაგრად ვიცით და მოგვბაძეთ-თქო. გავრისკეთ. უკვე ისეთი ავტორიტეტი გვაქვს, რომ ამერიკული და ევროპული კომპანიები მაგრად გვენდობიან. ხულიო იგლესიასისა და ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანისას მთავრობას პრობლემა შეექმნა - შემსრულებლებისგან უარი მიიღეს, ჩვენ კი საქმე 1 კვირაში მოვაგვარეთ. ბოჩელის ჩამოყვანისთვის ჰონორარი არ აგვიღია - მთავრობას ვაჩუქეთ... ხულიო იგლესიასის ჩამოსვლა ბევრ ქვეყანას შეშურდა. რაც მთავარია, კონცერტი მომგებიანი იყო: ბათუმს 22 ათასი ტურისტი ეწვია, თბილისიდან - 5 ათასი კაცი. შეიძლება, პროექტს სხვა კუთხით შეხედო და თქვა: ხულიო იგლესიასში მილიონი დოლარის გადახდა რა ამბავიაო? მაგრამ 11 მილიონსაც დახარჯავ, თუ იცი, რომ 300 მილიონ მოგებას ნახავ. კულტურის სამინისტრომ გარისკა. პირადად მე, არ მჯეროდა, რომ ხულიო იგლესიასის კონცერტზე 22 ათასი ტურისტი ჩამოვიდოდა. სანტანას ჩამოყვანაც მინდოდა...

- ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავის დათანხმება გაგიჭირდათ?

- სტინგის ჩამოსაყვანად 7 წელი ვწვალობდით, ჯორჯ ბენსონის - 5. ახლა აქ ჩამოსვლა ყველას უადვილდება - ისეთი ვარსკვლავები ჩამოვიყვანეთ, რომ შემსრულებლები საქართველოში კონცერტის გამართვას თავად გვთხოვენ. შარშან ელტონ ჯონს უკვე უარი ვუთხარით.

- რატომ?

- მას სახელმწიფოს ფინანსური დახმარების გარეშე, მხოლოდ კერძო კომპანიების იმედად ვერ ჩამოვიყვანდით - დიდი ჰონორარი აქვს. მთავრობამ ვეღარ გარისკა.

- შაკირას კონცერტზეც ბევრს ლაპარაკობენ...

- იმიტომ, რომ მთავრობას უკავშირებენ. სინამდვილეში, სახელმწიფოს მის ჩამოყვანაში 1 თეთრიც არ გადაუხდია. თბილისის მერი აზრზეც არ იყო. ერთ-ერთი უცხოური კომპანია საქართველოში დიდი ინვესტიციით შემოდიოდა და შაკირას კონცერტით რეკლამის გაკეთება სურდა.

- კომპანიას რა ბედი ეწია?

- არ ვიცი. მას შემდეგ აგვისტოს ომი მოხდა, რაღაცები შეიცვალა. შაკირას კონცერტი ძვირად ღირებული იყო. 10 დღეში 3 თვის საქმე გავაკეთეთ. დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რისთვისაც იმ კომპანიას დიდ მადლობას ვუხდით.

- ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტების გამართვაში თუ მონაწილეობთ?

- არა. ფილარმონიის დირექციის წევრები ვართ. შემსრულებლები დარბაზს ქირაობენ. ზოგი არენდას ვერ იხდის, რადგან სპონსორი არ ჰყავს. მაგალითად, "ქართული ხელოვნების საღამოებზე" 24 კონცერტი უფასოდ (ქირის გარეშე) ჩავატარეთ. ყველა შემსრულებელი თანაბარ პირობებში იყო. შემდეგ, შემოსავალი გავიყავით: 50% ფილარმონიას დარჩა, 50 - შემსრულებელს. ზოგ კონცერტზე ხალხი არ მოვიდა. ამიტომ შემსრულებლებმა პროექტების ხარისხი უნდა აამაღლონ.

- ყველაზე მეტად რომელ კონცერტს ითხოვდნენ?

- "სუხიშვილების". ბილეთები "ალილომ" და ნინო ქათამაძემაც კარგად გაყიდეს. საკონცერტო დარბაზის დაქირავება 15 ათასი ლარი (დღგ-ს ჩათვლით) ღირს, მაგრამ წინათ, ფილარმონიაში გათბობა არ იყო, სკამზე ლურსმანი შეგერჭობოდა, ტუალეტში ვერ შეხვიდოდი... ახლა ევროპაში ერთ-ერთი მაგარი დარბაზი გვაქვს. თუ ვარსკვლავი ხარ, როგორ შეიძლება, რომ ბილეთში 20 ლარი 5-მილიონიან ქვეყანაში 2 ათასმა კაცმა არ გადაიხადოს? მაგალითად, ლელა წურწუმია დარბაზს "ჭედავს" - არენდასაც იხდის და 5 იმდენი მოგება რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ფასი არ გაუძვირებიათ, ერთ-ერთი იუმორისტული პროექტის კონცერტზე ხალხი არ მოვიდა. მაყურებელმა რა იცის, შემსრულებელმა ქირაში ძვირი რომ გადაიხადა? ამას ბილეთის ფასზე არ უმოქმედია. პროექტის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ პროგრამაში რაღაც უნდა შეეცვალათ და კონცერტები "მოხსნეს". ჯაზფესტივალზე ანალოგიური სიტუაცია რომ შეგვექმნას, ან შემსრულებელს გამოვცლით, ან სხვა ღონეს მივმართავთ. ეს მარკეტინგული გათვლა გახლავთ. კონცერტს ხალხი თუ არ ესწრება, ამას არენდისა თუ ბილეთის სიძვირეს ვერ დავაბრალებ. თუ ბილეთის გაყიდვა 3 ლარად უნდათ, მაშინ კონცერტს ფილარმონიის მაღალი დონის დარბაზში ნუ ჩაატარებენ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"