"ქილერამ" დაავალა ჩემს ძმას, ივარჯიშე, როგორ მოკლა ვახტანგ მაისაიაო"

"ქილერამ" დაავალა ჩემს ძმას, ივარჯიშე, როგორ მოკლა ვახტანგ მაისაიაო"

37 წლის ზაზა აზარიაშვილი, რომელსაც სამი ტომარა ცემენტი 10-წლიან პატიმრობად დაუჯდა, საპყრობილეში სიკვდილს ებრძვის და ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს.

ნანა აზარიაშვილი, ზაზას და: - ზაზა 2009 წლის 9 ნოემბერს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება... დედა ახალი გარდაცვლილი გვყავდა, ჩემი ძმა მის საფლავს აკეთებდა. ცემენტი დააკლდა და მეგობარმა ურჩია, წყნეთის ერთ-ერთ სატყეო უბანში მდებარე სამშენებლო ობიექტის დარაჯს ვთხოვოთ ცემენტიო. ასეც მოიქცნენ. დარაჯს 20 ლარი დაუტოვეს და დაჰპირდნენ, რომ დანარჩენს შემდეგ მიუტანდნენ. დათქმულ დროს რომ ვერ მივიდნენ, დარაჯმა გიორგი პაპიძემ ბიჭებს პოლიციაში უჩივლა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას წავაწყდით უამრავ კანონდარღვევას და უსამართლობას. გიორგი პაპიძე პროკურორ ნინო ციციაშვილის ახლობელი აღმოჩნდა. იგი მომჩივანს ცალკე იბარებდა ხოლმე და არიგებდა, როგორ მოქცეულიყო. ცდილობდნენ, რაც შეიძლება დაემძიმებინათ ზაზასთვის მდგომარეობა. ზაზას ორ მეგობარს 3 წელი მიუსაჯეს, მას კი - 10.

- რით და როგორ დაამძიმეს მდგომარეობა?

- პაპიძეს ათქმევინეს, რომ ლაშა შეიარაღებული იყო და სამი ტომარა ცემენტისთვის დაესხა თავს. თუმცა ვერ დაასახელა იარაღის ტიპი. მერე თქვა - ჯიბეში იარაღი უჩანდაო. საქმეში იარაღი საერთოდ არ ფიგურირებს, მტკიცებულებად არ არის წარმოდგენილი. შეიძლება, 3 ტომარა ცემენტისთვის ადამიანი ასე დასაჯო, მით უმეტეს, როცა დარაჯის ნებართვით წამოიღო? ან კიდევ - ამხელა სამშენებლო ობიექტზე ბიჭები დასაყაჩაღებლად მივიდნენ, იქ დაყრილ უამრავ სამშენებლო მასალას ხელი არ ახლეს და მხოლოდ 3 ტომარა ცემენტისთვის გაიფუჭეს თავი? ვითხოვ ჩემი ძმის შეწყალებას, განცხადება შევიტანე საპატრიარქოში, მივმართე სოზარ სუბარს, პრეზიდენტს, ზაზამ პროკურორსაც მისწერა წერილი. ჩემი ძმა უმძიმეს მდგომარეობაშია. დაპატიმრებამდე დიაბეტით იყო დაავადებული და ციხეში გლუკოზა 600-ზე ქვემოთ ვერ დაუწიეს, ხშირად გადაჰყავთ "რესბალნიცაზე", რადგან კომაში ვარდება. ციხეში ყოფნისას დაემართა ციროზი, მუცლიდან პერიოდულად წყალს უღებენ. ყველა უბედურებასთან ერთად, ზაზა ციხეში წამების შედეგად ეპილეფსიით დაავადდა, უჭირს გადაადგილება და ეს ახოვანი კაცი მთლად დაილია. ამნისტიის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა, მოსახდელი დარჩა 4 წელი და 3 თვე, მაგრამ თუ ციხეში დარჩა, ცოცხალი ვერ გადარჩება. მემუდარება, რამე მიშველე, შინ მაინც მოვკვდეო. რა უნდა ასეთ მძიმე ავადმყოფს ციხეში? სამწუხაროდ, მხოლოდ მე ვარ მისი პატრონი, მეორე ძმაც ინვალიდი მყავს და ისიც ჩემს ანაბარაა.

- ვინ და რატომ აწამა თქვენი ძმა დაწესებულებაში?

- ზაზა ორჯერ აწამეს გლდანის ციხეში - თამაზ მელაძის, შემდეგ ალექსანდრე მუხაძის უფროსობის პერიოდში. არც კი ვიცოდით, ასე სასტიკად თუ აწამეს. რამდენიმე წლის წინ ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა - ორი უდანაშაულო დისშვილი, 16-17 წლის ბიჭები იარაღით მომიკლეს. მათმა ერთ-ერთმა მკვლელმა დაპატიმრებიდან 14 დღეში ციხეში თავი ჩამოიხრჩო, ორი კი გაქცეულია. თამაზ მელაძეს დაუბარებია ჩემი ძმა და აიძულებდა ეთქვა, რომ ჩემი დისშვილები კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქურასბედიანმა (იგივე "წრიპა"), მოკლა. ზაზამ იუარა და ამის გამო სასტიკად აწამეს - ფეხებით დაკიდებულ ავადმყოფ კაცს, თურმე "დუბინკა" ურტყეს თავში, წიხლებით უცემიათ, შემდეგ კი "დუბინკა" ჩაუჩრიათ პირში და ლამის დაუხრჩვიათ. ეს უშუალოდ მელაძის გაკეთებულია. ასე გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში - მელაძის კაბინეტში აჰყავდათ და იქ აწამებდნენ. შემდეგ მუხაძემ, იმავე "ქილერამ" ზაზას მისი თანასაკნელის, ვახტანგ მაისაიას მკვლელობა დაუკვეთა და, ასე ვთქვათ, ავარჯიშა კიდეც.

- რას გულისხმობთ?

- მუხაძე ზაზას დიდ ფულს და თავისუფლებას შეჰპირდა, სანაცვლოდ კი ვახტანგ მაისაია უნდა მოეკლა. მუხაძეს ზაზასთვის "შტირი" და ბალიში მიუცია და დაუვალებია, ივარჯიშე, თითქოს მძინარე მაისაიას სახეზე ბალიშს აფარებ, მერე კი "შტირს" არჭობო. თან დაუმშვიდებია, თუ ამ საქმეს გააკეთებ, ვერავინ ვერაფერს მიხვდება, ვიტყვით, თავი მოიკლაო... ვინაიდან ზაზამ ამ დავალების შესრულებაზეც უარი თქვა, ისევ იმავე მეთოდებით აწამეს - ფეხებით დაკიდეს და "დუბინკებით" სცემეს გონების დაკარგვამდე, ნეკნები ჩაულეწეს. თავში ამდენი ცემის შედეგად დაემართა ტვინის შერყევა, ნერვიულობის გამო კი - ეპილეფსია. 2-ჯერ გადაიტანა ინფარქტი, პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი. ჩვენ არაფრის საშუალება არ გვაქვს, ბინაც აღარ შეგვრჩა, ქირით ვცხოვრობთ და მხოლოდ უფლის იმედზე ვართ დარჩენილი. ერთი კვირის წინ ექიმებს ზაზა ლამის ხელში ჩააკვდათ, არავის ეგონა, მდგომარეობიდან თუ გამოვიდოდა. ისეთი ტკივილები ჰქონია, სიმწრით ნეკი მოუკვნეტია და პაემანზე შეხვეული თითით დამხვდა. რისთვის მიუსაჯეს ამდენი წელი, რატომ აწამეს და დაუნგრიეს ცხოვრება და ჯანმრთელობა, რატომ დაიდეს მისი ცოდვა? ან რა აზრი აქვს ასეთი ავადმყოფის ციხეში გაჩერებას? ზაზა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას და მკურნალობას ითხოვს, მხოლოდ წყალს უღებენ ორგანიზმიდან და ინსულინს აძლევენ, მას კი მკურნალობა სჭირდება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ