გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის ოჯახს ღია წერილით მიმართავს

გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის ოჯახს ღია წერილით მიმართავს

"თელასის" მენეჯერი, ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა ლომინაძის საქმიანობას უკავშირდებოდა. ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა. სწორედ მათ მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი, რომელიც 2006 წლის 6 მარტიდან იხდის სასჯელს მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით, ის თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

"მსურს, წერილის დასაწყისშივე განვმარტო: მიმართვის საჯარო ფორმა ჩემი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარეა, რადგან სხვა არჩევანი არ მაქვს. ასევე, მაქსიმალურად შევეცდები, კიდევ უფრო არ დავამძიმო ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრების ტრაგიკული მდგომარეობა. ვფიქრობ, ლოგიკური და სამართლიანია ჩემი მხრიდან, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ნათელი გავხადო ამ ვითომ "გამოძიებული" საქმის მასალები. მიზანი ხომ დამნაშავეების დასჯა და სამართლიანობის აღდგენაა და სხვა არაფერი?!

დაახლოებით ერთი თვის წინ მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა "ადეიშვილის პროკურატურის" მიერ დამალული, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულების, დნმ-ის ანალიზის უარყოფითი პასუხები. ვინაიდან პროკურატურამ ასეთი განცხადება გააკეთა და ბოდიში მოუხადა ლომინაძეების ოჯახს, რომ მათი შვილის მკვლელობა არ არის გახსნილი, ბუნებრივია, ოჯახიც უნდა დაინტერესდეს და გაერკვეს, რატომ გააკეთა პროკურატურამ ასეთი განცხადება.

მიუხედავად ამისა, დაზარალებული ნოდარ ლომინაძე უსაფუძვლოდ კვლავ მე მთვლის მისი შვილის მკვლელობის შემკვეთად. ჩემს წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის მრავალჯერ ნასამართლევი თაღლითის - ნოდარ გვიჩიანის ჩვენება. უცნაურია, რატომ სჯერა ბრმად დაზარალებულს კრიმინალის, რომელმაც მანამდე 200 ათასი დოლარი დასტყუა კალაძეების ოჯახს გატაცებული ლევან კალაძის ვითომდა დასაბრუნებლად. შემდეგ კი შეცდომაში შეიყვანა შს სამინისტრო, აფრასიძეები ჩაახოცვინა და მათი საგვარეულო სასაფლაო ტყუილად გადაათხრევინა ლევან კალაძის ნეშტის საპოვნელად. ნუთუ არ დაეჭვდა დაზარალებული ნოდარ ლომინაძე ასეთი რეპუტაციის ადამიანის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობაში? მით უმეტეს, რომ ეს ჩვენება 9-ჯერ არის შეცვლილი, ურთიერთგამომრიცხავი და თავისი არსით იურიდიულად დაუშვებელი მტკიცებულებაა. ასევე გაუგებარია, რატომ არ დაესწრო დაზარალებული ამ აბსურდული ჩვენებების ავტორის დაკითხვას სასამართლოში.

ჩემმა ადვოკატებმა სასამართლოზე დააყენეს შუამდგომლობა, დაკითხულიყო გენერალი დავით კეკუა, რომელმაც მკვლელობის ტყვია შეცვალა და საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანა. გაუგებარია, რატომ, მაგრამ დაზარალებული არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ნუთუ დაზარალებულს არ აინტერესებდა გაერკვია, რატომ შეცვალა ტყვია დავით კეკუამ და რატომ გააყალბა საქმე?

ასევე უაღრესად უცნაურია, რატომ არ სჯერა დაზარალებულს ბალისტიკური ექსპერტის დასკვნის და ამის ნაცვლად უსიტყვოდ სჯერა ადეიშვილის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ძვლის წელვადობა-კუმშვადობის თეორიისა.

აუხსნელი და გასაოცარია, როგორ შეიძლებოდა დაზარალებულს ეს ყველაფერი დაეჯერებინა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ლომინაძეების ოჯახი გადაიღალა ამდენი გაურკვევლობისაგან და ამიტომ მიიღო საქმის გახსნის ასეთი ვერსია.

მე და ჩემი ადვოკატები გამუდმებით ვთხოვდით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბატონ ნოდარ ლომინაძეს, აიყვანოს ადვოკატი და გაეცნოს საქმის მასალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პოზიცია ბრმა და უსამართლო იქნება. აგრეთვე, მოვუწოდებ ბატონ ნოდარ ლომინაძეს, საჯაროდ გამოაქვეყნოს ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც ჩემს დამნაშავეობაზე მეტყველებს, გარდა კრიმინალ ნოდარ გვიჩიანის აბსურდული ჩვენებებისა, რის სანაცვლოდაც მან მოიპოვა თავისუფლება. დაზარალებულს პროკურორისთვის ბრმად რომ არ დაეჯე­რებინა და ადვოკატი არ დაეთხოვა, დღეს მისი ოჯახი მოტყუებული არ აღმოჩნდებოდა და არც უდანაშაულო ადამიანებს ჩაგვთვლიდა მკვლელებად.

მთავარმა პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების - დნმ-ის ანალიზის პასუხი - დამალული იყო. ეს მხოლოდ ერთი დეტალია. ასეთი დეტალი საქმეში ათასამდეა და ყველა ადასტურებს ჩემს უდანაშაულობას და ბრალდების აბსურდულობას. ამ საქმის გაყალბებას, რომელსაც დაზარალებულმაც მხარი დაუჭირა, ოთხი ადამიანის სიცო­ცხ­ლე შეეწირა. სოდ-ის გამომძიებელი პაატა კუპრაშვილი საქმის დასრულების შემდეგ ინ­ფა­რ­ქტით გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა კაცს 2-ჯერ დაემართა ინფარქტი. პირველად დნმ-ის ანალიზის პასუხის მოსვლის შემდეგ (რომელიც დამალეს), ხოლო მეორედ - საქმის დამთავრების შემდეგ.

საპყრობილეში მეტად საეჭვო ვითარებაში ჩამოხ­რ­ჩობით დაასრულეს სიცოცხლე გენერალმა დავით კეკუამ და კრიმინალმა ნუგზარ გვიჩიანმა. უსამართლობას ვერ გაუძლო და სააპელაციო სასამართლოს მიმდინარეობისას ინფარ­ქტით გარდაიცვალა მამაჩემი. ჩემს ოჯახში დღემდე გლოვაა. მე კი ცხოვრება დამინგრიეს და უკვე შვიდი წელია, საპყრობილეში ვარ გამოკეტილი.

გამოძიებამ სხვადასხვა დროს ორჯერ შემომთავაზა საპროცესო გარიგება. თუ ჩემს თავზე ავი­ღებდი და დავიბრალებდი ამ მკვლელობაში ირიბ მონაწილეობას, მაშინ თავისუფლებას მო­ვი­პოვებდი. პირველად ეს მოხდა დნმ-ის უარყოფითი პასუხის (რომელიც დამალეს) მიღების შემ­დეგ, როდესაც გამოძიება მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და უდანაშაულო ადამიანი დამაპატიმრეს. შემომთავაზეს, მეთქვა, რომ შუამავალი ვიყავი და მკვლელობა "ეი-ი-ეს თელასის" გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ირიბარენმა შემიკვეთა. ჩიხში შესული გამოძიებისთვის ეს გამო­სა­ვალი იყო - საქმე გახსნილად გამოცხადდებოდა, იგნასიო ირიბარენს ვენესუელიდან ვერ ჩამოი­ყვანდნენ, მე კი პირობითი სასჯელით თავისუფლებას მოვიპოვებდი.

თავისუფლება დიდი ცდუნებაა, მით უმეტეს სააკაშვილის ციხეში, მაგრამ მე ვერ წავედი ჩემი სინდისის წინააღმდეგ თავისუფლების სასარგებლოდ.

მეორედ, უკვე სამუდამო პატიმრობამისჯილს, სააპელაციო სასამართლოს წინ შემომთავაზეს ანალოგიური რამ, ოღონდ ამჯერად მკვლელობის შემკვეთად თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, "თელა­სის" ყოფილი იურისტი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დამესახელებინა. თან გამაფრთხილეს, რომ ასეთი შანსი კიდევ აღარ მექნებოდა, რადგანაც კანონმდებლობით საპროცესო გარიგება სააპელაციო სასამართლოს შემდეგ უკვე აღარ შეიძლება.

მე რომ მართლა დამნაშავე ვყოფილიყავი, ამ შემოთავაზებებზე უარს არ ვიტყოდი და სამუდამოდ ციხეში არ ჩავჯდებოდი. მით უმეტეს, გარანტია არ მქონდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი 30 წელს არ გაგრძელდებოდა. შვიდი წლის წინ მე უარი ვთქვი თავისუფლებაზე და სამუდამო პატიმრობა ვარჩიე, რადგანაც მივხვდი, რომ თავისუფლება არ არის ყველაზე დიდი ღირებულება. სამართლიანობა და შინაგანი წესიერება გაცილებით უფრო დიდი ფასეულობაა. ამიტომ, პირველ რიგში, ვიბრძვი სამართლიანობისთვის და შემდეგ - თავისუფლებისთვის.

გამომდინარე აქედან, მე არ მომითხოვია პოლიტპატიმრების სიაში ჩემი შეყვანა და ამ გზით თავისუფლების მოპოვება. არადა, სწორედ პოლიტიკის გამო, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფიქტიური გახსნის გადასაფარავად დამაპატიმრეს. მე ვითხოვ, სამართლიანმა სასამართლომ გადახედოს ჩემს საქმეს და გაარკვიოს ჩემი უდანაშაულობა.

ამიტომ მივმართე სააპელაციო სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. თუკი სააპელაციო სასამართლო რამე მიზეზით უარს მეტყვის საქმის გადახედვაზე, მაშინ დაველოდები მართლმსაჯულების ხარვეზების შემწავლელ კომისიას და სამართალი მაინც აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამასთანავე, ვითხოვ, დაიწყოს ნიკა ლომინაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება. საქმეში არსებობს დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშები. მხოლოდ და მხოლოდ ამ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება მკვლელების დადგენა და საქმის გახსნა.

ჩემი მიზანი არის სიმართლის დადგენა. ამიტომაც ვთხო­ვე ჩემს ადვოკატებს, რომ მოხდეს საქმის მასალების გასაჯაროება. უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ საქმის მასალებს და საზოგადოება დაინახავს, რომ უდანაშაულო ვარ, რომ თეორიულადაც კი ამ მკვლელობასთან არაფერი მაკავშირებს!­"

გიორგი გვიჩიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ