როგორც ბესია პაპა ამბობს, ასაკი ბოლო ორი წელია, რაც იგრძნო, დარდობს იმაზე, რომ მეორე წელია, უიმისოდ იწყება საგაზაფხულო სამუშაოები სოფელში, ემდურის თვალისჩინს და ძვლებში ჩამდგარ სისუსტეს, თუმცა გონება კვლავაც უჭრის და წარსულის სურათებსაც შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილებისთვის კვლავაც აცოცხლებს. თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონის მკვიდრ ბესარიონ (ბესია) ზარიძეს ასი წელი 15 მარტს შეუსრულდა. საუკუნოვანი იუბილე მთელი სოფლისთვის ზეიმად იქცა. ბესია პაპას დაბადების დღე თიანეთის რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ დავითაშვილი: "ბედნიერი ვარ, ასეთ ღირსშესანიშნავ ამბავს რომ შევესწარი, ვინ იცის, კიდევ მომეცემა როდესმე საშუალება, საუკუნის ტოლი ადამიანი ვნახო და პირადად მიუვულოცო იუბილე?"
ბესია პაპა ცდილობს, სტუმრებს მხნედ დახვდეს. "ეს ჩემთან ბალღია", - ღიმილით გვაცნობს 87 წლის მეზობელ პაპა სვიმონს, რომელიც ამხანაგებიდან შემორჩა. დარდობს წასულ მეგობრებზე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომრებზე, მათი შესანდობარის დალევისას ფეხზე წამოდგომას ვერავინ ასწრებს.
1913 წელს დაიბადა. ბესია პაპას თანასოფლელები უფროსების გადმოცემულ ამბებს იხსენებენ და ამბობენ, რომ თურმე უწვერულვაშო ბიჭი განსაკუთრებული ძალით გამოირჩეოდა და სოფლის პირველი ფალავანი იყო. მერე იყო მეორე მსოფლიო ომი. 1942 წელს, ქერჩთან უმძიმესი ბრძოლებისას ტყვედ ჩავარდა და ტყვეობაში მთელი ევროპა გადაიარა.
- მამაძაღლმა ფაშისტებმა ლამის ფეხით შემოგვატარეს ბელორუსი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი. ამ ქვეყანაში საკონცენტრაციო ბანაკში ორ წელიწადზე მეტი გავატარე, ბევრნი ვიყავით ქართველები, ფრანგები განსაკუთრებულ პატივს გვცემდნენ, ჩვენთან დაკავშირებას მანამდე ემიგრაციაში წასული ქართველებიც ცდილობდნენ. ფაშისტების სისასტიკე რომ მახსენდება, დღესაც მზარავს. სასწაულად გადავურჩით სიკვდილს. 1944 წელს, როცა დაინახეს, რომ გერმანიის საქმე უკუღმა წავიდა, ერთ დღესაც ბევრი ითათბირეს და ტყვეების დახვრეტა გადაწყვიტეს. ეს რომ შევიტყვეთ, საფრანგეთის წინააღმდეგობის ხალხს გავაგებინეთ, იმავე საღამოს დაესხნენ ბანაკს და გაგვათავისუფლეს. ასე გადავრჩით. ფრანგულადაც და გერმანულადაც ვლაპარაკობდი, ახლა უკვე აღარაფერი მახსოვს, მარტო თვლა არ დამავიწყდა. კარგი ხალხია ფრანგები, ბევრი ღვინო აქვთ, ლამაზი ქალები ჰყავთ (იცინის).
- იქ დარჩენაზე არ გიფიქრიათ?
- იქ ბევრი ჩვენებური დარჩა, მაგრამ მე ეგ აზრადაც არ გამივლია. შენს სოფელ-ქვეყანას არაფერი სჯობია.
- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო?
- დედაჩემი ქეთელაურის გვარის ქალი იყო, 114 წელი იცოცხლა, ჩემმა და-ძმებმა ასი ვერა, მაგრამ 90 წელი ყველამ შეასრულა. ჯიში გვაქვს ეგეთი.
- ახლა სურათი უნდა გადაგიღოთ და მერე გაზეთში დავწერო თქვენზე.
- მე რაღა გამოსაჩენი ვარ, შვილო, საუკუნე გავასრულე უკვე. რა უბედურება არ დატრიალდა ჩემს თავს. ისა სჯობს, ახალგაზრდებზე დაწერო. მე ჩემი წილი კალო ავად თუ კარგად გავლეწე, ახლა თქვენი ჯერია.
- რას უსურვებთ ახალგაზრდებს?
- ჩემი ხნისა მოიყარეთ ყველა!
2012 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ას წელს გადაცილებული 1083 ადამიანია რეგისტრირებული. მათ უკვე ბესია პაპაც შეემატა. ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ, კიდევ - შთამომავლობის კარგად ყოფნას!
ნათია დოლიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)