რატომ გაეხვივნენ შარში ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მისი მეგობრები?

რატომ გაეხვივნენ შარში ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მისი მეგობრები?

ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია და მისი ორი მეგობარი ციხიდან 7-7-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ. მათ მეგობარს, სენაკელ დავით ეჯიბიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბექა ხოფერია და მისი მეგობრები - დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი და ერასტი საბანაძე ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ძალოვანთა მტკიცებით, 2013 წლის 14 მარტს ინციდენტი თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. ათამდე ნასვამმა ახალგაზრდამ პოლიციელების მიმართ აგრესია გამოხატა - ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პიროვნებამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; ერთმა პოლიციელმა კი, ვითარების განმუხტვისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით, ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით, მცირე ინტერვალით, ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა... - ასეთია ძალოვანთა პოზიცია.

ვაჟიშვილის დაკავების ფაქტს ხათუნა ხოფერია მაშინვე გამოეხმაურა. ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს იყო:

"სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ პოლიციელს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდა; ამას შეესწრნენ ბექა და მისი მეგობრები. ისინი ჩადგნენ შუაში, რომ სიტუაცია განემუხტათ. ამ დროს პოლიციის მხრიდან მოხდა ოთხი გასროლა. ბიჭებმა არ იცოდნენ, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. ბექა და იქ მყოფი ერთ-ერთი ბიჭი საშინლად არიან ნაცემები. სიტუაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო რობაქიძის დროს. უბრალოდ, ჩემს შვილს რომ ის ტყვია მოხვედროდა, გარწმუნებთ, მერე იქ დაყრიდნენ ავტომატებსაც, ყუმბარებსაც და ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ვიბრძოლო ბოლომდე იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს", - განაცხადა შვილის დაკავების დღეს ხათუნა ხოფერიამ.

პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.

სასამართლო დარბაზმა ბრალდებულების გულშემატკივრები ვერ დაიტია, ამიტომ ვინც შიგნით ვერ შევიდა, რამდენიმე საათი ფოიეში ელოდნენ სასამართლოს ვერდიქტს. ერთ-ერთი მამაკაცი წარამარა პირჯვარს იწერდა და უფალს შესთხოვდა, ბიჭები ციხეში არ გაეშვათ.

პროკურორმა, შორენა მიქაბაძემ პროცესზე დეტალურად ისაუბრა მომხდარი ინციდენტის შესახებ. თქვა, რომ ერთ-ერთ დაზარალებულ პოლიციელს ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. პროკურორმა ოთხივე პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და ისიც განმარტა, რომ ბრალდებული დავით ეჯიბია წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი: 2007 წელს - ნარკოტიკის უკანონო შეძენისთვის და 2009 წელს - ძარცვისთვის. რაც შეეხება გიგა იობაშვილს და ბექა ხოფერიას, როგორც პროცესზე გაირკვა, მათ ადრეც ჰქონიათ პრობლემები ძალოვანებთან. პროკურორის თქმით, ისინი შემჩნეული არიან წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში. ბექა ხოფერია ადრე ამის გამო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულიც ყოფილა.

ბუნებრივია, პროკურორის მოთხოვნას კატეგორიულად არ დაეთანხმა დაკავებულების ადვოკატი, გიორგი გვარამაძე. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ისინი ამბობენ, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

ვინაიდან პროცესზე მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილებოდა, ბრალდებულებს მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ უსაუბრიათ. თავიანთ პოზიციას ისინი საქმის არსებითი განხილვის დროს დააფიქსირებენ და იქ იტყვიან, რა მოხდა თამარაშვილის ქუჩაზე. ადვოკატი თავდაპირველად დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდა დანაშაულის არარსებობის მოტივით, თუმცა მან საბოლოოდ თავის სიტყვაში ითხოვა, ისინი 2.000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ სასამართლოს გაეთავისუფელბინა. განმარტა, რომ ისინი ხელს არ შეუშლიდნენ გამოძიებას და პირიქით, მათი მიზანი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა იყო.

მოსამართლემ სიტყვა ყველა დაკავებულს მისცა. ისინი ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმნენ და ბრალს არ აღიარებენ.

მოსამართლეს ერთი საათი დასჭირდა გადაწყვეტილების გამოსატანად. ღელავდა ყოფილი პარლამენტარიც. იგი პროცესზე ცუდად გახდა. ნერვიულობდნენ სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც.

მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა და განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პატიმრობაში დატოვა მხოლოდ დავით ეჯიბია, დანარჩენები გირაოთი გაათავისუფლა.

ამის მოსმენის შემდეგ გისოსებში მყოფი ბექა ხოფერია ატირდა. როგორც ჩანს, ის მეგობრის დაკავებას განიცდიდა. თავად დავით ეჯიბიამ ცრემლებისგან თავი შეიკავა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დარბაზში მყოფ მეუღლეს და ყველანი ბადრაგებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

- ეს არის სამართალი? ჩემი შვილი უდანაშაულოა. შვილო, იცოდე, არ გავჩუმდები, ქვეყანას შევძრავ და დავამტკიცებ შენს უდანაშაულობას, - ამ სიტყვებით გააცილა დავით ეჯიბიას დედამ შვილი დარბაზიდან. შემდეგ კედელს მიეყრდნო და კარგა ხანს ქვითინებდა.

დაკავებულის მეუღლის დამშვიდება კი ხათუნა ხოფერიამ სცადა. უთხრა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა. როგორც შევიტყვე, დავით ეჯიბია ციხიდან ახალი გამოსულია. ინციდენტის დღეს, დიდი ხნის უნახავ მეგობარს, ბექა ხოფერიას შეხვდა. "სენაკელები არიან. იქ სოფელი გვქონდა, ეჯიბიები ჩვენი იქაური მეზობლები არიან, ბავშვები მეგობრობდნენ. ისე მოხდა, რომ დათო დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ ბექას ელაპარაკა. გახარებული იყო ბექა, ციხიდან გამოვიდაო. მერე მეც ვესაუბრე ტელეფონზე და მითხრა, - ხათუნა დეიდა, ციხიდან გამოვედი და გპირდები, დანაშაულს არასოდეს ჩავიდენ, ჩემს ოჯახს მივხედავ და პატიოსნად ვიცხოვრებო", - მითხრა ხათუნა ხოფერიამ, რომელიც დარწმუნებულია ბიჭების უდანაშაულობაში და სჯერა, რომ სამართალს მიაღწევს.

ხათუნა ხოფერია:

- სამი გამოშვებულია, მათ შორის - ჩემი შვილიც. დათო ეჯიბია კი პატიმრობაში დატოვეს. მთავარია, ისინი ამ ეტაპზე გარეთ იყვნენ, დანარჩენს გამოძიება გვიჩვენებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არსებობს, არსებობს კანონები და ამ კანონების ფარგლებში ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რა მოხდა იქ რეალურად. არანაირი მცდელობა არ მაქვს, ჩემი შვილი ანგელოზად გამოვიყვანო, ამიტომ მივყვებით პროცესებს და დროთა განმავლობაში გეტყვით ყველაფერს. ახლა ინციდენტის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

- ქალბატონო ხათუნა, როცა თქვენი შვილი დააკავეს, მაშინვე პარალელი გაავლეთ ბუტა რობაქიძის საქმესთან. მიგაჩნიათ, რომ თქვენი შვილი მსხვერპლია და მას დანაშაული არ ჩაუდენია? რას ამბობენ დაკავებული ბიჭები მომხდარ ინციდენტზე?

- დეტალებს ვერ განვიხილავ. რაც შეეხება ინტერვიუს, ეს მივეცი მას შემდეგ, რაც ჩემი ნაცემი შვილი ვნახე. ხედავთ, ბექას ახლაც ეტყობა დაზიანება. დაახლოებით ვიცოდი ისიც, რაც მოხდა რეალურად. ეს სიტყვები ცხელ გულზე იყო ნათქვამი, მაგრამ მერწმუნეთ, თუ ძიების პროცესში დავრწმუნდები, რომ მსგავსი საფრთხე იყო, ამას ნამდვილად არ დავმალავ და ხმამაღლა ვიტყვი იმის მიუხედავად, რაც უნდა მოელოდეს ჩემს შვილს.

ბექა ხოფერიას და გიგა იობაშვილს სახეზე დაზიანებები პროცესზეც ეტყობოდათ. დაკავებულებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. ადვოკატმა გიორგი გვარამაძემ კი ეჯიბიასთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მისთვისაც გირაოს მოითხოვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ