რობერტ სტურუას სკანდალური სტატუსები - რას ეძახის რეჟისორი პრეზიდენტს

რობერტ სტურუას სკანდალური სტატუსები - რას ეძახის რეჟისორი პრეზიდენტს

დიდი ხანია, რაც სოციალური ქსელი "ფეისბუქი" პოპულარობით პრესას და ტელევიზიას აღარ ჩამორჩება. პირიქით, ხანდახან ისეთი რესპონდენტები, რომლებიც მედიისთვის ძნელად ხელმისაწვდომი არიან, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სკანდალურ განცხადებებს არ ერიდებიან. მარტო საქართველოს მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, უამრავი პოლიტიკური სკანდალი სწორედ სოციალური ქსელის წყალობით მოხდა. უფრო მეტიც, ყველას ახსოვს, როგორ მოხსნეს კულტურის მინისტრის ჯერ არდანიშნული მოადგილე ოქტომბრის არჩევნებამდე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული უცენზურო სტატუსების გამო. სწორედ "ფეისბუქიდან" აგორდა გოგა ხაჩიძის მიერ თეა წულუკიანის დიპლომის ნახვის კამპანიაც და ბოლოს სერიოზულ სკანდალშიც გადაიზარდა.

თავის დროზე რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიც სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიას შეეწირა. ყველას ახსოვს, ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში რა კონტექსტით ახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეროვნება. "სომეხია და რა ქნას" - ამ ფრაზას სტურუას მაშინდელი თანამდებობრივი მდგომარეობა შეეწირა. ალბათ რამდენიმე წლის წინ ეს ინტერვიუც ისე ჩაივლიდა, როგორც დანარჩენი სხვა ინტერვიუები, მაქსიმუმ, ტელედებატების დროს მაესტროსთვის ვინმეს წამოეძახებინა, მაგრამ ამ კამპანიამ შედეგი გამოიღო. მაშინ საზოგადოების აზრი სამად გაიყო. ერთნი სტურუას სიტყვებს ამართლებდნენ და არც თავად ინდობდნენ პრეზიდენტს, მეორენი ქსენოფობიაში სდებდნენ ბრალს და რუსთაველის თეატრიდან მის გადაყენებას ითხოვდნენ და მესამენი, რომლებიც დიდი მაესტროს გენიალურობაში დარწმუნებული იყვნენ, ამ­ბობდნენ, რომ ეს სიტყვები არ უნდა ეთქვა, თუმცა ამის გამო მმართველობიდან მაინც არ უნდა გაეთავისუფლებინათ.

სტურუა მოხსნეს... ბრძანებას ხელს მაში­ნდელი მინისტრი ნი­კოლოზ რურუა აწერდა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან სე­რიოზული გამოხმაურება მოჰყვა. პროტესტი გამოთქვეს რუსთაველის თეატრის მსახიობებმაც, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ გაბრაზებული სტურუა რუსეთის ერთ-ერთ თეატრში წავიდა სამუშაოდ, თუმცა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მშობლიურ თეატრს უკვე ახალი სტატუსით - რუსთაველის თეატრის მმართველის პოსტზე დაუბრუნდა. ყოფილ მმართველ ზაალ ჩიქობავას კი თეატრი დაემშვიდობა.

ჯერ კიდევ წლების წინ რობერტ სტურუას ინტერვიუებით არც პრესა იყო განებივრებული და არც ტელევიზია. მაესტრო იშვიათად ჩნდებოდა ეკრანზე და განსაკუთრებით პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ. რამდენიმე წლის წინ, ხელოვანებიდან ერთ-ერთი პირველი იყო რობერტ სტურუა, რომელმაც ინგა გრიგოლიას ეთერში ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების კრიტიკა გაბედა და შიშზე ისაუბრა. მეორედ ისევ სკანდალურად გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად "მაესტროზე" და უცნობის "საკან #5"-ში მივიდა.

მალე სტურუას გამოსვლებს საზოგადოება შეეჩვია და ხშირად არა, მაგრამ მაინც საუბრობდა სხვადასხვა ტელევიზიასა თუ გამოცემებში პოლიტიკაზე და უკვე ღიად აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას.

შემდეგ სოციალურ ქსელშიც გამოჩნდა. "ფეისბუქზე" უამრავი მეგობარი ჰყავს და უკვე დიდი ხანია, რაც მათ საკმაოდ გულახდილი სტატუსებით ანებივრებს. სტურუას ნაწერები არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ბევრი ფიქრობდა, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ მაესტრო ტონს შეარბილებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

დიდი რეჟისორის სკანდალური სტატუსები ხშირად მის ერთგულ თაყვანისმცემლებსაც სწყინთ. ფიქრობენ, რომ რეჟისორს ზედმეტი მოსდის, მაგრამ ბოლო დროს თბილისში ერთი უცნაური ჭორიც გავრცელდა. მართალია, მკითხველმა კარგად იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტურუას ყველაზე საყვარელ და ერთგულ მსახიობად ბესო ზანგური ითვლება, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში და ინტერვიუებშიც არ ერიდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საკმაოდ მწვავე და შეურაცხმყოფელ კრიტიკას. ბოლოს გავრცელებული ჭორით, სტატუსებს რობერტ სტურუას "ფეისბუქის" პროფილზე რეალურად რეჟისორი კი არა, ბესო ზანგური წერს. უბრალოდ, სტურუა ტექსტს თავად კარნახობს. შემდეგ კი ნაკლებად ინტერესდება, რა რეაქციები მოჰყვება ამას. ინფორმაციის გადამოწმება ზანგურთან ტელეფონის საშუალებით ვცადეთ, მაგრამ გამორთული ჰქონდა. ბოლოს კითხვა "ფეისბუქზე" მივწერეთ და მისგან საკმაოდ მშრალი პასუხი მივიღეთ.

-  ბესო ერთი კითხვა გვაქვს, ქალაქში ჭორი გავრცელდა, რომ რობერტ სტურუას ცნობილ, სკანდალურ სტატუსებს "ფეისბუქის" მის გვერდზე მისივე თანხმობით და კარნახით თქვენ წერთ.

-  აბსოლუტური სიცრუეა, კარგად...

ქვემოთ გთავაზობთ რობერტ სტურუას მიერ ბოლო დროს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსებს, რომლებსაც ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, ყველა მათგანი ბოლოს ამ შორისდებულით ბოლოვდება - ამ, ამ...

რეჟისორი 8 თებერვლის მოვლენებზე წერს:

"მეგობრებო, გააგებინეთ მანანა მანჯგალაძეს (ვაი, რა გვარს არცხვენს), წმინდან თაქთაქას, სახლში ჭადრაკების დამუშავების პარტიების ოსტატს - გიგა სუსლოვს და დიდ ფიტულ-პროვოკატორს, რა ვერ გამოთქვით ცხრა წლის მანძილზე, ქურდობისა და გარყვნილების გარდა. იმიტომ შეიკრიბა გამწარებული ხალხი, რომ ახსოვთ 7 ნოემბერი, 26 მაისი და ის, რაც ციხეებში ხდებოდა. ფრთხილად!.. ფრთხილად!.. "უმწიკვლო" მტრებო საქართველოსი! ამ-ამ..."

მოგვიანებით ამავე თემაზე წერს:

"კი, ესენი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, გამდიდრებული დედიკოების და ბებიკოების უზნეობით გაფუებულნი, მაგრამ ნუთუ ისეთი უწიგნურები არიან, რომ ისტორიის სახელმძღვანელოც არ გადაუფურცლავთ და არ იციან, რა ელით დიქტატორებს? თანაც უნიჭო, ბოღმიან დიქტატორებს? თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ იციან, ნატრობენ სამოქალაქო ომს, ვიღაც აგრესორზე, რაღაც სტიქიურ მოვლენებზე ოცნებობენ - დიდ დამანგრეველ მიწისძვრაზე, ქარიშხალზე, კალიის შემოსევაზეც... თუ ისევ ძველებურად გააგრძელეს ამ ცოფიანებმა, ყველაზე საშინელ სტიქიას მოიმკიან (პატარა რეციდივი უკვე იგემეს რვა თებერვალს), რევოლუციას! აჯანყებას! მაშინ კი ყველა უფსკრულში გადავიჩეხებით! თუმცა ამაზე ოცნებობენ ეს ვითომ ქართველი პატრიოტები! ფრთხილად, ფრთხილად! ამ-ამ".

სტურუა ბოლო დროს სააკაშვილს სოციალურ ქსელში ფიტულ დიდად მოიხსენიებს, სწორედ მას მიუძღვნა 26 თებერვალს დაწერილი კომენტარი:

"გამოდის ჩვენი ფიტულ დიდი, უცოდველი წმინდანის სახით და ტყუის და ტყუის, უტიფრად ტყუის... კაცი, რომელმაც ჩვენი სამშობლო ცრუპენტელა, მექრთამე მოძალადეებს ჩაუგდო ხელში... თვითონ გზავნიდა მოსამართლეებს ცოცხიან საკონცენტრაციო ბანაკებში და ახლა ნერვები აეშალა, დაკითხვაზე რომ დაიბარეს გამყიდველი იურისტები... ომის დაწყება უნდა, ომის! ოცნებობს, ნორმალური ქართველი რომ აღარ ჭაჭანებდეს სააკას სულთანათში, რომ დაამუნჯოს წესიერი მოქალაქე. როდემდე უნდა ილაპარაკოს ზნეობაზე გახრწნილმა არაკაცმა, როდემდე?! როდემდე უნდა დაგვჩხავოდეს ამ წმინდა მიწას ის უნიჭო მელოტი ყვავები, შოშიები და ჩიორები?! ამ-ამ!.."

ერთ-ერთ ბოლო სტატუსს კი, მის გვერდზე 4 მარტს რომ გამოქვეყნდა, რომელშიც ნაციონალებს "ორიგინალურად" მიულოცა დედის დღე, სოციალურ ქსელში აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა.

"დააკვირდით, რა დედები ჰყავს ჩვენს ყოფილ უზნეო მთავრობას. ერთი - ბევრი თურქი რომ ჰყავდა და დღეს, გამწარებული სახლს რომ აშენებს სასწრაფოდ დანგრეულ კლდეზე განათებული ტექნიკით. მეორე - "ანონიმკებს" რომ წერდა თავის კოლეგაზე, გასინჯეთ, - კაციაო... რა შვილებს გაზრდიდნენ ასეთი დედები?! დედაც გვიტირეს ასეთმა უზნეო დედებმა... გაუმარჯოს დედის დღეს! ამ-ამ..."

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"