ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა"

ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა"

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ერთმა ევროპულმა გაზეთმა საინტერესოდ შეაფასა - პრეზიდენტისთვის ასანთის წართმევას ცდილობენ, რომ ქვეყანა არ გადაწვასო. მართლაც, პრეზიდენტს ასანთი წაართვეს - მუხლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ლამის საიმპერატორო უფლებამოსილებას ანიჭებდა, წარსულს ჩაჰბარდა. საკონსტიტუციო ცვლილებები ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მხარე კმაყოფილია ან ცდილობს კმაყოფილი სახე მიიღოს. კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციასთან დაკავშირებით გეგმა-მინიმუმი შეასრულა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი სახის შენარჩუნებისა და იმის დემონსტრირების საშუალება მიეცა, რომ რაღაც ძალას წარმოადგენს. ყველაზე მეტად გახარებული დასავლეთია იმით, რომ ნალოლიავებმა ნაძალადევმა კოჰაბიტაციამ საბოლოოდ არ დალია ჩაილურის წყალი. ამას ეთანხმება პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი, რომლის თქმითაც, საკონსტიტუციო ცვლილებებით პირველ რიგში ქართველმა ხალხმა მოიგო და არის პერსპექტივა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

- კოჰაბიტაცია შედგა - ეს ცალსახაა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები: ვინ მოიგო ან ვინ წააგო. უპირველესად, მოიგო ქართველმა ხალხმა, რადგან დასრულდება საარჩევნო კამპანიის ის გარემო, რომელიც შეიქმნა ამ ცვლილებამდე. შესაბამისად, მთავრობას საშუალება მიეცემა, ყურადღება გაამახვილოს არა "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციასა და საბოტაჟზე, არამედ იმ პოლიტიკაზე, რომელიც რეალურად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე.

მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის გარემო და მთავრობას რეალური ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ მისცემოდა. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მცირე ხნის მანძილზე "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები - ჯანდაცვის სფეროთი დაწყებული და განათლების რეფორმითა და სოფლის მეურნეობით დამთავრებული. მაგრამ ერთია რეფორმების გატარება და მეორეა, მათი მიწოდება საზოგადოებისთვის. იმდენად დატვირთული იყო საინფორმაციო ველი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკური შეტევებით, რომ საზოგადოებას ყურადღება ამაზე ჰქონდა გადატანილი. იმედი მაქვს, ეს გამოსწორდება და "ქართულ ოცნებას" მიეცემა საშუალება, აკეთოს საქმე და საზოგადოებაც ინფორმირებული იქნება ამის შესახებ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ ვიწროპარტიულ ინტერესებს - როგორც ჩანს, პარლამენტში საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილისა და უმცირესობის შეხვედრისას, საბოლოოდ ჩამოყალიბდა "ნაცმოძრაობა", რათა დაეყენებინა სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი. ამ კენჭისყრით "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავი ისე წარმოაჩინა, რომ რჩება მონოლითურ გუნდად, ურომლისოდაც რთულია საკონსტიტუციო საკითხების დამტკიცება.

რეალური და მთავარი შედეგი ის არის, რომ მოხდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად განეიტრალება.

შესაბამისად, მის აქტივობას უკვე შეიძლება ნაკლები ყურადღება მიექცეს და საფრთხესაც აღარ წარმოადგენს.

- თუმცა, ექსპერტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, სააკაშვილს რომ გაებედა პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნა, ყოვლისწამლეკავ სახალხო აღშფოთებას მიიღებდა. სავარაუდოდ, ამას ხვდებოდა თავად პრეზიდენტიც.

- სააკაშვილის ემოციურობიდან, მისი ეგოცენტრული ხასიათიდან გამომდინარე, რაღაც მოვლენებს, შესაძლოა, ებიძგა, რომ ეს უფლება გამოეყენებინა. წესით, ეს არ უნდა გაეკეთებინა. სააკაშვილი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ლეგიტიმაციას ეძებდა არა ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ. შესაბამისად, მისგან პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნას ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა უცხოეთიდან, რომ ნებისმიერი რევოლუციური პროცესი მათი მხრიდან იქნებოდა გამართლებული, ანუ გამართლებული იქნებოდა ქართველი ხალხის ნება, სააკაშვილისთვის გამოეტანა განაჩენი. უნდა ითქვას ისიც, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გარეთ დარჩებოდა. დავუბრუნდეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - "ნაციონალებმა" სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებული ტაქტიკური სვლებით ერთი მხრივ, თავის მომხრეებს შემოუძახეს, რომ სიცოცხლისუნარიანი არიან. მეორე მხრივ კი დასავლეთში გაგზავნეს მესიჯი - ანგარიშგასაწევ ძალად ვრჩებითო. თუმცა,

საბოლოოდ "ნაცმოძრაობა" დამარცხდა ქართველი ხალხის თვალში, რადგან დადასტურდა, რომ ეს არის ვიწროპარტიულ და არა დემოკრატიულ ან სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა.

- გასაგებია, სარეიტინგო კენჭისყრა "ნაციონალებს" იმის წარმოსაჩენად სჭირდებოდათ, რომ ისევ მონოლითურ გუნდად რჩებიან და "ქართული ოცნება" არ იყო მართალი, როცა აცხადებდა - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 100-ზე მეტი დეპუტატი გვყავსო. მაგრამ რამდენად სწორი იყო "ქართული ოცნების" ტაქტიკა, როდესაც დათანხმდა "ნაციონალებს" სარეიტინგო კენჭისყრაზე? შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა ამაზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილის რჩევით განაცხადა.

- მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" თანამიმდევრულად მოიქცა და გადადგა პიარულად არცთუ მომგებიანი, მაგრამ სახელმწიფოებრივი კუთხით ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭი ფარული წესით რომ ეყარათ, ალბათ, "ქართულ ოცნებას" პრობლემა არ შეექმნებოდა და "ნაციონალთა" იმ ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერდნენ საკონსტიტუციო პროექტს, არ შეეშინდებოდა ვინაობის გამჟღავნების.

სამწუხაროდ, კანონმდებლობა ასეთ შემთხვევებში კრძალავს ფარული კენჭისყრის ჩატარებას. "ქართული ოცნების" განაცხადი - 100-ზე მეტი დეპუტატი გვყავსო, არ იყო სწორი ტაქტიკა. ეს განცხადება უკავშირდებოდა "ნაცმოძრაობის" გახლეჩას, თუმცა "ნაცმოძრაობა" ისედაც გახლეჩილია, უბრალოდ მის ლიდერებს თავიანთ წევრებზე ზეწოლის ბერკეტები აქვთ, რათა მსგავს სიტუაციებში ვითომდა ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა