კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"

კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"

როგორც ველოდი, საუბარი არაორდინარულად დაიწყო: - გინდათ მე ავიღებ თქვენგან ინტერვიუს, - მთავაზობს კახა ბენდუქიძე და კითხვასაც მისვამს, - იყო თუ არა აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება?

- ჯერ ჩემს კითხვებს უპასუხეთ და მერე თქვენ მკითხეთ. რატომ გაგიჩნდათ განცდა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?

- ეს 100%-ით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გეტყვით, რატომაც. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც განათლების სამინისტრომ შერჩევითი მიდგომა გამოიყენა ჩვენ მიმართ. 2012 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ დიდ ტენდერში, რომელსაც აშშ-ის და საქართველოს მთავრობები ერთად ატარებდნენ. ეს იყო ამერიკული ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი, რომლის ერთი ნაწილი შესაძლებელია ბათუმში ყოფილიყო, მაგრამ ძირითადი ნაწილი და მთავარი პროგრამები - თბილისში. ჩვენ შევქმენით სამი ამერიკული და ორი ქართული უნივერსიტეტის კონსორციუმი და ნახევარფინალშიც გავედით. ეს იყო სექტემბრის ბოლოს.

ამერიკის მთავრობის შესაბამისმა სააგენტომ გვითხრა, - არ გვინდა მთავრობას კოჭი გავუგოროთ და ახლა მივიღოთ დადგენილება, რომ გამარჯვებული ხართ. არჩევნების შემდგომ დავნიშნავთ სხდომას, რომელიც საბოლოოდ გამოგაცხადებთ გამარჯვებულადო. ახალმა მთავრობამ ეს ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა მოტივით, ეს პროგრამა არ მოგვწონს და ახალს დავწერთო. სინამდვილეში იგივე პროგრამა გადაწერეს. სიახლე კი მხოლოდ ის იყო, რომ ამ ტენდერში საქართველოს მხრიდან მონაწილეობის უფლება არა აქვთ კერძო უნივერსიტეტებს, მხოლოდ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მისცეს მონაწილეობის უფლება. ეს ჩანაწერი რეალურად ნიშნავდა, - თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს არა აქვს ტენდერში მონაწილეობის უფლებაო. კიდევ იყო არაერთი შემთხვევა ასეთივე შერჩევითობის, რამაც მაფიქრებინა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

დავუშვათ, ყველაფერი ეს დამთხვევაა, რაც ძალიან მაგონებს ერთ ანეკდოტს: მკვლელს ეკითხებიან, მსხვერპლს ცხრამეტჯერ დანა როგორ დაარტყიო. ვაშლს ვთლიდი და აწ გარდაცვლილი ცხრამეტჯერ დაეცა ჩემს დანაზე. მე არაფერ შუაში ვარო.

- ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე რამდენჯერ დაეცით დანაზე?

- გეტყვით, გეტყვით. სამინისტრო მზარეულების კონკურსს ატარებდა. ჩვენთან ჩატარება შევთავაზეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ დიდი სივრცეა და 70 კონკურსანტს შეეძლო ერთდროულად თავისი უნარი ეჩვენებინა, მაინც უარი მივიღეთ. ბევრი იყო წვრილმანი ბწკენაც, მაგრამ რაც აგრარულ უნივერსიტეტს დამართეს, უკვე ბწკენა კი არა, ჩაკბეჩა იყო. რა შუაშია აგრარულ ან თავისუფალ უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხი?

ორი წლის წინ ბევრი უვარგისი მასწავლებელი გავუშვით უნივერსიტეტიდან, რომლებიც ახლა აქციებს ატარებენ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად. მინისტრი მათ შეხვდა და სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე შემოვიდა განათლების სამინისტრო ჩვენთან. იმ ინტერვიუების მიხედვით, რასაც ჩვენი ყოფილი თანამშრომლები პრესას აძლევენ, ძალიან საინტერესო რამეები უნდა ეწეროს მათ საჩივარში. ერთ-ერთ გაზეთში ეწერა, რომ ჩვენ განგებ ვაავადებთ ხალხს, რომ მერე მათ სანდრა რულოვსმა უფასოდ ჩაუტაროს სკრინინგი კიბოზე. სინამდვილეში ეს ხალხი ჩვენ სამსახურიდან ატესტაციის შემდეგ გავუშვით. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს პროფესორის პოლიტიკურ შეხედულებებს. ჩვენთან არჩევნებამდე ასწავლიდა ზაზა შათირიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" იდეოლოგი იყო. აგრარულ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ჩვენი პროფესორი "ქართული ოცნების" გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელია.

- მარგველაშვილთან კარგი ურთიერთობა გქონდათ? თქვენდამი მისი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის გამო შეიცვალა?

- შეცდომებს წინა მთავრობაც უშვებდა და ესეც უშვებს. წინა მთავრობაც აკეთებდა კარგ საქმეებს და ესეც აკეთებს. წინა მთავრობაშიც იყო ხალხი, ვინც ვერ მიტანდა, ვინც მიტანს და ვინც ნეიტრალურად იყო განწყობილი, მაგრამ ჩემთვის წინა მთავრობასა და ამ მთავრობას შორის ის განსხვავებაა, რომ პროპორციები შეიცვალა. ახალ მთავრობაში უფრო ბევრი ვერ მიტანს. თუმცა "ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალი რანგის წევრის შვილი ჩვენთან სწავლობდა ან სწავლობს.

პრემიერს არ ვიცნობ. არასოდეს შევხვედრივარ არც რუსეთში ცხოვრების წლებში, რადგან ჩაკეტილად ცხოვრობდა. შესაძლოა ივანიშვილს პოლიტიკური ამოცანა აქვს, რომ ყოფილი ხელისუფლების ყოფილმა წევრმა ამ ქვეყანაში არ იბოგინოს.

- თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ განათლების მინისტრი აჩქარებინებს ავტორიზაციის საბჭოს თქვენს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას.

- იმიტომ აჩქარებინებს, რომ თავიდანვე სისულელე გააკეთა. სამწუხაროდ, ჩვენი განათლების მინისტრი აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც არ შეიძლება დაავალო არც კარგი და არც ცუდი საქმე. რაღაც შარში გაეხვია და სულ მეტად და მეტად ეხვევა. არ მინდა ჩემი ინტერვიუ გიორგის მივუძღვნა, სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საქმეც არსებობს, მაგრამ განათლების მინისტრი რომ ცოტათი მაინც უკეთესი იყოს, ქვეყანას არ აწყენდა.

- მინისტრი ამბობს, რომ შეეხო ისეთ ადამიანს, ვინც წინა ხელისუფლების დროს ხელშეუხებელი იყო.

- რატომ ვიყავი ხელშეუხებელი? არსებობს რამე ამის საბუთი? დემაგოგიაა, რომ ბენდუქიძე კანონებს არ იცავდა. აბა, გვიპოვონ კანონების დარღვევა. გიორგის არ წაუკითხავს ჩვენი შინაგანაწესი და რასაც ამბობს (თითქოს სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის შემდეგ ვრიცხავდით), ტყუილია. სად არის ის 600-ზე მეტი სტუდენტი, რომელიც ვითომ ჩვენ გავაგდეთ ფულის გამო უნივერსიტეტიდან? ერთიც ვერ ნახეს, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს... მინისტრმა არ იცის საგანმანათლებლო სისტემა როგორ არის მოწყობილი, ეზარება ამის გაგება, სიამოვნებით იღებს არასწორ ინფორმაციას და მერე ჩვენც გვატყუებს. მარგველაშვილმა უნდა გაყაროს ის ხალხი, ვინც დღემდე სისულელეებს ეუბნება, თუ ამაშია საქმე. მარგველაშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ხელმოკლე სტუდენტები გავრიცხეთ. ვიღაცებმა პარლამენტში თქვეს, ბენდუქიძე ღარიბებს ებრძვისო. ასეთი განცხადებები მე მორალურად შეურაცხმყოფს. არავის შევარჩენ ამ შეურაცხყოფას. რაც ავტორიზაციისთვის მოგვთხოვეს, ყველანაირი სულელური მოთხოვნაც კი შევასრულეთ. სტუდენტებს ასე ავუხსენი ეს ამბავი:

გალაკტიონი ლექსებს წერდა პირველ მაისზეც და ლენინზეც, რომლებსაც თურმე ათავსებდა ერთ საქაღალდეში, რომელსაც ეწერა "იმგენისთვის". იმ კაცს ესმოდა, რომ იყო რაღაც სისტემა, რომელშიც რომ გადარჩენილიყავი, ეს უნდა დაგეწერა. ჩვენც გამზადებული გვაქვს ყველა დოკუმენტი "იმგენისთვის".

მთავრობას უნდა შევხედოთ როგორც სტიქიურ უბედურებას. ის შეიძლება იყოს სიოც და ქარბორბალაც, რომელიც ხეებს ამტვრევს. ჩვენ ქარბორბალაში მოვყევით და მათთვის გვაქვს ის ქაღალდები, რასაც გვთხოვენ. როგორ შეიძლება უნივერსიტეტი დახურო იმის გამო, რის გამოსწორებასაც 2 დღე დასჭირდა?

- თქვენ არ დაუხურვიხართ. ავტორიზაცია მხოლოდ 4 თვის მერე გაგიუქმდებოდათ.

- ავტორიზაციის ჩამორთმევა დახურვას ნიშნავს. რატომ არ მოგვცეს ე.წ. ხარვეზების გამოსასწორებლად 15 დღე, რაც კანონში წერია? გიორგი, წაიკითხე კანონი! ახალი შენიშვნები იმ სხდომაზე გადმოგვცეს, რომელზეც ჩვენი დახურვა გადაწყვიტეს. სამინისტროს ვეუბნებოდით, რადგან ხარვეზები არ არსებობს, გადაწყვეტილება გაეუქმებინა, მაგრამ შეცდომის აღიარებაში ამბიცია უშლით ხელს. თუ ავტორიზაცია დაკარგე, ავტომატურად კარგავ აკრედიტაციას და აკრედიტაცია თავიდან გვაქვს გასავლელი 25 პროგრამაზე. ამით უზარმაზარი ზიანი მოგვაყენეს. საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორი ბოროტი შეიძლება იყოს მთავრობა და როგორ შეიძლება ებრძოდეს ის ხალხს. ახლაც ვხედავ ამას.

- თქვენი ყოფილი თანამშრომლების სარჩელში, რომელიც პროკურატურაში შევიდა, წერია, რომ 280 მლნ დოლარის ქონებას 4 მლნ დოლარად დაეუფლეთ.

- ეს ჩვენმა ეკონომიკის ყოფილმა პროფესორმა დათვალა და ამის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად გაგვიშვია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა. საქართველოში 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს. გვაქვს ორი კორპუსი იმ პირობით, რომ იქ უნდა მიმდინარეობდეს სასწავლო-სამეცნიერო პროცესი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა