ქმრის მიერ მოკლული თეა მეტრეველი მკვლელობამდე რამდენიმე დღე სამსახურში არ დადიოდა

ქმრის მიერ მოკლული თეა მეტრეველი მკვლელობამდე რამდენიმე დღე სამსახურში არ დადიოდა

ორხევის ხიდთან ქმრის მიერ მოკლულ თეა მეტრეველს თანამშრომლები დადებითად ახასიათებენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მე-3 ბაგა-ბაღის დირექტორმა თამარ ვაჭრიძემ განაცხადა, მოკლული თეა მეტრეველი ბოლო წლების განმავლობაში ბაღში აღმზრდელად მუშაობდა და მას კოლეგებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

დირექტორის ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მეტრეველი მას დაუკავშირდა, სამსახურიდან დაეთხოვა და რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში აღარ დადიოდა.

"მისთვის არასოდეს შენიშვნა არ მიმიცია, ჩვეულებრივი, ნორმალური გოგო იყო. ცუდი ადამიანი რომ ყოფილიყო, ამ საბავშვო ბაღში ვერ გაჩერდებოდა და არ იმუშავებდა. თავის საქმეს და უფლებამოვალეობას პირნათლად ასრულებდა. რაღაც უთანხმოება რომ იყო, ვიცოდი, სამსახურსაც აცდენდა, მაგრამ დეტალები ნამდვილად არ ვიცი", - განმარტა თამარ ვაჭრიძემ და აღნიშნა, რომ ბაღში ბავშვები მშობლებს ერთად მიყავდათ.

ამავე ბაღში მუშაობს მოკლულის დედამთლი. მასთან გასაუბრების საშუალება "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს არ მიეცა.

ბაღის აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი თეა მეტრეველის დედამთლის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ბაღის დირექტორი ამბობს, რომ მშობლების ამ მოთხოვნას განიხილავს.

33 წლის თეა მეტრეველი ქმარმა ორხევის ხიდთან დანით მოკლა. ამის შემდეგ მკვლელი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ამასთან, მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ