ის, რომ მხოლოდ აკრძალვა პრევენციას არ ნიშნავს და ნარკომანიის პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, კიდევ ერთი დოკუმენტით დადასტურდა.
საქართველოში ნარკომანიის წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგია დღემდე არ არის განსაზღვრული, სამაგიეროდ არსებობს ახალი ციფრები, რომელიც ამტკიცებს, რომ სიტუაცია უარესისკენ იცვლება.
საზოგადოებრივმა გაერთიანება "ბემონმა" პირველი სტატისტიკა 2009 წლის ბოლოს გამოაქვეყნა, დღეს კი ახალი კვლევის შედეგები ექსკლუზიურად გაგვაცნო. სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. "ბემონის" ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე აცხადებს, რომ თუ წინა მონაცემებით ქვეყანაში 40 000-ზე ნაკლები ნარკომანი იყო, 2012 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 45 000-ს აჭარბებს.
სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით შემცირდა ისეთი პოპულარული ნარკოტიკების მოხმარება, როგორებიცაა ჰეროინი და სუბოტექსი. სანაცვლოდ, იფეთქა "სააფთიაქო ნარკომანიამ", ანუ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების გამოყენებამ, რომლის შემადგენელი პრეპარატების შეძენა თავისუფლად შეიძლება.
თუ 2008/2009 წლებში ჰეიროინს 59.2%-იანი მოხმარება ჰქონდა, 2012 წლის ბოლო თვის მონაცემებით ეს ციფრი 35.9%-მდე შემცირდა. მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბუპრენორფინის, იგივე სუბოტექსის მოხმარება - 43.3%-დან 13.4%-მდე. როგორც ჩანს, უფრო ხელმისაწვდომი გახდა მორფინი და მისი წილი 3.7%-დან 7.2%-მდე გაიზარდა. 9%-ით გაიზარდა ფსიქოსიმულანტების, ე.წ. "ჯეფის" და "ვინტის" მოხმარება და 31%-იან ნიშნულს მიაღწია. ბოლოს ყველაზე ფართო გამოყენების კუსტარული ნარკოტიკზე შევჩერდეთ, რომელიც წინა კვლევის დროს საერთოდ არ არსებობდა და მხოლოდ ორი წელია გამოჩნდა. ეს დეზომორფინია, ე.წ. "კრაკადილი", რომელსაც ნარკომანების 36% მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უკანასკნელს მოკლე დროში ყველაზე მძიმე სამედიცინო შედეგები მოაქვს.
"ბემონის" მიერ თანამედროვე მეთოდოლოგიით ჩატარებულმა კვლევამ ქვეყნის 6 დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი და გორი მოიცვა.
როგორც ირკვევა, თბილისში ყველაზე პოპულარული "ვინტი"(55%) და "კრაკადილია" (45%). ბათუმში ლიდერი ჰეროინია. მასზე ნარკომომხმარებელთა 60%-ზე მეტს მიუწვდება ხელი.
თითქმის ყველა ქალაქში ერთნაირად პოპულარულია "კრაკადილი", თუმცა ამ მხრივ ლიდერი ზუგდიდია, სადაც კუსტარული ნარკოტიკით მომხმარებელთა 40%-ზე მეტი "კაიფობს".

ქუთაისშიც ბათუმის მსგავსად ყველაზე ხშირად "ჰეროინს" იკეთებენ. მისი წილი 40%-ს აღწევს. "ჰეროინი" ლიდერობს გორშიც, თუმცა სპეციალისტებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი ამ ქალაქში მორფინის მოხმარების მკვეთრი, დაახლოებით 20%-იანი ზრდა იყო. მიზეზების კვლევამ ექსპერტები სამხედრო ბაზებთან და ოკუპაციის საზღვართან მიიყვანა. დღეს ნახევრად ხუმრობით ამბობენ, რომ "ჯარისკაცებს მორფს ლიტრ არაყში უცვლიან".
ბოლოს თელავი და კიდევ ერთი სიურპრიზი - როგორც ირკვევა, კახელებს კეთილისმსურველები "სუბოტექსით" ამარაგებენ. ამ ნარკოტიკს თელავში ყველა სხვა ქალაქთან შედარებით მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი აქვს. მისი წილი 30%-ს აღწევს.
ამ ციფრების გათვალისწინებით, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ქვეყანაში ნარკომანიის მსხვერპლთა რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდებოდა, თუმცა როგორც წინა წლებში, დღესაც ციფრის განსაზღვრა შეუძლებელია და სტატისტიკა არ არსებობს.
მიზეზი მარტივია. ფატალური შემთხვევების რეგისტრაცია არ ხდება, რადგან ზედმეტი დოზის მოსვლის შემთხვევაში ნარკომომხმარებლები დაპატიმრების შიშით საავადმყოფოებში არ მიყავთ. ასეთ დროს კი როგორც წესი, თავისუფლებასა და სიცოცხლეს შორის არჩევანის გასაკეთებლად დრო ძალიან ცოტაა.
P.S. სპეციალისტების ვარაუდით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი "კრაკადილის" მომხმარებლებზე მოდის, რადგან ზედოზირების რისკი აქ ყველაზე მაღალია.
ბექა პატურაშვილი
ასევე იხილეთ: ნარკომომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა (+18)