რამაზ ჩხიკვაძის ნახატები მისმა შვილიშვილმა მაისურებზე გადაიტანა

რამაზ ჩხიკვაძის ნახატები მისმა შვილიშვილმა მაისურებზე გადაიტანა

ცნობილი ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი ნატალია ჩხიკვაძე პრაღაში ცხოვრობს. 25 წლის ნატალიამ ორი წელია, რაც დიზაინერობა გადაწყვიტა. მანამდე ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობები ისწავლა, თუმცა პარალელურად მუდმივად დადიოდა დიზაინის სხვადასხვა კურსზე.

ბრენდი "ნატაშ" 2011 წელს დააარსა ბებიასთან, ნატაშა ჩხიკვაძესთან ერთად. როდესაც ბებია გარდაიცვალა, ნატალიამ პირველი კოლექცია გააკეთა, რომელიც ეფუძნებოდა ბებია-შვილიშვილის ერთობლივ ესკიზებს და ბაბუის, რამაზ ჩხიკვაძის ნახატებს. კოლექციის სახელწოდებაც რამაზ ჩხიკვაძის გამონათქვამიდან მომდინარეობდა: "იდიოტიზმი" - ასე უწოდებდა ის თავის ნახატებს.

პირველი ჩვენება ნატალიამ გასულ წელს რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს შემდეგ გამართა. მომდევნო კოლექციები ნატალიამ პრაღაში აჩვენა.

- რატომ გადაწყვიტეთ დიზაინერობა?

- დიზაინერობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, მაგრამ სხვა პროფესიით ვმუშაობდი. 2011 წელს დავაარსე ჩემი ბრენდი "ნატაშ". ბებიაჩემმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი მონახაზები ნახა, გვერდში ძალიან დამიდგა, ჩემი არჩევანის შეუცდომლობაში დამარწმუნა. მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით მოვეკიდე ამ საქმეს.

- განათლება სად მიიღეთ?

- ჩეხეთში დავამთავრე უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. პარალელურად დიზაინის კურსებზე დავდიოდი.

- პირველი ესკიზების შექმნაში ბებია და ბაბუა დაგეხმარნენ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- თავიდან ბებიამ ერთ-ერთი კაბის იდეა მომაწოდა, რომელიც დავამუშავე და ესკიზი ჩემი ხედვით შევქმენი, შემდეგ პირველ კოლექციაში გამოვიყენე. გარდა ამისა, მაისურებზე გამოვსახე ბაბუაჩემის ნახატების პრინტები, სულ პირველი მან ჩემთვის დახატა. გადავწყვიტე, პირველი კოლექცია საზოგადოებისთვის პრაღის ნაცვლად თბილისში წარმედგინა და ბებიისა და ბაბუის ხსოვნას მივუძღვენი.

- როგორ შეხვდნენ ისინი შენს გადაწყვეტილებას, როდესაც დიზაინერობა გადაწყვიტე და რა რჩევებს გაძლევდნენ?

- ძალიან დადებითად შეხვდნენ ჩემს არჩევანს, თუმცა შედეგს, სამწუხაროდ, ვერ მოესწრნენ. სამაგიეროდ, ახლა მათ ნაცვლად მშობლების დიდი მხარდაჭერა მაქვს.

- ნატაშა ჩხიკვაძე ჩაცმისა და სტილის ერთგვარი ეტალონი იყო, მან და მისმა გარდერობმა თუ მოახდინა თქვენზე ზეგავლენა?

- რა თქმა უნდა, მოახდინა. ჩემი ნამუშევრები და გარდერობი მოიცავს როგორც ელეგანტურ და კლასიკურ, ასევე თანამედროვე ელემენტებს, ბებიასაც ასეთი სტილი მოსწონდა.

- რა დამოკიდებულება ჰქონდა სამოსთან და რომელი დიზაინერები მოსწონდა მას?

- ბებიას კარგად ჩაცმა უყვარდა, ლუიზა სპანოლი, მარინა რინალდი, შანელი, ქლოე, ესკადა - კიდევ ბევრ სხვა ბრენდს შეხვდებოდით მის გარდერობში.

- გაიხსენეთ მათთან გატარებული დრო.

- ბავშვობა ძალიან თბილად და კარგად დამამახსოვრეს. რთულია ასე მოკლედ 23 წლის გახსენება და გადმოცემა.

- ქსოვილს სად იძენთ?

- ძირითადად, ევროპაში.

- თქვენი სახელოსნო გაქვთ, რას აკეთებთ თქვენით და ვინ გეხმარებათ?

- დიახ, მაქვს ჩემი სახელოსნო, მყავს მკერავები. მე ვქმნი ნახატს, ასევე ვკერავ, ადმინისტრაციულ მოვალეობებსაც თვითონ ვასრულებ. დროში შეზღუდული ვარ, მაგრამ ხანდახან მათ მეც ვეხმარები.

- მოგვიყევით დეტალურად, როგორ ქმნით კოლექციას.

- რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვქმნი ესკიზებს, პარალელურად ვარჩევ და ვყიდულობ ქსოვილს, ნაჭრების მიხედვით კიდევ უფრო ვზრდი კოლექციას. ატელიეში დიდ დროს ვატარებ, რომ ყველაფერი ზუსტად, ესკიზების მიხედვით გამოვიდეს. ტანისამოსი იდეალურად რომ მოერგოს ადამიანს, მოდელს ვაზომებ მანამ, სანამ ბოლო­მდე არ დასრულდება. საბო­ლოო დეტალებს ხელით ვამატებ. კოსტიუმის დასრულე­ბისას ასევე ბევრ რამეს ვამატებ. შემდეგ ვარჩევ მოდელებს ფოტოსესიისთვის და ჩვენებისთვის. როდესაც კოლექცია ბოლომდე მზად არის, ფოტოსესიას ვატარებ. ეს, ძირითადად, ჩვენებამდე ერთი კვირით ადრე ხდება.

- რამდენი კოლექცია გაქვთ შექმნილი?

- ამჟამად ჩემს მესამე კოლექციაზე ვმუშაობ.

- სად მართავთ ჩვენებებს? პერ­­სონალურად აკეთებთ თუ მოდის კვირეულებზე გამოდიხართ?

- ჩვენებები ჩეხეთში მაქვს, პერსონალურადაც ვაწყობ და ახლა უკვე მოდის კვირეულისთვისაც ვემზადები.

- საქართველოში თუ აპირებთ კოლექციის ჩამოტანას, მაღაზიის ან სახელოსნოს გახსნას?

- ამ ეტაპზე საქართველოში არაფერს ვგეგმავ, თუმცა მომავალში მაქვს ჩვენების ჩატარების სურვილი.

- ქართველ დიზაინერებსა და ქართულ მოდაზე რას გვეტყვით?

- საქართველოში საკმაოდ ბევრი დიზაინერია, ზოგიერთი თავისი ნიჭით და საინტერესო ხედვით გამოირჩევა. პირადადაც ვიცნობ რამდენიმე მათგანს და დიდ პატივს ვცემ.

- რომელია თქვენი საყვარელი უცხოელი დიზაინერი?

- ბევრი საყვარელი დიზაინერი მყავს, თუმცა ვალენტინო და ლაგერფელდი არიან ჩემთვის ყველაზე დიდი მაგალითები.

- თავად რა გაცვიათ, თვითონ იკერავთ თუ ცნობილი ბრე­ნ­დების სამოსს იცვამთ?

- ხშირად ვიმოსები საკუთარი კოლექციებიდან. ზემოაღნიშნული დიზაინერების ტანისამოსსაც ვიცვამ. მათ გარდა უზომოდ მიყვარს გუჩი, დისქუაიერდი, ქლოე და ა.შ. უფრო ხელმისაწვდომებიდან - ზარა, ტოპშოპი, გესი, ლიუ-ჯო.

- პრაღაში უცხოელად ითვ­ლებით, თუ საზოგადოებამ ადვილად მიგიღოთ?

- 5 წლიდან აქ ვიზრდები, ჩეხეთის მოქალაქე ვარ, ასე რომ, უცხოელად არ ვითვლები. მშობლიურ ენასავით ვფლობ ჩეხურს.

- რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეები ბოლო წლებში საცხოვრებლად პრაღაში გადმოვიდნენ. ჩე­ხი საზოგადოება იცნობდა მათ?

- ჩეხეთში, სამწუხაროდ, ბაბუას და ბებიას ისე არ იცნობენ როგორც საქართველოში. აქ თეატრალური საზოგადობა იცნობს, მაგრამ ახალგაზრდა თაობა - არა.

- შთაგონებას საიდან იღებთ კოლექციაზე მუშაობისას?

- სხვადასხვანაირად, ყოველთვის გააჩნია ჩემს შინაგან მდგომარეობას.

- ტანსაცმლის გარდა რაზე მუშაობთ? ფეხსაცმელს ან აქსესუარებს თუ აკეთებთ?

- ფეხსაცმელსაც ვქმნი, ახალ კოლექციაში აქსესუარებიც მექნება.

- სად ყიდით კოლექციებს? და­ახლოებით რა ღირს თქვენი ნამუშევრები?

- კოლექციებს ჩემი საიტიდან ვყიდი, ასევე ჩეხი დიზაინერების მაღაზიაში, რომლებიც ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდნენ და ახლაც ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება ფასებს, ჩემს საიტზეა მითითებული. ვისაც დააინტერესებს, ჩეხურ კრონებში შეუძლია ფასების ნახვა.

- ფინანსურად ვინ გეხმარებათ?

- ძველი სამსახურებიდან, სადაც ეკონომიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განხრით ვმუშაობდი, თვითონ მქონდა ფინანსური დანაზოგი პირველი კოლექციისთვის. შემდეგი კოლექციები უკვე გაყიდული ტანსაცმლის მოგებიდან შევქმენი, თუმცა ახლაც, როდესაც მჭირდება, ოჯახიც მეხმარება. ჩვენების დროს სპონსორებიც მყავს.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ახალი იდეების განხორციელება, ახალი, უფრო მასშტაბური კოლექციები და ჩეხეთის საზღვრებს გარეთ ჩვენებების გამართვა.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"