მხატვარი მეტროპოლიტენში - "დავით ბაქრაძემ 5 დოლარიანი მომცა"

მხატვარი მეტროპოლიტენში - "დავით ბაქრაძემ 5 დოლარიანი მომცა"

პროფესიით ფერმწერია, წარსულში პერსონალურ გამოფენებსაც მართავდა, მისი სახელი შესულია მსოფლიო კატალოგში "ვინ ვინ არის", თუმცა სიდუხჭირის გამო დღეს იძულებულია, მეტროპოლიტენში ხატოს... ეს გახლავთ მხატვარი ზიზი ზარიძე:

- სამხატვრო აკადემია დავამთავრე, შოთა ჩლაიძე და გია ბუღაძე ჩემი ჯგუფელები იყვნენ. ვარ მხატვართა კავშირის წევრი. ვიდრე ასეთ ექსტრემულ პირობებში ხატვას დავიწყებდი, მეტროპოლიტენში ნამყოფიც არ ვიყავი, მაგრამ როდესაც ჩემს 22 წლის შვილს პრობლემები შეექმნა, ყველაფერი გავყიდე და ყველა ახლობელი დავკარგე, მივხვდი, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ დამეხმარებოდა, ფურცელი და ფანქარი ავიღე და ხატვა დავიწყე. თავდაპირველად სადგურ "თავისუფლების" ფოიეში ვხატავდი, შემდეგ კი ვაგონებში გადავინაცვლე. პირველად, მამაკაცის პორტრეტი რომ დავხატე და მივაწოდე, ფული მომცა და... 7 წელია ასე გრძელდება. მეტროპოლიტენის ერთი გაჩერებიდან მეორემდე, ზუსტად 3 წუთში ვასწრებ პორტრეტის ან კარიკატურის დახატვას...

ეს ექსტრემული მხატვრობაა. ძნელია ამ პირობებში ხატვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. როცა ჩემი ცხოვრება შავ-თეთრი გახდა, მეც მიწის ქვეშ დავიწყე ხატვა. მთავარია, ადამიანის მზერა დავიჭირო და ზუსტად გადმოვცე, ნაკვთები კი სწრაფად იხატება. მზერა მთავარი შტრიხია, რომელიც ადამიანის ხასიათს გადმოსცემს.

- თქვენი ყოველდღიური შემოსავალი საშუალოდ რამდენია?

- ასე, 30-40 ლარამდე, გააჩნია, როგორ ვიმუშავებ. ყოფილა შემთხვევა, 5 ლარზე მეტი ვერ გამომიმუშავებია. მატარებლის ვაგონში რომ შევდივარ, თავიდან ყველას მოწყენილი, დაღლილი და სევდიანი სახე აქვს, მაგრამ როგორც კი დავიწყებ ხატვას, ყველა მხიარულდება. ზოგი 1 ლარს მაძლევს ნახატში, ზოგი - 2 ლარს, ზოგს ხატი მოუცია ან, უბრალოდ, მადლობა უთქვამს. ერთმა გოგონამ მითხრა, დედამ გარდაცვალების წინ დაიბარა, ზიზი ზარიძემ რომ დახატა ჩემი პორტრეტი, ის ჩასვით ჩარჩოშიო... ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს ამქვეყნად?

- დღის განმავლობაში რამდენ საათს მუშაობთ?

- დილიდან ღამის 12 საათამდე მეტროპოლიტენში ვარ, უკვე მივეჩვიე ასეთ ყოფას. მიხარია, ჩემი ხელოვნება ადამიანებს სიამოვნებას რომ ანიჭებს და სევდიან სახეებზე ღიმილს რომ ვხედავ. ეს არის ჩემი ცხოვრება, ქალი ვარ, მეც მჭირდება ყურადღება, საკუთარ თავზე ზრუნვა. დღესაც, თქვენთან რომ მოვდიოდი ინტერვიუზე, ცოტა გამოვიპრანჭე. მთავარია, შვილი მყავდეს კარგად. ყველაფერს მისთვის ვაკეთებ...

- პოპულარული ადამიანები თუ გხვდებიან მეტროპოლიტენში?

- იშვიათად. რამდენიმე თვის წინ შემხვდა ზალიკო სულაკაური, დავხატე მისი კარიკატურა და ძალიან მოეწონა. კარიკატურისტ კემოსაც შევხვდი, მითხრა, თუ მომეწონება შენ მიერ დახატული კარიკატურა, სხვაზე მეტს გადაგიხდიო. დავხატე, მოეწონა და 10 ლარი გადამიხადა. ზაფხულში ბათუმში ვმუშაობდი, ბულვარში ვხატავდი გამვლელებს. ერთ საღამოს დავინახე კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭები, ერთ-ერთი მათგანი დავხატე, როდესაც პორტრეტი მივაწოდე, ძალიან გამხიარულდა და 5-დოლარიანი მომცა. მერე შევიტყვე, რომ ეს კაცი პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ყოფილა. ზაფხულში ლიტვიდან იყვნენ ჩამოსული სტუმრები, ისინიც დავხატე სანაპიროზე და 20 დოლარი გადამიხადეს. ვწუხვარ, სააკაშვილს რომ ვერ შევხვდი მეტროპოლიტენში, ძალიან მინდა მისი კარიკატურის დახატვა, აქცენტს მის ღიმილზე გავაკეთებდი, სახასიათო ღიმილი აქვს.

ინტერვიუ: "მხატვარი მეტროპოლიტენში"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"