"ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სახიფათოა მიგრანტების დიდი ნაწილის ავტოქტონებად გამოცხადება"

"ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სახიფათოა მიგრანტების დიდი ნაწილის ავტოქტონებად გამოცხადება"

"ენების ქარტიის" გარშემო მძაფრი კამათი პოლიტიკურ თუ სამეცნიერო წრეებში დროდადრო გააქტიურდება ხოლმე, ამჯერად კატალიზატორის როლი პარლამენტისადმი ახალქალაქის საკრებულოს მიმართვამ შეასრულა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კამათი ხშირად ზედაპირულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ქარტია არც კი წაუკითხავთ... სინამდვილეში, რა ფასეულობებს ეფუძნება "ენების ქარტია" და არის თუ არა საფრთხის შემცველი მისი რატიფიცირება საქართველოსთვის? - ამ საკითხებზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გვესაუბრება:

- ამჟამად ამ საკითხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, ჩემი აზრით, ორ მიზანს ემსახურება: პირველი - საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სახელი გაუტეხონ ევროპაში, თითქოსდა იგი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგია; მეორე - გარკვეული პოლიტიკური წრეები საქართველოს შემდგომ დანაწევრება-დაყოფას ცდილობენ კონფედერაციად ან ფედერაციად. მიმდინარე საინფორმაციაო ომის ერთ-ერთი ასპექტია შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე. დღეს ჩვენ ამ ომს საერთაშორისო მასშტაბით ვაგებთ. სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ-სამეცნიერო არეალში საქართველო წარმოდგენილია სეგმენტირებულ ტერიტორიად, როგორც ეთნიკური, ისე ლინგვისტური თვალსაზრისით.

საქმე ის არის, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული ორი დოკუმენტი ხშირად ეშლებათ ერთმანეთში. ერთის მიზანია ავტოქტონი, მაგრამ ქვეყნის არაძირითადი მოსახლეობის ენების გადარჩენა-განვითარება, ხოლო მეორის - მიგრანტი, არაავტოქტონი ეთნიკური ჯგუფების ენების დაცვა. კერძოდ, 1992 წელს ევროსაბჭომ გამოაქვეყნა "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ", რომლის მიზანი ავტოქტონი უმცირესობის ენის, როგორც იდენტობის განმსაზღვრელი კულტურული ფენომენის დაცვაა; ხოლო 1995 წელს ევროსაბჭომ მიიღო "კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა შესახებ", რომლის მიზანი ეროვნული უმცირესობის ენობრივი უფლებების განსაზღვრა და დაცვაა. 1999 წელს, ევროსაბჭოში შესვლისას საქართველომ ორივე ამ დოკუმენტის რატიფიცირების ვალდებულება დაიკისრა, "ეროვნული უმცირესობების შესახებ კონვენციის" რატიფიცირება პარლამენტმა 2005 წელს მოახდინა, მეორე დოკუმენტზე კი აზრთა სხვადასხვაობაა. დღეს ზოგი ცდილობს, ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ამბობს, რომ "ენების ქარტია" ყველა რეგიონულ ენას გულისხმობს; სინამდვილეში, დოკუმენტში ლაპარაკია ისტორიული ანუ ავტოქტონი უმცირესობის ენაზე. ქარტიის 31-ე განმარტებაში შავით თეთრზე წერია: "რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ "ევროპული ქარტიის" დებულებები მოიცავს მხოლოდ ისტორიულ ენებს, ანუ იმ ენებს, რომლებიც დიდი ხანია გავრცელებულია მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე". ევროსაბჭო "ენის ქარტიის" ხელმომწერი სახელმწიფოსგან ითხოვს, რომ ამ ენებზე შესაძლებელი იყოს სასკოლო და უმაღლესი განათლების მიღება, აგრეთვე საქმის წარმოება, სასამართლო. ფაქტობრივად, ეს მეორე სახელმწიფო ენის გამოცხადებას ნიშნავს. ქარტიაში ხაზგასმულია ისიც, რომ ამით ზიანი არ უნდა მიადგეს სახელმწიფო ენას; აღნიშნულია, რომ რეგიონული ან უმცირესობის ენების დაცვა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობას გულისხმობს.

- ევროპის რომელი სახელმწიფო ამბობს უარს ქარტიის რატიფიცირებაზე?

- ამ დოკუმენტმა ევროპის არაერთ ქვეყანაში გამოიწვია ვნებათაღელვა. მიიჩნევენ, რომ ის რისკებს შეიცავს, კონკრეტულად: მასობრივად ჩამოსახლებული მიგრანტების ენისთვის მოცემულ რეგიონში განათლებისა და საქმისწარმოების ენის სტატუსის მინიჭებით შესაძლოა, სახელმწიფო ენის ფუნქციობა შეიზღუდოს; ჩნდება ალბათობა, მიგრანტ ენობრივ საზოგადოებას ავტოქტონი მოსახლეობის მსგავს უფლებებზე გაუჩნდეს პრეტენზია; რომ ამით ქვეყანაში სეპარატიზმის საფრთხე იზრდება და ა. შ.

აღნიშნული საფრთხეების გამო, 2012 წლის მონაცემებით, ევროსაბჭოს წევრი 48 ქვეყნიდან ამ ქარტიის რატიფიცირება მოახდინა 24-მა სახელმწიფომ; 9 ქვეყანამ მხოლოდ ხელი მოაწერა დოკუმენტს, მათ შორის არის საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, აზერბაიჯანი, რომელიც აცხადებს, რომ რატიფიცირებაზე უარს ამბობს, ვიდრე მისი ტერიტორიები ოკუპირებულია. 15 სახელმწიფოს თავისი პოზიცია არ ჩამოუყალიბებია: ბელგიას, საბერძნეთს, თურქეთს, ლატვიას, ესტონეთს, პორტუგალიას, საქართველოს.

- საფრანგეთში "ენების ქარტიას" დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა...

- დიახ, საბოლოოდ, საფრანგეთი არ შეუერთდა ამ ქარტიას, ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭომ დაადგინა, რომ მისი ზოგიერთი დებულება ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, მიიჩნიეს, რომ ის სეპარატიზმის საფრთხეს გაზრდიდა ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში. ესპანეთში კატალონიური, ბასკური, რეგიონული ენებია, მაგრამ არავის მოსვლია აზრად იქ მცხოვრები ფრანგების ან არაბების ენისთვის იგივე სტატუსი მიენიჭებინათ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრი ისეთი გადაწყვეტილებაც მიიღეს, რაც ქარტიის პრინციპებიდან არ გამომდინარეობს, მაგალითად, სომხეთში რუსული აღიარეს რეგიონულ ენად. პოლონეთში კი საქმე კურიოზამდე მივიდა - ეს სტატუსი ძველ, მკვდარ სომხურ ენას - გრაბარს მიანიჭეს.

"ენის ქარტია", ერთი მხრივ, იცავს საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული უმცირესობის ენას, მაგალითად, ესპანეთში ბასკების ენას და, მეორე მხრივ, ქარტიის მამებმა გაითვალისწინეს სეპარატიზმისა და თავსმოხვეული კონფლიქტების რისკები, ამიტომ ქარტიაში ნათქვამია, რომ: 1. "ენის ქარტია არ მოიცავს მიგრანტთა ენებს" (მუხლი I ა, II) და შესაბამისად, მისი მიზანი არ არის უმცირესობის ენობრივი უფლებების ჩამოყალიბება; 2. "ენის ქარტია" არ მოიცავს სახელმწიფო ენას, მის ადგილობრივ სახესხვაობებსა და დიალექტებს.

- კონკრეტულად, რა იგულისხმება ქარტიის ტერმინში "რეგიონული ან უმცირესობის ენა"?

- ტერმინი გულისხმობს ერთი კატეგორიის, მაგრამ სამი ვარიანტით გამოვლენილ ენას: 1. რეგიონული ენა - სახელმწიფოს მოცემული რეგიონის ავტოქტონი მოსახლეობის ენა, თუკი ამ ენაზე მეტყველი, მოსაუბრე საზოგადოება უმრავლესობაა რეგიონში; 2. უმცირესობის ენა - მოცემული რეგიონის ავტოქტონი მოსახლეობის ენა, თუკი ამ ენაზე მეტყველი საზოგადოება უმცირესობაა ამ რეგიონში და 3. ტერიტორიის არმქონე ენა - სახელმწიფოში მცხოვრები ისეთი ისტორიული მოსახლეობის ენა, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული გეოგრაფიული არეალი.

- თუმცა, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს თვითონ ტერმინი "ავტოქტონი".

- ეს ტერმინი ძირძველ, ისტორიულ მოსახლეობას აღნიშნავს, მაგრამ დღეს არის მცდელობა 100-წლიანი მკვიდრობა გახდეს საკმარისი ავტოქტონობის მოსაპოვებლად; ამგვარი კრიტერიუმი სახიფათოა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სახიფათოა მიგრანტების დიდი ნაწილის ავტოქტონებად გამოცხადება. გარკვეული ძალები ცდილობენ ავტოქტონებად გამოაცხადონ ქვეყანაში გვიან დამკვიდრებული ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის, სომხები, რუსები და აზერბაიჯანელები, და მათი ენებისთვის "ენის ქარტიის" მუხლების მიყენებას ცდილობენ. სომხებს არაერთ სახელმწიფოში ჰყავთ მრავალრიცხოვანი დიასპორა, თუმცა საქართველოში, სომხეთის შემდეგ, პროცენტულად ყველაზე მეტი სომხური სკოლაა. ასე რომ, ქვეყნის ინტერესებიდან და ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ამ ქარტიის რატიფიცირება ქვეყნის დეოკუპაციასა და სახელმწიფო ენის სრულყოფილ ამოქმედებამდე უნდა გადაიდოს. ჯერ სახელმწიფო ენის უფლებები უნდა დავიცვათ, შემდეგ - ჩვენში მცხოვრები მოძმე ერების ენობრივი უფლებები.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა