ლიკა პატარკაციშვილი: ”ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში”

ლიკა პატარკაციშვილი: ”ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში”

ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილმა, ლიკა პატარკაციშვილი-ჟმოტოვამ "ფორბსის" რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისა და ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

- ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ბერეზოვსკი კარგა ხნის განმავლობაში უჩიოდა დედათქვენს, ინა გუდავაძეს...

- დიახ, ბერეზოვსკი ჩვენს ოჯახს უჩიოდა. თუმცა, გასული წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად, ბერეზოვსკიმ უარი თქვა ყველა პრეტენზიაზე, რომელიც მანამდე ჰქონდა ჩვენი ოჯახის კუთვნილი აქტივების მიმართ.

- სიკვდილის წინ ბერეზოვსკი ამტკიცებდა, რომ შეცდა ბადრისთან მიმართებაში. რატომ გაიყო მამათქვენისა და ბერეზოვსკის ინტერესები ბიზნესსა და ცხოვრებაში? მამას არაფერი უთქვამს თქვენთვის ამის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით მათ შორის არსებული ეკონომიკური განხეთქილების თაობაზე, რომელიც 2006 წელს მოხდა. ბერეზოვსკის პოლიტიკური აქტივობა არ აძლევდა მამას საშუალებას, მშვიდად დაკავებულიყო ბიზნესით. მამა ხშირად აღნიშნავდა სინანულით, რომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობები და არ დაბრუნდა რუსეთში. თუმცა, ბადრისთვის აქტივების გადაცემის შემდეგაც, ბორისი და მამა მეგობრებად რჩებოდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორი წლის წინ ბერეზოვსკი ბადრის საფლავზე იმყოფებოდა საქართველოში.

- ბერეზოვსკის სიკვდილის მიზეზების განხილვისას გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ოლიგარქის სიკვდილი ხელსაყრელი იყო პატარკაციშვილის მემკვიდრეებისთვისაც, ვინც ბერეზოვსკისთან ბიზნეს აქტივების 50%-იან წილს იყოფს. რას იტყვით ამაზე?

- მიჭირს მსგავს განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რადგან ისინი ყოველგვარ ზღვარს სცდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ 4-წლიანი დავის შემდეგ, ბერეზოვსკიმ და ჩვენმა ოჯახმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია. ეს შეთანხმება ოფიციალურადაც არის გაფორმებული. რაც შეეხება ამ ბრალდებებს, ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციებს გავდივართ იურისტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა რეაგირება მოვახდინოთ ბრალდებებზე.

- გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, თქვენმა ოჯახმა ტელეკომპანია "იმედი" დაიბრუნა. როგორ მოხდა, რომ სწორედ თქვენ ჩაუდექით კომპანიას სათავეში?

- როცა ნოემბერში "იმედი" დავიბრუნეთ, დღის წესრიგში დადგა საკითხი, თუ ვინ უხელმძღვანელებდა კომპანიას. ლონდონში ჩვენ საოჯახო ოფისი გვაქვს და სწორედ იქ გამართულ საოჯახო საბჭოზე, რომელშიც დედაჩემი, მე, ჩემი უმცროსი და ია პატარკაციშვილი და ჩვენი მეუღლეები შედიან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "იმედში" მე ვიმუშავებდი. ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა, შევკრიბო "იმედში" პროფესიონალების ისეთი გუნდი, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ კომპანიის მართვას.

- "იმედის" გარდა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კიდევ რა ქონება დაიბრუნა პატარკაციშვილების ოჯახმა?

- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი აქტივები დავიბრუნეთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ბიზნესპარტნიორების დახმარებით შევძელით, ზოგიერთში კი სასარმართლოს გზით. ამ ეტაპზე საქართველოში ჩვენს ოჯახს ეკუთვნის მიწები ზღვის სანაპიროზე, მეტალურგიული ქარხანა რუსთავში, კომპანია "მაგთიკომის" აქციების ნაწილი და სხვა რამდენიმე ბიზნესი.

მომზადებულია forbes.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"