ცოტნე გამსახურდია - "ზვიადობის" დაკანონებით მარგინალთა ჯგუფი პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს

ცოტნე გამსახურდია - "ზვიადობის" დაკანონებით მარგინალთა ჯგუფი პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამ თარიღის პომპეზურად აღნიშვნის დაკანონებას და "ზვიადობის" გამართვას აპირებს. ამ საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ექს-პრეზიდენტის ვაჟს, ყოფილ პოლიტპატიმარ ცოტნე გამსახურდიას. როგორც ის გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში აცხადებს, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამით პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას ცდილობს.

"არ ვემხრობი ადამიანების გაფეტიშებას, ისევე როგორც არ ემხრობოდა მამაჩემი. ძალიან გთხოვთ, ეს დააფიქსიროთ. მე პირველად მესმის ასეთი ტერმინი "ზვიადობა", რაც გავრცელდა. ვინ არის ამის ორგანიზატორი, არ ვიცი და რაღაც მარგინალური ჯგუფი მგონია, რომელიც ცდილობს ამით პოლიტიკურ სარბიელზე გასვლას. არ მიმაჩნია, რომ მამაჩემის გარდაცვალებიდან ასე მოკლე ხანში საჭიროა მსგავსი ღონისძიებების გამართვა და პომპეზური ორეულის შექმნა... ზვიადის მმართველოს დროს იყო არასწორი სვლებიც, მაგრამ იყო ეპოქალური მნიშვნელობის პროცესებიც. ეს დროისა და ისტორიის შესაფასებელია და არა ადამიანების გარკვეული ჯგუფის", - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

ინტერვიუში ექს-პრეზიდენტის ვაჟი ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება სწორედ ამ ნიადაგზე მოუვიდა. ამ პროცესის ხელმძღვანელობის სურვილი ხელისუფლებამ გამოთქვა, რაზეც ექს-პრეზიდენტის ვაჟმა უარი განაცხადა.

"ღია დაპირისპირება იმ პერიოდიდან დაიწყო, როდესაც ისინი ჩემგან ითხოვდნენ, მათთვის დამეთმო ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების პროცესის ხელმძღვანელობა, რაც არ გავაკეთე. მათ აამოქმედეს სხვადასხვა მეთოდები, მოქრთამვიდან დაწყებული, დაშინების მცდელობით დამთავრებული...

მამაჩემის ნეშტი წინა ხელისუფლებას არ ჩამოუსვენებია, ის მე ჩამოვასვენე. ამაში საამაყო არაფერია, უბრალოდ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა შვილს. 2007 წელსვე გაჩნდა ეს ვერსია, როცა ნეშტის ძიებისა და შემდგომ ჩამოსვენებისა და რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა...

ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის პროცესია ხალხმრავალი იყო. ის გზად, მამადავითისკენ, პარლამენტის წინ შეჩერდა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესია მიხეილ სააკაშვილისთვის გაკეთდა", - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე მომხრე იყო, სახელმწიფო ჩაბმულიყო ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენების პროცესში, რის გამოც შვილთან უთანხმოება ჰქონდა.

"იყო გარკვეული უთანხმოებაც, რომელზეც საუბარი ამ ეტაპზე არ მსურს", - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 74 წელი შეუსრულდებოდა. 2007 წლის 28 მარტს ექს-პრეზიდენტის ნეშტი რუსეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს, 1-ელ აპრილს კი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის საფლავებს შორის დაკრძალეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა