ახალი სამოსი, ახალი ნივთები - ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებას კიდეც ახალისებს და უფრო სასიამოვნოსაც ხდის, თუმცა წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომელიც ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენს და რამდენიმე დღეში გაუფუჭდება... "საქართველოში ასეთი ფაქტები არცთუ იშვიათად ხდება" - ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა, რომელიც ამავე ორგანიზაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელია:
- იმის დასტურად, თუ როგორი დაუცველია ქართველი მომხმარებელი, ორიოდე მაგალითს მოვიშველიებ: 2012 წლის 26 ივლისს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე მაღაზია "ციფროვიკში" გოგონამ უპროცენტო განვადებით შეიძინა ნოუთბუქი AСER-ი, 13 აგვისტოს კი შეამჩნია, რომ ნოუთბუქის კორპუსი და ეკრანი მეტისმეტად ხურდებოდა, შემდეგ ეკრანმა ციმციმი დაიწყო. მეორე დღეს, 14 აგვისტოს კი ეკრანს ლაქები გაუჩნდა და მისი ჩარჩოც დეფორმირებული იყო. იმავე დღეს მომხმარებელმა ნოუთბუქი მაღაზიაში მიიტანა, მაგრამ ბრალი აქეთ დასდეს - ალბათ, ძირს დაგივარდაო. მაღაზიამ ნოუთბუქი შესამოწმებლად კი დაიტოვა, მაგრამ მათ ობიექტურობაში დაეჭვებულმა მყიდველმა ჩვენ მოგვმართა დასახმარებლად, 15 აგვისტოს მასთან ერთად მივაკითხეთ მაღაზია "ციფროვიკს". პერსონალმა განგვიმარტა, რომ ნოუთბუქს ერთწლიანი ქარხნული გარანტია ჰქონდა და იმ შემთხვევაში, თუ ის მომხმარებლის მიერ არ იყო დაზიანებული, მისი შეკეთება ან გამოცვლა სირთულე არ იქნებოდა. ნოუთბუქი იმავე დღეს გადაუგზავნეს ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე AСER-ის სერვისცენტრს, სადაც დადგინდა, რომ ნოუთბუქის ეკრანს მართლაც ქარხნული ნაკლი ჰქონდა და მას უფასოდ გამოცვლიდნენ, თუმცა ამ მომსახურებას 2-3 კვირა მაინც დასჭირდებოდა - ახალი ეკრანი უცხოეთიდან გამოიწერეს. 21 აგვისტოს ერთად მივაკითხეთ სერვისცენტრს, სადაც გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ ეკრანის გამოცვლას აპირებდნენ. მომხმარებელმა მათ განუმარტა, რომ ჩარჩოც გამოსაცვლელი იყო. დირექციასთან მოკლევადიანი კონსულტაციის შემდეგ გვაცნობეს, რომ ამ დეფექტსაც უფასოდ გამოასწორებდნენ და ჩარჩოს გამოცვლიდნენ, თუმცა ვინაიდან ეს დეტალიც უნდა გამოეწერათ, შეკეთებას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა.
- ქალბატონო ლია, რით დასრულდა ეს ამბავი?
- 7 სექტემბერს მომხმარებელს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მისი ნოუთბუქი მზად იყო. მაღაზიაში მასთან ერთად მივედით, კომპიუტერი ჩაგვირთეს და საშუალება მოგვცეს, კარგად დაგვეთვალიერებინა. ეკრანი და მის გარშემო ჩარჩო წესრიგში იყო, კომპიუტერს არც სხვა დეფექტი ეტყობოდა, ამიტომ მომხმარებელმა იგი ჩაიბარა. 20 სექტემბერს კი შევიტყვეთ, რომ კომპიუტერი კვლავ გაფუჭდა, როგორც ჩანს, მას თავიდანვე ჰქონდა სერიოზული დეფექტი და ნელ-ნელა უფუჭდებოდა სხვადასხვა დეტალი. თანაც გოგონას ეს კომპიუტერი განვადებით ჰქონდა ნაყიდი და ახლა მთელი წლის განმავლობაში უნდა იხადოს თანხა უსარგებლო ნივთში.
- გამოდის, რომ ამგვარ ვითარებაში ძირითადად მომხმარებელს ამტყუნებენ?
- სამწუხაროდ, საქართველოში ასეა მიღებული. კიდევ ერთ უსიამოვნო შემთხვევას გავიხსენებ: 2012 წლის 29 ოქტომბერს მოგვმართა მომხმარებელმა, რომელმაც ამავე წლის 19 მარტს, სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" შეიძინა ორბარათიანი მობილური ტელეფონი ნოკია-101. ტელეფონის ყუთზე მიკრული იყო საგარანტიო მომსახურების ნიშანი. მომხმარებელი დააიმედეს, რომ ტელეფონს ერთწლიანი გარანტია ჰქონდა, თუმცა საგარანტიო პირობებიდან ირკვევა, რომ აკუმულატორის საგარანტიო ვადა არის 6 თვე, ხოლო მეხსიერების ბარათისა - 90 დღე. როგორც მომხმარებელმა გვითხრა, ტელეფონს გამართულად ორი თვეც არ უმუშავია. მომხმარებელმა თბილისში ჩამოსვლა და ტელეფონის უკან მიტანა მხოლოდ 31 აგვისტოს მოახერხა. სახელოსნომ ტელეფონი შესამოწმებლად ჩაიბარა, 3 სექტემბერს კი მომხმარებელს დაურეკეს და უთხრეს, თქვენი ტელეფონი დასველებულია, ამიტომ მასზე გარანტია აღარ ვრცელდება, შესაკეთებლად კი 30 ლარი უნდა გადაიხადოთო. ჩვენ შევეცადეთ, სავაჭრო სახლ "გოლეთიანის" ხელმძღვანელობასთან გაგვერკვია, როგორ შეიძლებოდა ტელეფონი დაზიანებულიყო, როცა მომხმარებელს იგი სითხეში არ ჩავარდნია, მაგრამ განგვიმარტეს - ტელეფონის შიგთავსს გაოფლიანებული ხელით მოხმარებაც ანესტიანებს და აფუჭებსო(?!). საკითხავია, ნუთუ მართლა ასე იოლად უნდა "იოფლებოდეს" და ზიანდებოდეს თანამედროვე ტექნიკა? ეს არ არის ერთეული შემთხვევები: ერთმა მომხმარებელმა მოგვმართა იმიტომ, რომ უხარისხო ფოტოაპარატი მიჰყიდეს, მეორემ - უხარისხო ელექტროჩაიდანი შეიძინა, ამ დღეებში კი ერთ მათგანს სარეცხი მანქანა გაუფუჭდა, რომელსაც ძრავა აქვს შესაცვლელი და მყიდველი ორმოცი დღე უნდა ელოდოს, რადგან ეს ძრავაც უცხოეთიდან გამოიწერეს.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ ადამიანების ხვედრი არ გავიზიაროთ?
- პირველ რიგში, წაიკითხეთ საგარანტიო ხელშეკრულება. ნუ მოგერიდებათ, რომ ყველა დეტალი დაადგინოთ და გამოიკითხოთ. უნდა დავადგინოთ, რა ხნის განმავლობაში შეიძლება პროდუქტის შეკეთება და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რემონტი. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოცვლა. როგორც წესი, საგარანტიო საბუთებში წერია, თუ ნივთი შეკეთებას არ ექვემდებარება, მხოლოდ მაშინ გამოვცვლითო, მაგრამ ამ პირობაზე ნუ დათანხმდებით. თუ თქვენი შენაძენი საწარმოო წუნის გამო გაფუჭდა, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოგიცვალონ. თუ ისეთ რთულ საქონელს, რომელიც ნაწილებისაგან არის აწყობილი - კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს, სარეცხ მანქანას ან ტელევიზორს არ შეგიცვლიან, ეს ძალიან ცუდია, რადგან უკან დაგიბრუნდებათ დაშლილი საქონელი, რომელსაც ნაკლი აქვს. ასე მოხდა ჩემს მიერ დასახელებულ პირველ მაგალითში: ნოუთბუქს გამოუცვალეს ეკრანი და ჩარჩო, მაგრამ შიგნით კიდევ რა დეფექტები დარჩა, არავინ იცის.
- როგორ იქცევიან ასეთ დროს ცივილიზებულ ქვეყნებში?
- ნორმალურ ქვეყნებში თუ პროდუქციას ნაკლი აქვს, მყიდველს, სულ ცოტა, ექვსი თვის განმავლობაში შეუძლია მისი უკან დაბრუნება ან გამოცვლა. რა თქმა უნდა, ნივთი დაჩხაპნილი ან გატეხილი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ის ქარხნული წუნის გამო გაფუჭდა, უკან უნდა დაიბრუნონ. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა შეათანხმოთ შესყიდვის პროცესში. თუ გეუბნებიან, რომ მხოლოდ არემონტებენ და არა გაქვთ უკან დაბრუნების უფლება, არ იყიდოთ ასეთი ნივთი! რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ საგარანტიო ხელშეკრულებას, მით უკეთესი: როცა მომხმარებელი იტყვის - არ მომწონს თქვენი საგარანტიო პირობებიო, მაღაზიიდან გავა და პროდუქტს აღარ იყიდის, მეწარმეები შეეცდებიან, უკეთესი საგარანტიო პირობები შემოგვთავაზონ. ვიდრე ეს მოთხოვნა ჩვენგან არ წამოვა, სულ ასე უუფლებონი ვიქნებით. ყველას ვთხოვ, ხელი არ ჩაიქნიონ, მაღაზიაში თუ ვერ მიაღწევენ სამართალს, ჩვენ მაინც მოგვმართონ და საშუალება მოგვცენ, რომ მსგავსი ფაქტები გავახმაუროთ. ყველა ეს შემთხვევა საფუძვლად დაედება ახალ კანონს, რომელიც ახლა მუშავდება და მომხმარებელთა უფლებები უნდა დაიცვას.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)