თავისუფლება ან 600 ათასი ლარი

თავისუფლება ან 600 ათასი ლარი

67 წლის ბიზნესმენი, მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ჯაყელი 2011 წელს სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2008 წელს სერგო ჯაყელმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ "იაფი კრედიტის" პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. კრედიტის გამცემი კომისიის თავმჯდომარე იყო კახა ბენდუქიძე, რომელიც ჯაყელმა პროექტის - "ბამბუკის ინდუსტრიის შექმნა საქართველოში", პერსპექტიულობაში დაარწმუნა და ბიზნესმენის კუთვნილ კომპანია "ამმას" გამოეყო 650.000 ლარი 5 წლის ვადით, წლიური 9%-იანი სარგებლით.

2008-2010 წლებში იაფი კრედიტის ფარგლებში კომპანიამ ახალი პროდუქცია შექმნა, კომპანია ვითარდებოდა, მოლაპარაკება მიმდინარეობდა თურქულ და პოლონურ კომპანიებთანაც...

2011 წლის გაზაფხულზე სერგო ჯაყელი "იაფი კრედიტის" მონაწილე კომპანიების შემოწმების საკითხზე მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ალექსანდრე მგელაძემ დაიბარა და ყველა იურიდიული და საფინანსო დოკუმენტის წარდგენა დაავალა. მიუხედავ­ად იმისა, რომ პროკურატურის საფინანსო ექსპერტს დარღვევა არ უპოვია, 2011 წლის 14 ივნისს სერგო ჯაყელი კრედიტის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით დააკავეს.­

გაგი მოსიაშვილი, სერგო ჯაყელის ადვოკატი: - კრედიტის გაცემის დღიდან კომპანია "ამმას" საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაციის მონიტორინგს "მუნიციპალური ფონდი" (სახელმწიფოს მიერ შექმნილი ორგანიზაცია) ახორციელებდა და დარღვევა არასდროს უპოვია. გამოძიებას ეჭვი ჰქონდა, რომ ჯაყელმა კრედიტი გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მიიღო და ამის დასადასტურებლად გეგმა შეიმუშავა.

დაკავების დღიდან სერგო ჯაყელს მოსთხოვეს, ეთანამშრომლა პროკურატურასთან და მიეცა ცრუ ჩვენება "ნაციონალური მოძრაობისათვის" არ­ასასურველ მაღალჩინოსანთა წინააღ­მდეგ. ასეთი ჩვენება რომ ვერ მიიღეს, ბიზნესმენი კრედიტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. 2008 წელს ჯაყელმა კრედიტის ნაწილით (330 ათასი ლარი) სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უძრავი ქონება (ფართობი) შეიძინა, გამოძიებამ ეს მიიჩნია კრედიტის არამიზნობრივ ხარჯვად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გასაწევი ხარჯი თანხმდებოდა და კონტროლდებოდა "მუნიციპალური ფო­ნდის" მიერ, ბრალდება დაეყრდნო ერთადერთ მტკიცებულებას - კერძო ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც წერია, რომ ფართობის საბაზრო ფასი შეადგენდა 160 ათას ლარს. ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურო კი სულ სხვას ამტკიცებს, თუმცა სასამართლო რატომღაც კერძო დასკვნას დაეთანხმა. ეს ერთადერთი საქმეა, როცა სასამართლო არ დაეყრდნო სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას. კერძო ექსპერტმა კი აღიარა, რომ მან პროკურატურის დაკვეთა შეასრულა.

გოგა ჯაყელი, სერგო ჯაყელის შვილი: - განგვიმარტეს, რომ მამას თავისუფლება მხოლოდ თანამშრომლობის საფუძველზე იყო შესაძლებელი. თანამშრომლობაში იგულისხმებოდა პროკურატურისათვის სასურველი ჩვენების მიცემა - სერგო ჯაყელს უნდა დაესახელებინა კონკრეტული პირები, რომლებმაც ქრთამი აიღეს. კატეგორიული უარის შემდეგ, როგორც ალტერნატივა, თავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული იყო 600.000 ლარის გადახდა "ბიუჯეტში".

- მიგაჩნიათ, რომ მამათქვენი პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული?

- გამომძიებლის სიტყვებით, დაპატიმრების ბრძანება მოსული იყო "ზემოდან", "ერთ-ერთი პირველი პირისგან" და ბრალდება ერთ ღამეში დაიწერა. ის, რომ ბრალდება შედგენილია ნაჩქარევად და დაუფიქრებლად, მისი პირველივე სტრიქონებიდანვე ჩანს. მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ერთი შუამდგომლობა. პატიმრობამ, ნერვიულობამ, მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეარყია. 67 წლის კაცს ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უმოწყალოდ სცემა, რის შედეგადაც მამამ სამუდამოდ დაკარგა მხედველობა ცალ თვალში. იმედი მაქვს, რომ, ბოლოს და ბოლოს, საქმე გადაიხედება და სამართალი, რომელსაც ბოლო ორი წელი ვეძებთ, იზეიმებს.

ამონარიდი სერგო ჯაყელის წერილიდან, რომელიც მან საპატიმროდან გამოგზავნა: "ჩემთვის სამართალი დასრულდა 2011 წლის ივნისის ერთ ღამეს, როცა მთავარ პროკურატურაში მაგიდაზე დამიდეს მთავრობის (ეკონომიკის სამინისტროს) მაღალჩინოსანთა გვარების სია: უნდა მიმეთითებინა რომელიმე, ვისაც კრედიტის მოსაპოვებლად ქრთამი მივეცი. იმხანად კრედიტის გაცემის კომისიის თავმჯდომარე ბენდუქიძე იყო. მასთან საკმაოდ მწვავე პაექრობაში დავამტკიცე ჩემი პროექტის პერსპექტიულობა და კრედიტზე თანხმობაც მივიღე. მაგრამ ჩემი მცდელობა, დამემტკიცებინა, რომ ქრთამის გარეშე მოვიპოვე პროექტის განხორციელების უფლება, მხოლოდ მათ დამცინავ ღიმილს იწვევდა".

P.S. ჩვენი მცდელობა, დავკავშირებოდით ჯაყელის საქმის გამომძიებელ ალექსანდრე მგელაძეს, უშედეგო აღმოჩნდა. ის პროკურატურაში აღარ მუშაობს, მისი მობილური კი გათიშულია. რაც შეეხება ფართობს, რომელიც სერგო ჯაყელმა თითქოსდა საბაზრო ფასზე ძვირად შეიძინა, ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, სახელმწიფოს გადაეცა.

ლამუნა ირემაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ