ირაკლი ალასანიას მეუღლე ნარკომანების დასახმარებლად ფინანსებს ეძებს

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნარკომანების დასახმარებლად ფინანსებს ეძებს

თებერვლის მიწურულს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობაში ჩატარდა გამოფენა - "მე დავბრუნდი" (ამ ექსპოზიციის შესახებ "გზის" N9-ში მოგითხრობდით). ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა", რომელმაც წარმოადგინა ყოფილ ნარკომომხმარებელთა ნამუშევრები: ნახატები, სკულპტურა და სხვადასხვა მასალით დამზადებული ინსტალაციები. განსაკუთრებით თვალში ერთი ორიგინალური ნამუშევარი მომხვდა: სახელდახელო მასალებით შექმნილი მთა, მასზე შეფენილი ცხვრითა და ლობიოს მარცვლებით აშენებული სვანური კოშკებით. ავტორი, "კამარას" თანამშრომელი ნოდარია, რომელიც 30 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ თრობაში იმყოფებოდა, მაგრამ უკვე 3 წელია, სიფხიზლეს ინარჩუნებს. არტთერაპია მისთვის მაშველ რგოლად იქცა: "კამარაში" ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია აითვისა და ახლა ამ ურთულეს საქმეს სხვებს ასწავლის. ბატონ ნოდარს მართლაც ოქროს ხელები აქვს. როგორც დედას არ ემეტება შვილი გასაშვებად, ისე ორგანიზაციის მესვეურებმა ვერ გაიმეტეს და იქვე დაასაქმეს.

"კამარაში" ვნახეთ ის, რის გამოც ღირდა წამალზე უარის თქმა!"

ნოდარი გ. 51 წლის:

- როდესაც ჩანაცვლებითი თერაპიის კლინიკაში კურსს გავდიოდი, ერთმა ფსიქოლოგმა "კამარაში" მისვლა მირჩია. ამჟამად ხუთი მოსწავლე მყავს. ვაკეთებთ სამკაულებს, სხვადასხვანაირ სუვენირს, ნახატებს და ა.შ. "კამარაში" ვნახეთ ის, რის გამოც ღირდა წამალზე უარის თქმა: საქმე, რომელიც შევიყვარეთ. მსურველი ბევრია, მაგრამ პატარა სახელოსნო ყველა მსურველს ვერ იტევს. ასეთი ორგანიზაციები რამდენიმე მაინც უნდა არსებობდეს. მეტი ხალხი უშველის თავს და გამოვა მდგომარეობიდან. გადაგდება იოლია - "ლომკა" სამ დღეში იხსნება. მაგრამ მერე, თუ აღარ იცი, რა გააკეთო, ისევ წამალს დაუბრუნდები.

- პირველად როდის გასინჯეთ ნარკოტიკი და რამ განაპირობა ეს ნაბიჯი?

- 15 წლის ვიყავი. ამ ასაკში გინდა, რომ ტოლებს არ "ჩამორჩე"; ცდილობ, მიგიღონ და თავისად გაღიარონ. ვისთანაც მეგობრობა მინდოდა, ყველა ნარკოტიკებს ეძალებოდა. ჰოდა, გავსინჯე ერთხელ, მეორეჯერ... ჯერ მოსაწევი ვცადე, ძალიან მალე მორფსა და ყაყაჩოს სხვა პრეპარატებზე გადავედი. თავიდან - მხოლოდ ინტერესისთვის, მერე კი ძალიან მომეწონა და...

- ნუთუ მშობლებმა ვერ იგრძნეს, რომ თქვენს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა?

- მამა გარდაცვლილი მყავდა. დედამ კი მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეამჩნია, "ანაშას" რომ ვეწეოდი, მაგრამ რას გააწყობდა?! წამალს რომ ვიკეთებდი, 40 წლამდე ვმალავდი. დედას კი ეგონა, რომ მოწეული მქონდა ან ნასვამი ვიყავი. ამასობაში ჯანმრთელობა შემერყა. სიარული ცოტა მიჭირს. ჰეპატიტიც გადავიტანე.

- რამდენადაც ვიცი, ოჯახი არასოდეს გყოლიათ. ამის მიზეზი ნარკოტიკებია?

- დიახ. აბა, წამალი და ოჯახი ერთად როგორ შეიძლება?! თუ ქალთან სერიოზული ურთიერთობა მეწყებოდა, ვეუბნებოდი: ვერ შეგირთავ-მეთქი; თუ ძალიან ჩამეძიებოდა, ვუხსნიდი, რაშიც იყო საქმე. მაშინ თვითონაც უკან იხევდა.

- არ შემიძლია, არ აღვნიშნო: ძალზე პატიოსნად მოქცეულხართ. თუმცა ოჯახის შექმნა არც ახლაა გვიან. ამაზე არ გიფიქრიათ?

- დიახ, უკვე ვფიქრობ. მდგომარეობიდან გამოვედი, მუშაობაც დავიწყე; ახლა ცოლის მოყვანაც შემიძლია. იმედი მაქვს, ღმერთი ჩემს საბედოს მალე შემახვედრებს.

მაღალი თვითშეფასება უძლიერესი სტიმულია ნარკოტიკის "გადასაგდებად"

ნათია ფანჯიკიძე, თერაპიული პროგრამის ხელმძღვანელი:

- ჩვენი მეთოდი რვა სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდიკას აერთიანებს. მისი ავტორია უნიკალური ამერიკელი სპეციალისტი, ანათინა მიშერი. ერთ-ერთი მეთოდიკა ბენეფიციარს ადრეულ ბავშვობაში აბრუნებს, რომ მერე ჩამოყალიბების გზა თავიდან გავიაროთ. პარალელურად ხდება ბენეფიციარის შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა და მისი ინტერესების სულიერ ფასეულობებზე "გადართვა". არტთერაპიაში ადამიანი საღებავით, საძერწი მასალით ან რაიმე სხვა საშუალებებით, თავის ტკივილს, შიშს, იმედს გამოხატავს - ანუ იმას, რასაც სიტყვიერად ვერ ახერხებს, ანდა შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებს. პარალელურად, პრობლემის "გადახარშვა" ხდება. ასეთია, ჩემი აზრით, ყველაზე "ლამაზი თერაპია", რომლის შედეგებით ჩვენი ბენეფიციარები თვითონვე ტკბებიან და თავიც მოსწონთ. ცნობილი ფაქტია: სწორედ შექმნის უნარი აყალიბებს ადამიანს მაღალი კატეგორიის არსებად. როდესაც ნარკომომხმარებელი საკუთარ თავში შემოქმედს აღმოაჩენს, მისი თვითშეფასება მაღლდება და ეს ნარკოტიკის "გადაგდების" უძლიერესი სტიმულია.

ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ არც რეციდივია გამორიცხული. ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანმა მარცხის "გადახარშვა" და ხელახლა ფეხზე წამოდგომა შეძლოს. "ჩავარდნების" პროფილაქტიკისთვის ბენეფიციარს ნარკოტიკების გადაგდების სურვილს ვუძლიერებთ. მეთოდის აღწერა შორს წაგვიყვანს; უხეშად რომ ვთქვათ, იმის გააზრებაში ვეხმარებით, რას აკარგვინებს ნარკოტიკი და რას მოიპოვებს, თუკი აღარ გაეკარება. ყველა ადამიანს განსხვავებული გარემოებები აქვს, ამდენად, ეს ღრმად ინდივიდუალური პროცესია. დაარსების მომენტიდან ორი წლის განმავლობაში 50-მდე ბენეფიციარს მოვემსახურეთ. ასაკი: 20-დან 50 წლამდე მერყეობს. ბევრი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობისაა. ზოგიერთს, თავდაპირველად, სიარული და მეტყველებაც კი უჭირდა. იოგისა და მუსიკით თერაპიის კვალდაკვალ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. თითქმის ყველა ჩვენს ბენეფიციართან სტაბილურ შედეგს მივაღწიეთ. ერთი უსაყვარლესი ყმაწვილი სწორედ ახლახან გავუშვით. უკვე ცოლიც მოჰყავს. ერთ-ერთს გახსენებაც არ უნდა, რომ ოდესღაც ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული და აღარ გვეკარება... მომსახურება, ცხადია, უფასოა.

"მეტი დაფინანსებით კიდევ ერთ ჯგუფს შევქმნიდით!"

შეწუხებული მოქალაქის ზარმა ჩვენი საუბარი მაჟორიდან მინორში გადაიყვანა. ქალბატონს აინტერესებდა, შეძლებდნენ თუ არა "კამარას" მესვეურნი კიდევ ერთი ბენეფიციარის მიღებას. აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე სერვისის შესაძლებლობები ამოწურულია.

ნათია ფანჯიკიძე:

- ამჟამად აქ 30 ადამიანი დადის. ჩვენი ოფისის სივრცე მეტს ვერ გასწვდება. თავადაც ხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს: ვესტიბიული, კაბინეტი და ორი მომცრო სახელოსნო. რაც გამოფენაზე იხილეთ, ყველაფერი ამ სივიწროვეშია შექმნილი. ყველაზე იაფფასიანი მასალებით ვმუშაობთ: ლობიოს მარცვლებიდან და პენოპლასტიდან - მუყაომდე, მაგრამ ესეც ხომ ფული ღირს?! მხოლოდ წებოში იმდენი იხარჯება, რომ ხანდახან არც კი ვიცი, რა ვიღონო. კიდევ კარგი, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" კარგი თვალით გვიყურებს და გვაფინანსებს. მეტი პატრონი არც არასოდეს გვყოლია. სხვა ფონდებმა ასე გვიპასუხეს: პრიორიტეტებში ვერ თავსდებით, ჩვენ სერვისებს კი არა, ადვოკაციას ვაფინანსებთო. ამ დროს, ჩემი ინტერვიუებით უამრავ ადამიანს გავუჩინე იმედი, რომ ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია... ამაზე მეტი ადვოკაცია რაღა გინდა?! რომ შეგვეძლოს მეტი დაფინანსების მოპოვება, ოფისსაც გამოვიცვლიდით და კიდევ ერთ ჯგუფს შევქმნიდით. ახლა კი, როგორც ხედავთ, მსურველებს უარით ვისტუმრებთ.

საფეხური მესამე: ადამიანებთან დაბრუნება

აშკარაა: თუკი ნარკოტიკის გადაგდების შემდეგ ადამიანი საზოგადოებაში საკუთარ ადგილს ვერ იპოვის, დიდი ალბათობით, ისევ დაიწყებს მის მოხმარებას. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. წინა სტატიაში ვისაუბრეთ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების სისტემაზე, რომლის პირველი საფეხურია შპრიცების გაცვლის პროგრამები: ბენეფიციარებს ნახმარი შპრიცების სანაცვლოდ ახალს ურიგებენ და ნელ-ნელა შემდეგ საფეხურზე - ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში გადაჰყავთ. აქ ოპიოიდის სამედიცინო დოზით აბსტინენციის ("ლომკის") პრევენციას ახდენენ. დოზის დაკლებით შესაძლებელია მყარი რემისიის მიღება, რაც, ფაქტობრივად, განკურნების ტოლფასია. ზიანის შემცირების მესამე საფეხური - ფსიქოლოგიური დახმარება, შრომითი მომზადება-გადამზადება და დასაქმება (ანუ სოციალური რეაბილიტაცია-ინტეგრაცია) მიღებული შედეგის შენარჩუნებას ემსახურება. ამის მაგალითად ბატონი ნოდარი გ.-ც იკმარებს. სამწუხაროდ, აღნიშნული სფეროს ორგანიზება მხოლოდ კეთილი განზრახვის დონეზეა; ხოლო "კამარას" საქმიანობა ერთ-ერთი "პირველი მერცხალია", რომლის "ეული ჭიკჭიკი" "გაზაფხულს" ნამდვილად ვერ მოიყვანს. ყოფილ მომხმარებელთა ნამუშევრების გამოფენა, ფაქტობრივად, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ითვალისწინებდა. მიუტევებელი დანაშაული იქნება, თუკი ამ ხალხს ჩვენთან დაბრუნების შანსს მოვუსპობთ.

P.S. სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

მედეა გოგსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"