ქეთი სვანიძე - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რუსთაველის თეატრში მოვხვდებოდი

ქეთი სვანიძე - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რუსთაველის თეატრში მოვხვდებოდი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე სამსახიობო ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა და ეს ხელოვნების მოყვარული მშობლების გადაწყვეტილებით მოხდა. 5 წლიდან იცოდა, რომ თავის პროფესიას სცენას დაუკავშირებდა. მუსიკალურ შვიდწლედში სწავლობდა, მღეროდა, ცეკვავდა და შემდეგ უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში შალვა გაწერელიას ჯგუფში მოხვდა. 2009 წლიდან დღემდე ქეთი რუსთაველის თეატრის რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ქეთი ეკა ამირეჯიბის გმირის, ლიკუნას მეგობრის როლს თამაშობდა. ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, გამოჩნდება თუ არა მისი პერსონაჟი მომდევნო სერიებშიც...

-  უპირველეს ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა დედაჩემს, ესმა მიქელაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის და გამიკვალა გზა იმისკენ, რასაც დღეს ვაკეთებ. მამა აფხაზეთის ომში დამეღუპა და დედამ მარტო გამზარდა. უფლის მადლიერი ვარ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონ შალვა გაწერელიასთან ვსწავლობდი და ამ გენიოს ადამიანთან ურთიერთობამ მომიწია. ის სხვანაირად გვზრდიდა და გვინერგავდა, რომ არასოდეს ვყოფილიყავით საკუთარი თავით კმაყოფილები.

როცა დავამთავრე, არ მქონდა იმის ამბიცია, რომ რომელიმე თეატრში მუშაობას დავიწყებდი. "ერისიონში" სტაჟიორებში ვცეკვავდი, ვაპირებდი, ამ გზას გავყოლოდი და ეს ჩემი სამსახური იქნებოდა. სწორედ იმ პერიოდში რობერტ სტურუას მაგისტრანტი რეზო შატაკიშვილი დგამდა სპექტაკლს "უფლისწული და ჭეშმარიტება" და ერთ-ერთ როლზე ამიყვანა. მორიგ რეპეტიციაზე დარბაზში ბატონი რობერტი იყო შემოსული და მნახა. გამიმართლა. სამი დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ რუსთაველის თეატრში ვიყავი დაბარებული. მახსოვს, 15 ივნისი იყო და ნერვიულობისგან სიცხემ 38 გრადუსამდე ამიწია (იღიმის). იმ დღეს თეატრში მე და ლელა ახალაია დაგვიბარეს და ორივე აგვიყვანეს. მახსოვს, როცა გვითხრეს, გილოცავთ, თქვენ რუსთაველის თეატრში ხართ მიღებულებიო, თვალი უკან გავაპარე, ამ სიტყვებს მე მეუბნებიან, თუ სხვას, რამე ხომ არ მომესმა-მეთქი. დიდი მადლობა ბატონ რობერტს ამისათვის, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ოდესმე ამ თეატრში მოვხვედრილიყავი.

-  საკმაოდ წარმატებული გამოდგა სპექტაკლი "ლტოლვილები"...

-  ამ სპექტაკლმა ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე პირველი პრიზი და საუკეთესო დასის წოდება მოიპოვა. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის ფანდურზე დაკვრა ვისწავლე. მახსოვს, გორში ვიყავით, სპექტაკლის შემდეგ მთხოვეს, კიდევ დამეკრა, მაგრამ მე მხოლოდ ერთი სიმღერის დაკვრა შემეძლო და როცა ეს ვთქვი, ძალიან გაიკვირვეს, აბა, სპექტაკლის დროს რომ უკრავო?!

თმასაც არ ვიჭრიდი იმის გამო, რომ ამ სპექტაკლში თმა შეკრული და აწეული მაქვს. თუ როლს სჭირდება, შემიძლია, 3-4 წელი ერთი და იგივე ვარცხნილობა ვატარო.

-  როლის გამო თმასაც გადაიპარსავთ?

-  კი. იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ გავაკეთებ. თუ დამჭირდა, გავხდები კიდეც.

-  გახდომას რა უჭირს და წონაშიც მოიმატებთ?

-  (იცინის) კი, მოვიმატებ. მიუხედავად იმისა, რომ წონას სულ ვაკონტროლებ და ვამბობ, ხომ არ გავსუქდი, ხომ არ გავსუქდი-მეთქი, თუ როლს დასჭირდა, ამაზე წამსვლელიც ვარ. ერთ-ერთ სპექტაკლში მცირე სცენიდან თავით ვხტები და ამის გაკეთებისაც არ შემშინებია (იღიმის).

-  მსახიობს ხშირად უწევს თავისი ცხოვრების რთულ პერიოდებში სცენაზე ასვლა...

-  ასეთი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში ყოფილა და ისეთიც, როცა ერთი დღით ადრე იგებ, რომ შენთვის უცნობი როლის შესრულება გიწევს. ერთხელ, სპექტაკლში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი" ია სუხიტაშვილის მაგივრად შესვლამ მომიწია. ია ძალიან მაგრად თამაშობს, ის იმდენად კარგია, რომ არ ვიცოდი, თავს როგორ გავართმევდი. ძალიან ბევრი ვინერვიულე. მთელი თეატრი დამიდგა გვერდით, როგორც ჩემი, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლები და რომ არა იმ ადამიანების დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ალბათ ამ ყველაფერს ვერ დავძლევდი. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა ამგვარი თბილი დამოკიდებულებისთვის.

-  რამე რიტუალი ხომ არ გაქვთ სცენაზე გასვლის წინ, ან თილისმა?..

-  კანონად მაქვს, რომ სპექტაკლის დღეს ქაშუეთის ეკლესიაში შევიდე და სანთელი დავანთო. ახლახან წმინდა ქეთევანის ხატი მაჩუქეს და ვცდილობ, სპექტაკლის დღეს თან მქონდეს. ცრურწმენებს, როგორებიცაა ცუდი სიზმარი დამესიზმრა ან სხვა რაღაც ამგვარი, ადრე ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახლა უკვე აღარ.

-  ემოციური, ენერგიული და ცოცხალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რეალურად ასეთი ხართ?

-  (იცინის) კი, ემოციური და ენერგიული ვარ. ვაიმე, გაჩერდიიი! - ხშირად მეუბნებიან მეგობრები, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულიც ვარ. რასაკვირველია, არის და იყო ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდები და პრობლემებიც, უბრალოდ, მინდა ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყო, რადგან გამიმართლა, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"