საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს მეტი ყურადღება დაუთმოს ძალოვან სტრუქტურებს. როგორც ცოტნე გამსახურდიამ გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პროკურატურა ანონსთა ბიუროს დაემსგავსა, რაც მთავრობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
"ადეიშვილისდროინდელი პროკურორებით ესენი სამართალს ვერ აღადგენენ. სულ არ მაინტერესებს, აქვს თუ არა ვინმეს დიპლომი, ან ვინ როგორი ადვოკატი იყო წარსულში. მე მაინტერესებს შედეგები, რომელსაც ვერ ვხედავთ. დღევანდელი პროკურატურა დაემსგავსა ანონსთა ბიუროს და ეს პირველ რიგში მთავრობას მოუტანს ზიანს. ივანიშვილმა ძალოვან სტრუქტურებს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს. კბილაშვილმა კი კეთილი ინებოს და გამოიძიოს ციხეში მიმდინარე საშინელი პროცესები", - აცხადებს გამსახურდია.
ექს-პრეზიდენტის ვაჟმა ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ცდილობს, თუმცა ბალანსის დაცვა გაუჭირდება.
"არ მგონია, ივანიშვილის მთავრობა ცალსახა პრორუსულ პოლიტიკას ატარებდეს და რუსეთზე იყოს ორიენტირებული. ჯერჯერობით ივანიშვილი ცდილობს აწარმოოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, თუმცა საკმაოდ გაუჭირდება ბალანსის დაცვა", - აღნიშნა გამსახურდიამ.
მოსაზრებას, რომ გარკვეულ ჯგუფს პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, საინფორმაციო იზოლაციაში ჰყავდეს, ცოტნე გამსახურდია არარეალურად მიიჩნევს.
"ივანიშვილის ვაკუუმში მოქცევა არა მგონია ადვილი იყოს. ტელევიზორს უყურებს, პრესას კითხულობს. ის არც კიმ ირ სენია და არც სტალინი, რომ მისი ვაკუუმში მოქცევა მოხერხდეს", - აცხადებს ის და პრემიერს რჩევებსაც აძლევს.
"ივანიშვილმა თავი უნდა აღიქვას მთელი საქართველოს და არა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერად. მან მუდმივად უნდა უგდოს ყური ხალხის გასაჭირს, რომ იმავე წრეზე არ წავიდეს, რაც წინა ხელისუფლებას დაემართა. სააკაშვილის ხელისუფლებასაც ჰქონდა ნდობის მაღალი მანდატი, მაგრამ პატარა კლანად ჩამოყალიბდა. შეიძლება, კოალიციის შიგნით კულუარული ბრძოლები არის, მაგრამ ივანიშვილი ყოველთვის ამაზე მაღლა უნდა იდგეს", - ამბობს პირველი პრეზიდენტის ვაჟი.