4 შვილის დედის მკვლელობის დეტალები - "ხეზე მიაბა ჩემი შვილი და სადისტურად მოკლა"

4 შვილის დედის მკვლელობის დეტალები - "ხეზე მიაბა ჩემი შვილი და სადისტურად მოკლა"

ორხევის ხიდთან დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. რამდენიმე დღის წინ 17-წლიანი ქორწინება სისხლის ღვრით დასრულდა - 35 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით საძილე არტერია გადაუჭრა, სახე დაუსახიჩრა და ცხედარი მანქანით ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. "ჩემი ცხოვრების სიყვარული მოვკალი, სხვა სათქმელი არაფერი მაქვს", - უთქვამს პოლიციაში მისულ გიორგი ტყავაძეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მკვლელობის მიზეზად კი ეჭვიანობა სახელდება.

თეას დედა, ქალბატონი ნანა მეტრეველი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მის ქალიშვილს ქმართან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია: "ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. მთვრალი ცოლს სცემდა ხოლმე. უფროსი ბიჭი 4 წლის იყო, იმ სახლიდან პირველად რომ წამოვიყვანეთ, თუმცა მალე შერიგდნენ. მას მერე სულ წამებაში იყო. ბევრჯერ მინახავს ნამტირალევი, მაგრამ ჩემს მეუღლესა და ვაჟს ვუმალავდი. ბევრჯერ ბავშვები მშიერი ჰყოლიათ, მე რომ არ მიმეტანა საჭმელი, შეიძლება უვახშმოდაც დარჩენილიყვნენ, ამას მეზობლებიც დაგიდასტურებენ... შემდეგ 10 წელი აქ, ვარკეთილში ჩემს სახლში ცხოვრობდა მთელი ოჯახი. მაშინ უსიამოვნება სიძეს დედამისთან ჰქონდა, მან გამოუცხადა, თქვენი რჩენის თავი არა მაქვსო. ქირის ფული არ ჰქონდათ და ამიტომ ჩემთან ცხოვრობდნენ. სიძეც უმუშევარი იყო.

10 წელი არაფერს ვაკლებდი. არასდროს დამიმადლებია, რადგან ჩემს შვილსა და შვილიშვილებს ვეხმარებოდი. მის დედამთილს არც ერთი შვილიშვილის გაჩენა არ უნდოდა. მესამე ბავშვზე რომ მშობიარობდა, მესმოდა, როგორ ამბობდა, ახლა იტირე, რად გინდოდა კიდევ შვილს რომ აჩენდი, ორი გყავდა და გაგეზარდაო.

იმ ქალს თამაში შეუძლია. სხვების დასანახავად თვალთმაქცობს, შეიძლება თავი მოგაჩვენოთ, რომ კარგი დედამთილი იყო, მაგრამ ღმერთმა იცის სიმართლე, ჩემს შვილს სიცოცხლე გაუმწარა.

2 ბეჭედი აჩუქა რძალს, ისიც წაართვა და გაუყიდა. უფროსი ბიჭი და გოგონა ჩემი გაზრდილია. ბაღშიც და სკოლაშიც აქ დადიოდნენ. 10 წლის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ, რადგან ჩემს ვაჟს ცოლი უნდა შეერთო, რძალს აქ ჩემი ოჯახით არ დავხვდებიო, - თეამ და ქმარს მოსთხოვა პრობლემის მოგვარება. მეხუთე წელია, რაც იქ ცხოვრობდნენ. საშინელი სიმთვრალე ჰქონდა.

ერთხანს ავტობუსების დისპეტჩერად მუშაობდა, მაგრამ ისიც მიატოვა. ერთხელ ცოლს 1.000 ლარი მოჰპარა და ტოტალიზატორში წააგო.

ეს ნათესავებს რომ უთხრა თეამ, ამის გამო ჩემ თვალწინ სცემა და აგინა. მაშინ ყელში ვწვდი და ვახრჩობდი. თეას ვუთხარი, შვილო, ასე რომ იტანჯები, გასცილდი-მეთქი, მეუბნებოდა, არა, დაღვინდება და გამოიცვლებაო".

მართალია, გიორგის დედა ირწმუნება, რძლის სახლიდან წასვლის შემდეგ გავიგე მათი კამათის მიზეზიო, მაგრამ თეას დედა ამბობს, რომ ქმარმა იმ ღამით ცოლს სასტიკად სცემა, გაშველება ოჯახის სხვა წევრებს არც კი უცდიათ. "რაღაც მესიჯზე ედავებოდა თურმე. მაინტერესებს, რატომ არ სცადეს მათი გაშველება? ერთი კედელი ყოფდა მათ საძინებელს. მეორე დღეს თეამ მიამბო ყველაფერი. მითხრა, მესიჯი მომივიდა, ეს გოგიტამ წაიკითხა, რაღაც სისულელეებს მაბრალებს, ეჭვიანობს და მეუბნება, მე რომ ღამე სახლში არა ვარ, შენ მასთან დროს ატარებო.

არადა, დილით ქმარს მიჰყავდა სამსახურში და საღამოს მოჰყავდა დედამისთან ერთად. მერე სახლში იყო სულ და მათ ემსახურებოდა. თეას ამ დღეებში საჩივარი უნდა შეეტანა ქმარზე პოლიციაში. ამბობდა, ჩემი პატიოსნება უნდა დავამტკიცოო. ამდენი წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ ხელი მოწერილი არ ჰქონიათ. ბოლოს მითხრა თეამ, დედა, რახან თავი დავაღწიე ამ ჯოჯოხეთს, იქ დამბრუნებელი არა ვარ. თქვენ არ დაგაწვებით კისერზე, ბინას ვიქირავებ და შვილებს მე თვითონ მოვუვლიო. ახალ წელს მისი მამამთილი სტუმრად მოვიდა ჩვენთან და სულ ჩემი შვილის ქებაში იყო. თეა რომ არ მყავდეს, ჩემი ოჯახი დაღუპულიაო! ახლა იქცა საშინელებად? მხოლოდ მის მამამთილზე ვერ ვიტყვი ავს, სხვებმაც სიცოცხლე გაუმწარეს".

ტყავაძეების თქმით, თეამ ბავშვები მამასთან დატოვა და რამდენიმე დღე დაკარგული იყო. "მისმა ძმამ და მამამ უარი თქვეს თეას მიღებაზე და არ ვიცოდით, სად ან ვისთან იყო. ექვს თუ შვიდ დღეში გამოჩნდა, გიორგის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ეს ამბავი ძალიან არ მესიამოვნა. დამამშვიდა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე, ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, უბრალოდ, ჩემი შვილების დედაა და არ მინდა ქუჩაში აღმოჩნდესო. ჩემს შვილს უნდოდა პატარები დედასთან გაზრდილიყვნენ, არ უნდოდა ბავშვებს დედის სითბო მოჰკლებოდათ", - ამბობს ლია ტყავაძე.

მოკლულის მშობლები ამბობენ, რომ შვილის ადგილსამყოფელი იცოდნენ. "მისმა ქმარმა შეიტანა პოლიციაში საჩივარი, თეა დაკარგულიაო. თეა ჩემი დისშვილის ბინაში იყო. სახლში ვერ მოდიოდა, რადგან სიძემ ისე გააგიჟა ჩემი ბიჭი, მანაც დაიჯერა ის სისულელე. რომ ჩაგძახონ სულ, შენი და ცუდიაო, შეიძლება დაიჯერო. სასამართლოზე წარვდგებით ორივე მხარე და იქ ბევრ რამეს გაიგებთ", - ამბობს ნანა მეტრეველი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ