გიგი კალანდაძე - ყველაფერს საბოლოო სიტყვაში, სასამართლოზე დეტალურად დავადასტურებ

გიგი კალანდაძე - ყველაფერს საბოლოო სიტყვაში, სასამართლოზე დეტალურად დავადასტურებ

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში მისი გამოძახების დეტალებზე სასამართლოზე, საბოლოო სიტყვაში ისაუბრებს. ამის შესახებ გიგი კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შტაბის ყოფილმა უფროსმა არ დააკონკრეტა, შესთავაზა თუ არა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, საქმეში მოწმის სტატუსის დარჩენის სანაცვლოდ.

"იურიდიულად დავადასტურებ, თუ როგორ მოხდა ჩემი გამოძახება თავდაცვის სამინისტროში და როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, ვინ გამომიძახა, როდის, როგორ მივედი, ყველაფერს საბოლოო სიტყვაში სასამართლოზე დეტალურად დავადასტურებ", - აღნიშნა გიგი კალანდაძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი სასამართლო პროცესი გამორჩეული იყო, თუმცა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რამდენიმე ტელეკომპანიამ ბოლომდე არ გააშუქა ის მომენტები, რომელიც დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო.

კალანდაძის განმარტებით, პროცესზე დაიკითხა საქმის ძირითადი სამი მოწმე - ხარაიშვილი, გოგლიძე და ქათამაძე. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყოფილი სამხედროები არიან, რომლებიც დათხოვნილ იქნენ იმის გამო, რომ ითაკილეს მეოთხე ბრიგადაში გადასვლა, ვერ ჩააბარეს ფიზიკური ნორმატივები, რომელიც ნებისმიერ ოფიცერს და რიგითს უნდა ჩაებარებინა.

გიგი კალანდაძის განცხადებით, ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. მისივე თქმით, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე დეზერტირია, ხოლო ერთ-ერთმა მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ აწერინებდნენ იმას, რასაც პროკურორი კარნახობდა.

კალანდაძის თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ სამხედრო პოლიციიდან ორთაჭალის შენობაში გადაიყვანეს, თუმცა მოწმე ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რომელ შენობაში მოხდა მისი გადაყვანა. ამასთან, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით პროკურატურა ადასტურებდა, რომ დაკითხვა დასრულდა 6 ნოემბერს, 22.00 საათზე. მოწმის განცხადებით კი, ეს დრო გაყალბებულია და ჩვენების მიცემა 7 ნოემბერს 03.00 საათზე მოხდა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა - თუ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ბრალდებას ტყუილი უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ