"19 აპრილის" თეზისები

"19 აპრილის" თეზისები

ბოლშევიკების ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა თავისი ნაშრომი "აპრილის თეზისები" 1917 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნა". ამ 10-პუნქტიან დოკუმენტში, რომელიც შემდგომ ბოლშევიკური პარტიის სამოქმედო პროგრამად და რევოლუციისათვის სამზადისად გადაიქცა, საკვანძო პუნქტებად მასებთან ახსნა-განმარტებითი მუშაობა, არმიისა და პოლიციის ნეიტრალიზება და მთელი ხელისუფლების საბჭოებისათვის გადაცემა იყო დასახელებული.

2012 წლის 19 აპრილის აქციის მთავარი თეზისი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბაღდათში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას ასე ჩამოაყალიბა: "19 აპრილს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში რადიკალურად შე­იცვლება. 19 აპრილს ქართველი ხალხი ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანისათვის 19 აპრილი იქნება სიურპრიზებისა და სიახლის მომტანი", - დასძინა მან. უფრო ადრე, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაელოდებოდა 4 წელიწადს, ანუ შემდგომ არჩევნებს, და უფრო ადრე შეეცდებოდა ხელისუფლებაში დაბრუნებას.

რაც უფრო ახლოვდება 19 აპრილი, "ნაციონალები" ცდილობენ, მით მეტი მოლოდინი გაუჩინონ მოსახლეობას და მეტი დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში. უკვე შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "19 აპრილი", სოციალური ქსელებით გადის სპეციალური ვიდეოკლიპი, რომლითაც მოსახლეობას 19 აპრილს აქციაზე ეპატიჟებიან. "ნაციონალი" ემისრები იწყებენ "ხალხში გასვლას" და ახალი ხელისუფლების პოლიტიკის დაუნდობელ კრიტიკას. უკვე გამოჩნდნენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რეგიონებში "ნაციონალები" აქციაში მონაწილეობისათვის ადამიანებს 500-დან 1500 ლარამდე სთავაზობენ, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებენ. ანუ "ნაციონალები" აკეთებენ ზუსტად იმას, რაც თავის დროზე კარგად გამოსდიოდათ ბოლშევიკებს. ცალკეული ადგილობრივი, მათ შორის, ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით უკვე დაწყებულია კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისა და უშუალოდ მინისტრ ღარიბაშვილის დისკრედიტაციისათვის ბათუმში საიას თანამშრომლებსა და პოლიციის უფროსს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო. ბათუმში "ენჯეოების" პერმანენტული აქცია მიმდინარეობს და ღარიბაშვილი მძიმე არჩევანის წინაშე დგას. მან ან აჭარის პოლიციის უფროსი უნდა დაითხოვოს და ამით პოლიციის პირად შემადგენლობაში ავტორიტეტი შეილახოს, ან მუნდირის და უწყების ღირსება დაიცვას და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ობიექტი გახდეს, რასაც, ბუნებრივია, მყისვე აიტაცებენ "ნაციონალები".

რაც შეეხება უშუალოდ 19 აპრილის აქციას, ამის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, მთავარი კითხვა კი აქციის მიზანს ეხება. აქციის ოფიციალურად დეკლარირებული მიზანი საქართველოს "ევროპული არჩევანის" და "პროდასავლური ორიენტაციის" დაცვა და ამის გარშემო საზოგადოების მობილიზებაა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გასულ თვეს "ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" მიერ ერთობლივად შეჯერებული რეზოლუცია, რომელშიც გამოხატულია ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ურყევობა, 19 აპრილის აქცია ღია კარის მტვრევის მცდელობას ემსგავსება.

"ნაციონალების" მცდელობა და პიარკამპანია - საკუთარი თავი წარმოაჩინონ საქართველოში ერთადერთ პროდასავლურ ძალად და პრორუსული ძალების დევნის მსხვერპლად - უკვე ძნელად იყიდება ევროპაშიც და ამერიკაშიც. ამიტომაც რჩება შთაბეჭდილება, რომ "ევროპული არჩევანი" და სხვა კარგად მოსასმენი ტერმინები "ნაცმოძრაობას" 19 აპრილის აქციის შესაფუთ მასალად სჭირდება, რეალური მიზნების გადასაფარავად. რეალური მიზნები კი, შესაძლოა, არც ისე კეთილშობილი და მშვიდობიანი აღმოჩნდეს. ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო სცენარად პროვოკაციის მოწყობა და აქციის მონაწილეებზე ძალადობის ინსცენირება ჩანს. ამის გაკეთება კი "ნაციონალებს" არ უნდა გაუჭირდეთ მათ კონტროლს დაქვემდებარებული და ამ საქმეში კარგად გაწვრთნილი "ზონდერჯგუფების" ხელით. თუკი ეს მართლაც მოხდა, "დრამის" მომდევნო აქტების პროგნოზირება ძნელი არ იქნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ "ნაციონალებმა" მოახერხეს რუსთაველზე ხალხის კრიტიკული მასის, დაახლოებით, 60 ათასი ადამიანის შეკრება, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაზეც წავიდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალ" პრეზიდენტ სააკაშვილს კვლავაც დარჩა საკმაო საკონსტიტუციო ბერკეტები, ხოლო ძალოვან და მართლმსაჯულების სტრუქტურებში საკმაოდ ბევრია "ნაციონალური" კადრი.

19 აპრილის აქცია კიდევ იმით არის ნიშანდობლივი და გარკვეულწილად სახიფათო, რომ კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ისედაც საკმაოდ ღრმა ნაპრალს. როდესაც თავს მოიყრიან იმ ყოველივეს მხარდამჭერნი, რასაც საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მტკიცე უარი უთხრა, ექსცესებისგან დაზღვეული არავინ იქნება. იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია დემოკრატიულ პლურალიზმსა და კოჰაბიტაციას, დაძაბულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ფონზე, ყველაფერია მოსალოდნელი. იქნებ "ნაციონალების" 19 აპრილის მთავარი თეზისი სწორედ ამაზეა აგებული?!

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა