ვის გამოსტაცა ზურა ყიფშიძემ ლალი მოროშკინა

ვის გამოსტაცა ზურა ყიფშიძემ ლალი მოროშკინა

ქართულ-რუსული ურთიერთობების ტემპერატურაზე 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სულ უფრო ხშირად და, ზოგ შემთხვევაში, ცხარედაც კამათობენ. ამის დასადასტურებლად მხოლოდ ანსამბლ "ერისიონის" ქვეყნის მოღალატედ შერაცხვის ამბავიც კმარა. ჯერ უცნობია, რა ჭრილში განიხილავენ ქართულ-რუსული საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრ "გროსის" შექმნის ამბავს პოლიტიკოსები, მაგრამ როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის თბილისში მხო­ლოდ კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და ბიზნესწრეების ინიციატივით დაფუძნდა.

ცენტრის პრეზენტაცია 22 მარტს გაიმართა. რესტორნის შესასვლელში სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელები "ქართული ოცნების" დროშის ფერების სამოსში გამოწყობილები ჩამწკრივებულიყვნენ, ფოიეში კი ნაცმოძრაობის მიერ დაბლოკილი, "ჩარეცხილი" და "გამოუსადეგარი" მომღერლები ტრიალებდნენ. პირველი თვალში ეკა კვალიაშვილი მომხვდა, იქვე იყო "ფორტე", ირმა სოხაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ნუგზარ კვაშალი. ასევე ზურა ყიფშიძე, გუჯა ბურდული, დიმა ჯაიანი, კორკოტა. ექვს საათზე დაანონსებული პრეზენტაცია ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. საპატიო მიზეზი კი ჰქონდათ ორგანიზატორებს - მოსკოვიდან სტუმრებს ველოდით. მათ შორის ნიკოლას დადიანს, აკადემიკოს ევგენი მაქსიმოვს, მსახიობ კატერინა კრუპერინას, პროფესორ დიმიტრი ალექსეევს, მსახიობ ეკატერინა სემიონოვას, ჟურნალისტსა და ტელეწამყვან დიმიტრი დიბროვს, მხატვარ ანატოლი ისაენკოს, მომღერალ ირაკლი ფირცხალავას და სხვებს.

საღამოს მომღერალი ზურა მანჯავიძე და სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი უძღვებოდნენ. სტუმრების პატივსაცემად წამყვანები რუსულად ლაპარაკობდნენ და სიმღერების უმეტესობაც ამ ენაზე შესრულდა. "ფორტეს" ერთადერთმა მამაკაცმა წამყვანობასთან ერთად თამადობაც ითავა და დროდადრო სადღეგრძელოებსაც გვთავაზობდა. მას რიგრიგობით სტუმრები და მასპინძლებიც უერთდებოდნენ. განსაკუთრებით ენაწყლიანი დიმიტრი დიბროვი აღმოჩნდა, რომელმაც ყველაფერი გვიამბო, რაც ქართველებსა და საქართველოსთან აკავშირებდა, თან გვერდით მაგიდასთან მჯდომი ლალი მოროშკინასკენ აპარებდა თვალს. ეს ამბავი კი იმით დამთავრდა, რომ დიბროვმა წითელ კაბაში გამოწყობილი ლალი საცეკვაოდ გაიწვია. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა უკვე კარგად შეზარხოშებული ზურა ყიფშიძისთვის და მოცეკვავე წყვილისკენ აიღო გეზი. მიუახლოვდა მოროშკინას, უკნიდან ხელები მოხვია და დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული. ლალი ყვიროდა, მიშველეთ, მომაშორეთ ეს კაცი, რაღაც მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებსო. მაშველი ბევრი გამოჩნდა, ერთ-ერთმა ჩანგალიც კი მიურბენინა ლალის. ამან დამსწრე საზოგადოება გაამხიარულა. ზურა მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს და ცოცხალი თავით არ თმობდა ჩახუტებულ ლალის. როცა წყვილი ერთმანეთს დააცალკევეს და ლალიმ სული მოითქვა, დიქტოფონით მივადექი.

- ლალი, რა უნდოდა ზურას?

- წარმოდგენა არ მაქვს.

- ვიფიქრე, შეზარხოშებულს ძვე­ლი გრძნობები ხომ არ აეშალა-მეთქი...

- არა, არა, აი, როგორ ვრცელდება ჭორები. ვისთან არ დამაწყვილეს, მაგრამ ზურასთან არაფერი მქონია (იცინის).

- კარგი, სერიოზულ საუბარზე გადავიდეთ. როგორ გგონია, შეუწყობს ხელს ასეთი თავყრილობები ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენას?

- ჩემთვის, როგორც ეთნიკურად რუსისთვის, ძალიან მტკივნეულია, რომ ვერ ვნახულობ რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს. არასდროს დამიმალავს ჩემი გვარი, მოროშკინა ვარ და სულაც არ მრცხვენია ამის. იმავდროულად ვარ ქართველების დედა. თუ დღევანდელი შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს, შემოქმედებითი ურთიერთობები განახლდეს, ეს მხოლოდ გამახარებს. პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა და ადამიანებმა იპოვონ ერთმანეთისკენ მიმავალი გზა.

კორკოტა (მსახიობი):

- ორი ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი ადამიანის შეხვედრა, რა ერის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი, მხოლოდ სიკეთისკენ არის მიმართული. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ის კარგიც არის და ცუდიც, ისევე, როგორც საქართველო. დღევანდელ საღამოზე კარგი ადამიანები შევიკრიბეთ და იმის აღორძინებას ვცდილობთ, რაც ადრე იყო. ყველაფერი კარგად იქნება, ცოტაოდენი ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ ისევ ჩაეხუტოს კარგი რუსეთი კარგ საქართველოს.

- დღევანდელ საღამოს ალბათ კრიტიკოსებიც გამოუჩნდებიან, რას ეტყვით მათ?

- ასეთი კრიტიკოსები მე ან უგუნურები მგონია, ან საკუთარი პოლიტიკური პიარის მწარმოებლები.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):

- ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი სიკეთისკენ არის მიმართული. არ ვამბობ, რომ ეს ნაბიჯები მთელ იმ შავ ჭირს გადაწონის, რაც წლების განმავლობაში გამოვიარეთ, მაგრამ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უბედურებაზე. დღეს არანორმალური ვითარებაა. მე ის ახალგაზრდები მეცოდებიან, რომლებსაც რუსეთზე მხოლოდ ცუდი ახსოვთ. რუსეთის გინება ტრენდი გახდა, "აბეზალოვკა". თითქოს სავალდებულოა, რომ ყველამ აგინოს რუსეთს. ჩვენ იდეოლოგიური ერი გავხდით. ადრე ასეთები არ ვიყავით. არც ვიცით, სად მივდივართ. ევროკავშირში, რომელიც უკვე იშლება?

აქვე "გროსის" დამფუძნებლებზეც გიამბობთ. ესენი არიან: ბიზნესმენი გელა ზავრაშვილი - სამშენებლო კომპანიის მფლობელი რუსეთში, მიხეილ მამიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ეკატერინა სემიონოვა - რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი.

გელა ზავრაშვილი:

- ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა ექვსი თვის წინ გაჩნდა. დღეს პრეზენტაცია გვაქვს. როგორც ხედავთ, საპატიო სტუმრები გვყავს მოწვეული. ეს მხოლოდ დასაწყისია. მსგავსი საღამოები გაიმართება მოსკოვშიც და რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ჩვენი კულტურის მოღვაწეებსაც უმასპინძლებს რუსეთი. ჩვენი კავშირი საქართველო-რუსეთის ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას შეუწყობს ხელს. გავაღრმავებთ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების რა გითხრათ, მაგრამ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ რომ ალკოჰოლური ურთიერთობები გააღრმავა, ეგ ცხადზე ცხადი იყო. ყველა მაგიდასთან მიდიოდა, სათითაოდ ყველას ესიყვარულებოდა, დირიჟორობდა მომღერლებს სცენაზე, მუსიკასა და სიმღერებს მიმიკებითა და მოძრაობებით ასახიერებდა. ბოლოს კი ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდა და დაიძინა. ამასობაში სიტუაცია ისე გახურდა, გუჯა ბურდულმაც კი იცეკვა კოლეგებთან. "ფორტეს" ერთ-ერთმა წევრმა მეორეს გადაულაპარაკა, სააკაშვილი შემოახედა ახლა აქ, დახვრეტა არ აგვცდებოდა არც ერთსო.

მეორე დღეს სტუმრები კახეთს ეწვივნენ. დღის მთავარი გმირები კი კვლავ ლალი და დიბროვი იყვნენ. რუსეთის შოუბიზნესის მეგავარსკვლავი დიბროვი აშკარად პირველივე წუთიდან მოიხიბლა "ზემლიაჩკა" მოროშკინათი. ოფიციალური ბანკეტის შემდეგ წყვილი დილის 6 საათზე შეამჩნიეს შარდენზე, სადაც დიბროვი ხმამაღლა უკითხავდა ლალის რუსულ პოეზიას. კულმინაცია კი "რედისონში" შედგა, ლალიმ სტუმარი სასტუმრომდე მიაცილა, მე-15 სართულზე აჰყვა, სადაც დიბროვმა ლალის "ამარეტო" შესთავაზა, როგორც საუკეთესო წლების სიმბოლო. მერე დიდხანს ეჭირა ლალის ხელი და მთელ მსოფლიოს ჰპირდებოდა... ამ ამბის ბოლო კი ფოიეში დამშვიდობება და სასტუმროს დაბნეული მომსახურე პერსონალი გახდა. აბა, კიდევ როდის ექნებათ საშუალება, მოისმინონ გაგულისებული დიბროვის ყვირილი - უარს მეუბნები? არ რჩები? მე ხომ თვით დიბროვი ვარ?! და პასუხი - დიახ, უარს გეუბნები, მე ხომ თვით მოროშკინა ვარ და თანაც სხვა მიყვარს!

მოკლედ, ბოლოს სასტუმროში იყო სითბო, ვისკი და დიბროვი. გარეთ კი იყო წვიმა, ქარი და ვიღაც სხვა, ვისთანაც ლალი ასე მიიჩქაროდა...

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"