"ჩემი ცოლის დაქალებმა" თამუნა ტყემალაძეს ოთხი შვილის გაჩენა გადააფიქრებინა

"ჩემი ცოლის დაქალებმა" თამუნა ტყემალაძეს ოთხი შვილის გაჩენა გადააფიქრებინა

"ჩემი ცოლის დაქალებში" თამუნა ტყემალაძეს გაუღიმარი, უხეში, გამომძალველი ქალის როლი აქვს. როგორც წესი, მაყურებელს ჰგონია ხოლმე, რომ მსახიობი რეალურადაც ასეთია, ამიტომ უცხოები გაღიმებულს რომ ხედავენ, უკვირთ. სინამდვილეში თამუნა ისეთივე ენერგიულია, როგორიც მისი გმირი, თუმცა სხვა მხრივ ეკას არაფრით ჰგავს.

- ახმეტელის და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ. მანამდე სხვადასხვა თეატრში მიწვევით ვთამაშობდი ხოლმე.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ აღმოჩნდით?

- მარტივად. კასტინგზე მივედი ეკა მჟავანაძესთან და სერიალში ამიყვანეს. მანამდე "შუა ქალაქის" ორ სერიაში ვითამაშე. ბავშვების ძიძა ვიყავი, მაცაცო მერქვა. საწყალ და მორიდებულ ძიძას ვთამაშობდი, რომელმაც ვერ გაიგო, სად მოხვდა.

- გაგიჭირდათ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაში?

- პირველად რომ წავიკითხე სცენარი და რეპეტიცია გავიარეთ, რეჟისორმა რაღაც მითითებები მომცა და ინტუიციით მივხვდი, როგორი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ეკა.

- მოგწონთ თქვენი გმირი?

- არა.

- როგორ დაახასიათებდით?

- რაღაც მომენტში შეიძლება გაუგო კიდეც. ძნელია ოთხი ბავშვის გაზრდა. ყოველთვის ვოცნებობდი, ოთხი ბავშვი მყოლოდა და ახლა გადავიფიქრე. ბევრ ქალს ვიცნობ, ბევრი შვილი რომ ჰყავთ, სულ სახლში რომ არიან და ვეღარ ხვდებიან, საიდან რა მოიტანონ და რა გააკეთონ. მეზობელიც მყავს ასეთი. ახლახან შეეძინა მეოთხე ბავშვი, პატარა სახლში ცხოვრობს, მაგრამ მაინც ბევრი რამის გაკეთებას ახერხებს. ეკა ცუდი გოგო არაა, მაგრამ უხეშია, ჩემი აზრით, თუმცა დადებითი თვისებებიც აქვს - თავისი შვილები ძალიან უყვარს.

- ახლობლების აზრი როგორია თქვენს როლზე?

- ახლობელი, როგორც წესი, არ გაკრიტიკებს. გირეკავს და გეუბნება, რა მაგარიაო. მათ უხარიათ და დადებითად მაფასებენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა გამომდის კარგად და რა - არა. სერიალში ჩემს თავს რომ ვუყურებ, ბევრი რამ არ მომწონს და ვფიქრობ ხოლმე, შეიძლება, უკეთესად გამეკეთებინა-მეთქი, მაგრამ თამაშის დროს ამას ვერ ვხვდები.

- ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდის თამაში გაგიჭირდათ?

- პირველ სერიაში თამაში იყო ჩემთვის ყველაზე რთული. მესამე ბავშვი, რომელიც ახლა უკვე დიდია, პირველი სერიის გადაღებისას ჯერ ერთი წლისაც არ იყო. დედამისზე იყო მიწებებული. დედას გამოართვეს და მე, უცხო ქალს დამაჭერინეს. ბავშვი გადაბჟირდა. ძალიან შემეშინდა. არ მიყვარს, ბავშვები რომ ტირიან.

- ენერგიულობით თქვენს გმირს ძალიან ჰგავხართ...

- ისეთივე ენერგიული ნამდვილად ვარ, მაგრამ სხვა მხრივ არაფრით ვგავარ, არც გათხოვილი ვარ და არც შვილები მყავს. ჯერჯერობით არ ვგავარ და მერე როგორ იქნება, არ ვიცი. ოთხი შვილი რომ არ მეყოლება, ეგ უკვე გავარკვიე.

- შეყვარებული გყავთ?

- არა.

- არასდროს გყვარებიათ?

- როგორ შეიძლება, არასდროს არ მყოლოდა შეყვარებული. მყავდა. დაშორების განსაკუთრებული მიზეზი არ გვქონია. იყო და აღარაა. მორჩა. არანაირი ტყუილი და ორპირობა ჩვენ შორის არ ყოფილა.

- სერიალში ზარმაცი ქმარი გყავთ. ალბათ გიფიქრიათ, როგორი ქმარი გინდათ, რომ გყავდეთ...

- ასეთ რამეს ვერავინ განსაზღვრავს. როგორიც იქნება, ისეთი იქნება. მერე თუ არ მოგეწონება, დაიშლებით და მორჩა. როცა მოგწონს ვინმე, მოგწონს მისი ცუდი და კარგი თვისებები. შეიძლება, ქერა იყოს, ცისფერთვალება, თეთრი კბილები ჰქონდეს, მუშაობდეს, მანქანა ჰყავდეს, მაგრამ არ მოგწონდეს.

- როგორც მივხვდი, მეოცნებე არ ხართ.

- სად მაქვს ოცნების დრო (იცინის). ისედაც არ მიყვარს მეოცნებეები.

- ოჯახის წევრები რა აზრის არიან სერიალში თქვენს გმირზე?

- მშობლები და ორი ძმა მყავს. ისინი კრიტიკულად მხოლოდ ჩემი წონის მიმართ არიან განწყობილი, დანარჩენზე არაფერზე მაკრიტიკებენ. მინდა წონაში დაკლება, მაგრამ არ გამომდის. დიეტას ვერ ვიცავ და ვერც ვვარჯიშობ. მთელი დღე ვერ ვჭამ და ექვსი საათის მერე ვიწყებ ჭამას. შესაბამისად, ვერც წონაში ვიკლებ.

- ალბათ პოპულარობას უკვე გრძნობთ...

- საქართველოში მეცინება ხოლმე, ვინმეზე რომ ამბობენ, პოპულარულიაო. ხან მცნობენ, ხან - ვერა. ვინც მცნობს, რომ გავიღიმებ, უკვირთ. ყველას ჰგონია, რომ სულ გაბრაზებული ვარ და არ ვიღიმები. ჯერჯერობით ისეთი ცნობილი არ ვარ, ჩემს დანახვაზე მძღოლები იბნეოდნენ და მანქანები ერთმანეთს ეჯახებოდნენ (იცინის).

- თეატრში თქვენს შესრულებულ როლებზე რას იტყვით?

- ახმეტელის თეატრში რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ. ვარ "შავ კეტებშიც", რომლის რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილია. დათო ტურაშვილის პიესაა. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გაუღიმარი ხელმწიფის თამაშის შემდეგ, ძალიან განსხვავებული როლი მაქვს ამ სპექტაკლში - "მამაშას" ვთამაშობ. საყვარელი და კარგი "მამაშა" ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სექსმუშაკები და მათზე ზრუნავს.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"