ხმალაძეების ოჯახში ქალის ხელს არავინ თხოულობს

ხმალაძეების ოჯახში ქალის ხელს არავინ თხოულობს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის ოჯახში ინტერვიუს შესათანხმებლად ქალაქის ნომერზე დავრეკე. ყურმილი პატარა ბიჭმა აიღო. გამეცნო: - მე ვახტანგ ხმალაძე ვარ, ოღონდ - პატარა ვახტანგი, პაპა სახლში არ არისო. მერე ტელეფონთან "დიდედა მანანიკოს" უხმო. ქალბატონი მანანა მაჩხანელი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი. მანანასა და ვახტანგს ორი შვილი ჰყავთ - ნინო და ირაკლი. ნინო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის მეუღლე. ირაკლის თსუ-ის ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ქალბატონმა მანანამ სასაუბროდ შინ მიმიპატიჟა. ის პარლამენტის სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას უყურებდა.

- პარლამენტის სხდომებს თვალს ხშირად ადევნებთ?

- როცა დრო მაქვს, ვუყურებ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან ხშირად ხდება.

- მეუღლეს შენიშვნას ან რჩევას აძლევთ?

- ზოგჯერ აზრს ვუზიარებ. რჩევით, აბა, რა უნდა ვურჩიო? მას ეს საქმე ჩემზე კარგად ესმის.

- თქვენს ნათქვამს ითვალისწინებს?

- მისმენს ხოლმე. რაც შეეხება მის მეტყველებას და ლექსიკას, ვფიქრობ, საყვედურს არ იმსახურებს. ქ-ნი მზექალა შანიძე არის თქვენთვის ავტორიტეტი? ჰოდა, ქ-ნ-მა მზექალამ ბევრჯერ შეუქო ვახტანგს ქართული. მე ეს, როგორც ფილოლოგს, ძალიან მახარებს.

- პოლიტიკოსების ნაწილს ოჯახში პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უყვარს, თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

- რომ გითხრათ, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ-მეთქი, ტყუილი იქნება. რა თქმა უნდა, ვლაპარაკობთ, მაგრამ არსებობს ჩვენთვის უფრო საინტერესო და სასიამოვნო თემები - შვილები, შვილიშვილები, ჩვენი მეგობრები და ახლობლები, ჩვენი ყოველდღიურობა, თავისი რუტინული თუ სერიოზული პრობლემებით და ა.შ.

- ბატონი ვახტანგი ოჯახური საქმეებისთვის დროის გამონახვას ახერხებს?

- შეძლებისდაგვარად. როცა დრო გვაქვს, საღამოობით შვილიშვილებთან მივდივართ. ჩემს ქალიშვილს 3 შვილი ჰყავს. ვახტანგი შესანიშნავი მთხრობელია და ბავშვებს ძალიან უყვართ მისი ნაამბობი ზღაპრები და ისტორიები. საერთოდ, ოთხივე შვილიშვილი გიჟდება პაპაზე.

- რამდენი წელია, რაც დაოჯახებულები ხართ?

- 1980 წელს შევუღლდით, დეკემბერში 33 წელი გახდება.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- 70-იანი წლების ბოლოს თსუ-ის ახალგაზრდა ფიზიკოსთა და მათემატიკოსთა ერთ ჯგუფს გაუჩნდა იდეა, დახმარებოდა ჯავახეთის ქართული სოფლების - ბარალეთისა და კოთელიას სკოლებს, რომლებიც ყველა თვალსაზრისით საშინელ მდგომარეობაში იყო (სამწუხაროდ, ახლა რა ხდება იქ, არ ვიცი). მე მაშინ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ვმუშაობდი. მე და ჩემი მეგობარი ფილოლოგები და ისტორიკოსები შევუერთდით უნივერსიტეტელებს. დაიწყო ხანგრძლივი ოდისეა ისტორიულ მესხეთში. ყოველ შაბათ-კვირას "ელექტრიჩკით" მივდიოდით. გზა გაჭიმული, მაგრამ მხიარული და შინაარსიანი იყო. ვსაუბრობდით ყველაფერზე - ლიტერატურაზე, მუსიკასა და რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლოს ბედზე. იქ გავიცანი ვახტანგი.

- ბატონმა ვახტანგმა რით მოგხიბლათ?

- გულწრფელობით, გამბედაობით, პირდაპირობით, მომეტებული წესიერებით, სხვაზე ზრუნვის უნარით. მასში არანაირი სიყალბე არ იყო. დღემდე ასეთია. ვახტანგს, ისევე როგორც ბევრ იმდროინდელ ახალგაზრდას, მრავალმხრივი განათლება ჰქონდა და საინტერესო მოსაუბრე იყო. განსაკუთრებით ემოციურად გვიყვებოდა თავისი წინაპრების შესახებ. ვახტანგის ოჯახს საინტერესო ისტორია აქვს.

- რას გულისხმობთ?

- ვახტანგის პაპის ოჯახი დიდი ხნის ემიგრირებული იყო საფრანგეთში. ვახტანგის დედა, თამარ თუმანიშვილი, ნიცაშია დაბადებული. მოგვიანებით, ქალიშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნებული ვახტანგის პაპა დაიჭირეს. მაშინ ყველას ეგონა, რომ იგი გადასახლებაში წაიყვანეს. სინამდვილეში, 1937 წელსვე დაუხვრეტიათ თბილისში. დეიდა თამარი 18-19 წლის იყო, როცა გადაასახლეს. 4 წელი ციმბირის მივარდნილ სოფელში გაატარა. გადასახლების ამბებს რომ იხსენებდა, თავადაც ტიროდა და ჩვენც გვატირებდა. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, სტომატოლოგი გახდა. დეიდა თამარი გადასახლებასთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ამბავს იხსენებდა: II მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ექიმი ქალები ომში გასაწვევად კომისარიატში დაგვიბარეს. რომ მივედი, გამომკითხეს: - რა გვარი ხარ? - თუმანიშვილი. სად დაიბადე? - ნიცაში. - რაიონი მითხარი, სოფლის სახელს ნუ მეუბნებიო, - შემოსწყრომია ვიღაც. ბოლოს გაარკვიეს, რომ საფრანგეთში იყო დაბადებული, საზღვარგარეთ ნათესავები ჰყავდა და თავადაც გადასახლებაში იყო ნამყოფი. ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი სანდოდ არ ჩამთვალეს და ომში აღარ წამიყვანესო... ვახტანგის ბიძა მამის მხრიდან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო. 1924 წელს დახვრიტეს.

- ბატონ ვახტანგს ამ თემაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

- მართალია, არ ლაპარაკობს. ასეთივენი არიან ჩემი შვილებიც. არც მათ უყვართ საჯაროდ გამოჩენა.

- ეს თავმდაბლობაა?

- ალბათ. და კიდევ ის, რომ ასეთი თემები ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანია მათთვის.

- თქვენი სიყვარულის ამბავი გაცნობის შემდეგ როგორ გაგრძელდა, მალე დაოჯახდით?

- 1980 წელს სვანეთში ვიყავით, ფეხით მოვიარეთ. იქ უფრო დავახლოვდით და დავრწმუნდით, რომ ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებდა. მალევე დავქორწინდით.

- სიყვარულში როგორ გამოგიტყდათ?

- ვახტანგი სენტიმენტალობით არ გამოირჩევა. ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, ხელი ხომ არ მოვაწეროთო? მორჩა და გათავდა.

- როგორც ვხვდები, რომანტიკოსი არ არის.

- ზომიერად. სამაგიეროდ, იდეალისტი და ზედმეტად ოპტიმისტია.

- თქვენ?

- მეც იდეალისტი ვარ და ძალიან რომანტიკოსი. პრეტენზია მაქვს მელომანობაზე. მუსიკა და პოეზია მიყვარს. ვახტანგი პროზის კაცია.

- როგორი მამაა?

- მისი ყოველდღიური საქმიანობის გამო, ალბათ, თვითონ რომ ისურვებდა, შვილებს იმდენი დრო ვერ დაუთმო. მუდმივად რაღაცას ვერ ასწრებს. ძალიან ბევრს შრომობს, ფიქრობს, სულ მუშაობს. მოუცლელობის გამო ბავშვებს ბევრი დააკლდათ, მაგრამ ცუდი შვილები არ გვყავს. ვახტანგი ყოველთვის მათ გვერდით იდგა, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ. თუმცა, შვილებს აბსოლუტურ თავისუფლებას ვაძლევდით.

- თქვენი ქალიშვილის მეუღლე, სოფლის მეურნეობის მინისტრი...

- (მაწყვეტინებს) დათო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

- იშვიათია, სიდედრი სიძეზე ამას ამბობდეს.

- ასევე ძალიან მიყვარს ჩემი რძალი. სალომე ფრიდონ ხალვაშის შვილიშვილია. მე და ვახტანგი ვამბობთ, რომ 4 შვილი გვყავს. ჩვენს ოჯახში კარგი ადამიანები შემოვიდნენ.

- ბატონი დავითი თქვენთან მოვიდა და ქალიშვილის ხელი გთხოვათ?

- არა. ჯერ ნინომ გვითხრა, მერე დათოც გავიცანით. ვახტანგი შორიდან იცნობდა. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, კლასიკური რიტუალები, ხელის თხოვნა და მსგავსი რამ არ შესრულებულა. სხვათა შორის, ჩემი ხელი არც ვახტანგს უთხოვია მამაჩემისთვის და არც - დათოს - ვახტანგისთვის. მახსოვს, ამ დღისთვის არაჩვეულებრივი ფლავი მოვამზადე. აღმოჩნდა, რომ დათოს ბრინჯი არ უყვარს და ჩემი გაკეთებული ტკბილი ფლავი ხელუხლებლად დარჩა მაგიდაზე.

- ქორწილი ჰქონდათ?

- მხოლოდ ჯვარი დაიწერეს, მეგობრებმა მიულოცეს და მერე სამოგზაუროდ იტალიაში წავიდნენ.

- სიძემ თავი როგორ შეგაყვარათ?

- ძალიან თბილი ადამიანია, მის მიმართ არანაირი ხინჯი არ მაქვს. დათო ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი, ცოლ-შვილზე გადამკვდარი კაცია. სიძე-სიმამრს ერთმანეთი უყვართ და ანგარიშს უწევენ ერთმანეთის აზრს.

- როცა თქვენი მეუღლის მისამართით კრიტიკული განცხადებები გესმით, რა რეაქცია გაქვთ?

- აბა, ვინ აკრიტიკებს? რამდენჯერმე მოვისმინე მსგავსი რამ, მაგრამ ძალიან უსუსური კრიტიკა იყო.

- მშვიდი ადამიანია?

- ვერ ვიტყვი, რომ მშვიდია. ზოგჯერ იცის აფეთქება.

- ეს რა დროს ხდება?

- როცა უსამართლობას ეჯახება და ადამიანს რაღაცას უხსნის და ვერ აგებინებს. იმედია, სადაც საჭიროა, იქ თავს შეიკავებს.

- ახლახან კობა დავითაშვილთან მოუვიდა შელაპარაკება...

- მუშაობის დროს მსგავსი შეკამათებები ხდება.

- მეუღლეს რას საყვედურობთ?

- საზღვარგარეთ წასვლა ხშირად უწევს. მე არასდროს მივყავარ. რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მოგზაურობაზე ვგიჟდები. ვსაყვედურობ იმასაც, რომ მის სამუშაო მაგიდაზე სრული ქაოსია. როცა დალაგებას მოვინდომებ, მიშლის, ფიზიკოსი ვარ და დამიჯერე, ქაოსშია წესრიგიო.

- შესაძლოა მომავალში თქვენ პირველი ლედი გახდეთ, ამაზე გფიქრიათ?

- მიფიქრია და ეს ძალიან მაფორიაქებს. პირადად მე ამაზე ლაპარაკი ნაადრევად მეჩვენება. ბუნებით თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ. მართალი გითხრათ, ვახტანგი მეცოდება კიდეც იმ სიტუაციებისთვის, რაც შეიძლება მის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას მოჰყვეს. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. თუმცა, ჩემზე კარგად არავინ იცის ვახტანგის ფასი და ღირსება.

- პრეზიდენტობის კანდიდატობაზე თავად ბატონი ვახტანგი რას ამბობს?

- ამაზე მას ჰკითხეთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"