"აგვისტოს ომი ორი ადამიანის - სააკაშვილისა და მერაბიშვილის უტვინო პოლიტიკის შედეგია"

"აგვისტოს ომი ორი ადამიანის - სააკაშვილისა და მერაბიშვილის უტვინო პოლიტიკის შედეგია"

ცხინვალელი ალიკა თედეევი საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის 6 აგვისტოს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში დააკავეს და ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. თედეევს 17 წელი და 6 თვე აქვს შეფარდებული და რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. როგორც თვითონ ამბობს, სამართალდამცველები თავდაპირველად მისი ჯაშუშობის მუხლით გასამართლებას ცდილობდნენ, თუმცა მტკიცებულებების უქონლობის გამო გადაიფიქრეს. ალიკა თედეევი თბილისსა და ცხინვალს შორის გასაცვლელ პატიმართა სიაშია და დღე-დღეზე ელის გათავისუფლებას.

ალიკა თედეევი: - 2008 წლის 6 აგვისტოს დამაკავა კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა. ე.წ. მოდულში უფროსის, თუ არ ვცდები, ჟღენტის კაბინეტში შემიყვანეს. უჯრიდან ამოიღეს პაკეტი თეთრი ფხვნილით და მითხრეს, ეს შენია, ვერაფერს დაამტკიცებ და რასაც გეტყვით, უნდა დაგვთანხმდე, ხომ ხედავ, ომი დაწყებულია, ცხინვალელი კაცი ხარ და რა დავალებასაც მოგცემთ, უნდა შეასრულოო. თურმე მანამდე ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ჩემი მშობლები და დედმამიშვილები ცხინვალში ცხოვრობენ, მეუღლე ქართველი მყავს, აგარიდანაა.

- თქვენი აზრით, რატომ გახდით კონტრდაზვერვის სამიზნე?

- ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხე­ლმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან ვმუშაობდი და ამიტომაც მითვალთვალებდნენ... ე.წ. მოდულში შემომთავაზეს, ცხინვალში აფეთქებები მომეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში "სროკზე გაშვებით" დამემუქრნენ, საიდანაც "ცოცხალი ვერ გამოვიდოდი". უარი რომ ვთქვი, ფეხმძიმე ცოლის დაპატიმრებით დამემუქრნენ. იმავე საღამოს გადამცეს კასპის პოლიციას ყაჩაღობის შეთითხნილი ბრალდებით.

ესენი რომ ამბობენ, ომი 8 აგვისტოს დაიწყოო, არ არის მართალი. 1-2 აგვისტოდან უკვე საომარი მოქმედებები დაწყებული იყო, იყვნენ დახოცილებიც. 8 აგვისტოს დასისხლიანებული მიმიყვანეს გლდანის მე-8 დაწესებულებაში და თქვეს, თითქოს მე ცხინვალში დამაპატიმრეს. იქ დამხვდა კახა ყალიჩავა, მეტსახელად "ცხრათითა", ზუსტად არ მახსოვს მისი თანამდებობა, მაგრამ ცნობილი ჯალათი იყო. დაიწყო ჩემი წამება - შემაგდეს აბანოში, ცემის დროს გავითიშე და როცა გონზე მოვედი, არ შევიმჩნიე. იქ იყვნენ ყალიჩავა, ვინმე რუსლანა, ყაჭეიშვილი. მესმოდა, ამბობდნენ, "შტირი" დავუდოთ და გონზე რომ მოვა, თავს მოიკლავსო. ბოლოს დამიგდეს 2 ცალი "ბიგის" საპარსი და აბანოს კარი მოკეტეს. წამოჯდომა რომ შევძელი, ხელები გადავისერე, გონება დავკარგე და დილით მოვედი გონს. კარცერში ჩამიყვანეს და ხელებით მიმაბეს ძელზე. ვეუბნებოდი, მომკალით, რაღას უყურებთ-მეთქი. მიპასუხეს, შენთვის სიკვდილი მისწრებაა, წამებით უნდა ამოგხდეს სულიო. ასე გრძელდებოდა 2 თვის განმავლობაში - დღეში 5-ჯერ შემოდიოდნენ საკანში და მაწამებდნენ. მატყუებდნენ, თითქოს ოჯახი აღარ მყავდა... სიმართლე სამი თვის შემდეგ შევიტყვე, როცა ჩემთან "წითელი ჯვარი" შემოვიდა. ცხინვალიდან მეძებდა ჩემი ოჯახი. ციხეში გაუსაძლისი მდგომარეობა ქართველმა მეგობრებმა გადამატანინეს. ჩემმა ოჯახმა დღესაც არ იცის, რა გამოვიარე...

- როგორც ვიცი, თავდაპირ­ველად, ჯაშუშობასა და შეიარა­ღებული ფორმირების შექმნაში გედებოდათ ბრალი.

- ცდილობდნენ, მაგრამ მტკიცებულება არ ჰქონდათ. სხვათა შორის, ჩემი საქმე ვახტანგ მაისაიას საქმეს დაუკავშირეს - მას ჯაშუშობას ედავებოდნენ და ცხინვალელები სჭირდებოდათ.

7 წელი დამრჩა მოსახდელი. ახალი ხელისუფლების პირობებში იმედი მოგვეცა, რომ აღარ გაგრძელდება ჩვენი წამება. როცა გამოვალ, ყველა ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობს.

პრეტენზია მაქვს არა ქართველი ხალხის, არამედ პოლიტიკოსების მიმართ. ვგულისხმობ სააკაშვილსა და მერაბიშვილს - ომი მათ დაიწყეს, სწორედ მათ კისერზეა ეს დიდი პასუხისმგებლობა. პატიმარი კაცი ვარ და გარეთ რომ ვიყო, უფრო ბევრი რამის დამტკიცებასა და ფაქტების მოყვანას შევძლებდი. უშუალოდ მქონდა შეხება ასეთ ამბებთან, კულუარული საუბრების მომსწრეც გახლდით, შენახული მაქვს მტკ­იცებულებები... იქიდან გამომდინარე არ ვლაპარაკობ, რომ ოსი ვარ და ჩემი ინტერესები მაქვს. ეს ომი ამ ორი ადამიანის უტვინო პოლიტიკის შედეგია...

ნახევარი სანათესაო ქართველები მყავს, ნათელმირონობა მაკავშირებს მათთან, ბოლოს და ბოლოს, შვილი ნახევრად ქართველი მყავს. ასეც რომ არა, ქრისტიანი და ღვთის მოშიში კაცი ვარ. ვიღაცების უაზრო პოლიტიკის გამო, ქართველებსა და ოსებს შორის ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. 5 წელი სრულდება, ქართულ ციხეში ვზივარ და ქართველებისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს.

- ახლახან პატრიარქმა თქვენი თანა­მემამულე მარეკ დუდაევი მონათლა. თუ გაქვთ მასთან კონტაქტი და რა იცით, კვლავ ფიქრობს ანგარიშსწორებაზე?

- მარეკს ახლოს ვიცნობ და ვიცი, დღესდღეობით, ღვთის წყალობით, მოქცეულია და ლოცულობს. ჩვენ ღმერთმა და ლოცვამ გადაგვარჩინა. ყველამ იცის, რა გადაიტანა მარეკ დუდაევმა. დარწმუნებული ვარ, ის დიდ წვლილს შეიტანს ქართველი და ოსი ხალხების შერიგებასა და ძველი ურთიერთობების აღდგენაში, მეც მის გვერდით დავდგები. ორივე მხარეს ბევრი ცუდი აქვს ერთმანეთისთვის გაკეთებული და ყველაფერი დავიწყებას უნდა მიეცეს, ჩვენ შორის შუღლი აღარ უნდა არსებობდეს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ