საზოგადოებისთვის შემგუებლობა არა გადარჩენას, არამედ გადაჯიშებას, გადაშენებას ნიშნავს. ჩვენს საზოგადოებას კი საუბედუროდ, უკვე ბევრჯერ დაუდგა ეს საფრთხე, - ჩვენი დუმილი, ჩვენივე ირგვლივ მომხდარ ამაზრზენ მოვლენებთან დაკავშირებით სწორედ ესაა და სხვა არაფერი.
ზუსტად ასეთი დუმილი მეფობს, ზუგდიდის რაიონის სოფლ ნარაზენის საჯარო სკოლაში უფროსკლასელ ვაჟთა შორის სექსუალურ ძალადობის თამაზეც, - რამდენიმე მშრალი ინფორმაციით საზოგადოებამ ეს ამბავიც ისევე უემოციოდ მიიღო, როგორიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი იგივე შემთხვევა. არადა, ეს ის იმას მოწმობს, რომ "ზვავი დაძრულია."
ზვავში მხოლოდ მოზარდობიდანვე გაუკუღმართებულ სქესობრივი ცხოვრებისაკენ სწრაფვას არ ვგულისხმობ, - როგორც ანონიმურმა წყარომ გვითხრა ნარაზენიდან, - სოფლის მოსახლეობის ნაწილი ამ ინციდენტში მოძალადე მხარის, 15 წლის მოსწავლის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს. "ეგ ნ********ი ადგილზე დასაკლავია, ეს ამბავი რომ გაიგეს, ხალხი წივილ-კივილით გაიქცა მისი სახლისკენ. აფსუს უკვე გაპარულები იყვნენ, - კარი და ფანჯრები რომ შევამტვრიეთ, სახლში აღარავინ დაგვხვდა, თორემ უნდა გამოგვეყვანა და ქვებით იქვე ჩაგვექოლა დედ-მამიანად. ღირსი არ არის? ეგ 15 წლის რომ ამას იზამს, როცა გაიზრდება რას ჩაიდენს ვინ არის პასუხისმგებელი, არ ჯობია ახლავე მოსცილდეს ამ ქვეყანას?!
- ვერ გეტყვით. მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება იმ ბიჭიდან ღირსეული ადამიანიც დადგეს?
- რა ღირსეული, ეგ უკვე გაფუჭებულია. რომ გადარჩა, ღმერთს მადლობა უთხრას, მაგრამ მაგას ჩვენ ვერ ვაცხოვრებთ ჩვენი შვილების გვერდით, გაყიდონ სახლ-კარი და წაეთრიონ ჩვენი სოფლიდან, თორემ მაინც ჩავქოლავთ!"
ასეთია ხალხის "სამართალი", - დანაშაულში ეჭვმიტანილის სახლი გადაწვას იმ დღეებში მხოლოდ პოლიციის ალყამ გადაარჩინა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ეჭვმიტანილის ოჯახი თავის სახლში დაბრუნდება და ცხოვრებას ჩვეულებრივ განაგრძობს. როგორც ნარაზენის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ჩაჩიბაია ამბობს, ამ სახლში ყველაფერი დალეწილია, რისი დალეწვაც შეიძლებოდა.
-თავად თქვენი მოსწავლე სად არის, ქალბატონო ლალი?
- დაზუსტებით ვერ გეტყვით. როგორც მითხრეს, მშობლებმა აღმოსავლეთ საქართველოს რომელიღაც ეკლესიაში წაიყვანეს.
- როგორც იმ დღეებში დაიწერა, აღნიშნული ფაქტი სწორედ თქვენ გამოააშკარავეთ.
- როცა დაფიქსირდა, რომ სამი დღის განმავლობაში ეს ბავშვი და მისი კლასელები გაკვეთილებზე აგვიანებდნენ, სიტუციის გარკვევა დავიწყე, ბავშვები მოვიკითხე და ვნახე რომ ეს მოსწავლე ნაცემი და დალურჯებული იყო. ამის შემდეგ დავუკავშირდი მათ მშობლებს, - შვილებს თავდაპირველად თქვენ დაელაპარაკეთ და გაიგეთ, მათ თავზე რა ხდება-მეთქი. ნაცემი ბავშვის დედაც გავაფრთხილე, - შენს შვილს აუცილებლად ათქმევინე, რა დაემართა-მეთქი. თურმე მშობლებს ეუბნეოდა, - ღობიდან გადავხტი და იმიტომ ვარ დალურჯებულიო. რამდენჯერ უნდა გადამხტარიყო ღობიდან რომ ასეთი დალურჯებული ყოფილიყო! მერე სხვა ბავშვებმაც გაამხილეს, რომ თავიანთ თანაკლასელს ცემით აიძულებდნენ, მეორე თანაკლასელზე სექსუალურ ძალადობას შეშვებოდა.