პირველი შეხვედრა 20-წლიანი პაუზის შემდეგ - "სიყვარულის ნაპერწკალი" არსებობს?

პირველი შეხვედრა 20-წლიანი პაუზის შემდეგ - "სიყვარულის ნაპერწკალი" არსებობს?

"მადლობა უფალს, რომ ამდენი წლის შემდეგ აფხაზებთან პირისპირ საუბრის საშუალება მოგვეცა... კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მთავარია, ორივე მხარე მივხვდით, რომ ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია", - ასე უპასუხა სოჭიდან დაბრუნებულმა მეუფე სერაფიმემ ალექსანდრე ანქვაბის განცხადებას - ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარც აღდგებაო...

ეს სიტყვები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა სოჭში სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს გარდა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი და კიდევ რამდენიმე პირი ესწრებოდა.

90-იანი წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრა იყო, როდესაც აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ქართული ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

შემდგარი შეხვედრის დეტალებზე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე მოგვითხრობს:

- ეს იყო პირველი შეხვედრა, როდესაც მე, როგორც ქართული საპატრიარქოს წარმომადგენელი, აფხაზეთის ხელმძღვანელ პირებს შევხვდი. შეხვედრის ინიციატივა ქართულ მხარეს გვეკუთვნოდა, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა. გვინდოდა, სოხუმში ჩავსულიყავი და იქ გვესაუბრა, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ნეიტრალური ტერიტორია ამჯობინა... ძალიან ვღელავდი, რადგან პირველად მომეცა შესაძლებლობა, ასეთი მაღალი რანგის აფხაზ პოლიტიკოსს შევხვედროდი. ვიცოდი, რომ ძალიან ემოციური საუბარი გვექნებოდა.

- შეხვედრას აფხაზი სასულიერო პირი არ ესწრებოდა?

- არა და ამან ძალზე გამაკვირვა. ალექსანდრე ანქვაბს თან მეცნიერი ნუგზარ დამენია ახლდა, რომელიც აფხაზური სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელია და ასევე - ევრაზიული ინსტიტუტის დირექტორი, უფროსი მეცნიერი ღვინჯილია... ძალიან მომზადებულები იყვნენ, ქართულ კულტურაზე თბილად, მაგრამ მოზომილად საუბრობდნენ.

- როგორ შეგხვდნენ თქვენ, როგორც აფხაზეთის შვილსა და როგორც ქართული საპატრიარქოს წარმომადგენელს?

- როგორც ანქვაბი, ისე - მისი თანმხლები პირები თბილად შემხვდნენ, ოღონდ მუდმივად, ყველა თემაზე საუბრისას ცდილობდნენ, ზღვარი დაეცვათ. უნდოდათ, ჩვენთვის ეჩვენებინათ, რომ ჩვენს გარეშე საზოგადოებრივად და სახელმწიფოებრივად განვითარდნენ. როგორც ერთი მიწის შვილები კი არა, როგორც სრულიად უცხო ადამიანები, ისე გველაპარაკებოდნენ. თითქოს ჩვენ შორის არანაირი სულიერი და ისტორიული კავშირი არასდროს ყოფილა. ამან ძალიან დამთრგუნა... როდესაც ეს შეხვედრა იგეგმებოდა, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა, ქართული მხრიდან მე ვყოფილიყავი, რადგან წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და ჩემი ოჯახის წევრები, დედა და და, ამჟამადაც სოხუმში ცხოვრობენ. დედა მხოლოდ ზოგჯერ, სამკურნალოდ გადმომყავს აქეთ და რამდენიმე დღეში ისევ უკან ბრუნდება. ჩემი და ჯერ კიდევ ომამდე, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა და ახლაც იქაა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არასდროს შეჰქმნიათ რაიმე საფრთხე და პრობლემა...

ალექსანდრე ანქვაბმა მითხრა: - თქვენ კარგად იცნობთ აფხაზი ხალხის ბუნებას და გეცოდინებათ, ჩვენ აგრესიულები არ ვართ, პირიქით, ძალიან მეგობრული, მიმტევებელი და სტუმართმოყვარე ერი ვართ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ 90-იანი წლების ომის შემდგომ, აფხაზებს ქართველები გვეზიზღება, მაგრამ ასე არ არის. მე, როგორც ერთ რიგით აფხაზსა და ქვეყნის პრეზიდენტს, მინდა, საქართველო ძლიერი და მშვიდობიანი ქვეყანა იყოს, მაგრამ აფხაზები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც აღიარება მივიღეთ, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ. ეს ეხება როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ეკლესიურ ცხოვრებასო... მან რუსეთზე საუბრისას სიტყვა "მფარველის" ხსენებას თავი აარიდა და აღნიშნა, - "მეგობარი რუსეთის" დახმარებით სახელმწიფოებრივი აღიარებაც მოვიპოვეთ და ქართულ სივრცეში ვეღარასდროს დავბრუნდებითო. ახლაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, - ვერასდროს წარმოვიდგენ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის სათავეში მე ვიქნები თუ სხვა ლიდერი. ვინც უნდა იყოს და როგორი ავტორიტეტითაც უნდა სარგებლობდეს, აფხაზი ხალხი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილსაც კი არ აპატიებსო...

- მეუფეო, ბოლოს, როდის იყავით აფხაზეთში?

- ჩემს საყვარელ კუთხეში ბოლოს 2009 წელს ვიყავი. ამ დროისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული იყო. სერგეი ბაღაფში სოხუმში იმყოფებოდა და სერგეი შამბა დამხვდა. ძალიან თბილად და გულისხმიერად მომიკითხა. მაშინ სოხუმისა და ბიჭვინთის ტაძრებში ვიყავი, სანთლები დავანთე და ვილოცე, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ერთიანი და ძლიერი ყოფილიყო, ქართველებს, აფხაზებს, ოსებსა და სხვა ერებს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ეცხოვრათ. ეს მათ, ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც ვუთხარი, რაზეც მხოლოდ თავაზიანად გამიღიმეს...

- სოჭის შეხვედრაზე იქ არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებსა და მათ ბედზე ისაუბრეთ?

- არა, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ალექსანდრე ანქვაბის თქმით, აფხაზი სამღვდელოება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაკავშირებით ცდილობს, აფხაზურმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა მოიპოვოს. პოლიტიკოსები მათ საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ მცდელობას მივესალმებით, რადგან საქართველოს ეკლესიის წიაღში დაბრუნება უკვე შეუძლებელიაო. ძნელი იყო ამის მოსმენა ჩემთვის... მათ ის დრო გამახსენეს, როცა მწიფდებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. - იმ წლებში ჩვენ, აფხაზი დეპუტატები, იმას ვეხვეწებოდით საქართველოს ხელმძღვანელობას, რასაც ახლა ისინი გვთავაზობენ, - მითხრა ალექსანდრე ანქვაბმა.

- რას გულისხმობდა?

- კონფედერაციის შექმნას საქართველოს სახელმწიფოში, სადაც აფხაზეთის უფლებები კანონით იქნებოდა განსაზღვრული, - მაგრამ ქართველებმა მაშინ მასხრად აგვიგდეს, თვალსაჩინოებისთვის კი, შეგიძლიათ, 90-იანი წლების ქართულ პრესას გადაავლოთ თვალი, სადაც ამ საკითხზე ბევრი იწერებოდაო...

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზ სამღვდელოებას მოუწოდა, ქართულ ეკლესიასთან კანონის ფარგლებში ემოქმედა. რას ნიშნავს ეს განცხადება?

- რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა შეხვედრაზეც განაცხადა, რომ აფხაზურმა სამღვდელოებამ საქართველოს საპატრიარქოს გვერდის ავლით არ უნდა იმოქმედოს. მსოფლიოში საკმაოდ ბევრი არაკანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიაა. მხოლოდ საბერძნეთში, კანონიერი პატრიარქის გარდა, 3-4 სასულიერო პირი ცდილობს, დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეს, მაგრამ ისინი მსოფლიოს 14 ავტოკეფალიური ეკლესიის სიაში არ შემოდიან. შესაძლოა, რომელიმე მათგანმა მართლა აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთს ან თუნდაც უკრაინას, ამის გაკეთების უფლება არ აქვს. მათ არც ისეთი ავტორიტეტული ეკლესიები აღიარებენ, როგორიც არიან სერბეთისა და რუმინეთის საპატრიარქოები... ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა გააკეთა რუსულმა მხარემ ეს განცხადება. თუ ჩვენ სწორი, მშვიდობიანი გზებით ვიმოქმედებთ, აფხაზების (და არა მხოლოდ აფხაზეთის) დასაბრუნებლად გამოსავალსაც ვიპოვით.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?